ახალი ამბები

FAO მოსახლეობას მოუწოდებს ხორცპროდუქტების შეძენისას მოითხოვონ ეტიკეტი

22 ნოემბერი, 2019 • 3544
FAO მოსახლეობას მოუწოდებს ხორცპროდუქტების შეძენისას მოითხოვონ ეტიკეტი

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ (სეს) ბოლო ორი თვის მანძილზე, სალმონელოზის და ხორცისა და ხორც პროდუქტების შენახვის პირობების დარღვევის რამდენიმე შემთხვევა გამოავლინა. სურსათით გამოწვეული დაავადებების პრევენციისთვის გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) და სეს მოსახლეობას მოუწოდებენ, მოითხოვონ და ყურადღებით გაეცნონ ხორცისა და ხორც პროდუქტების ეტიკეტს, შენახვის პირობებსა და ჰიგიენას.

რატომ არის სურსათის ეტიკეტის განცობა მნიშვნელოვანი და რა ინფორმაციას აწვდის მომხმარებელს?

2017 წლიდან საქართველოში მოქმედებს ტექნიკური რეგლამენტის − საქონლის ხორცისა და საქონლის ხორცის პროდუქტების ეტიკეტირების წესის დამტკიცების შესახებ, რომელიც სარეალიზაციო ობიექტებს/მაღაზიებს ავალდებულებს, ეტიკეტი, რომლის ქონაც აუცილებელია ხორცის და ხორცპროდუქტისთვის, გამოკრული იყოს თვალსაჩინო ადგილზე. ეტიკეტის სასაკლაოზე გაიცემა და მისი მთავრი ფუნქცია მომხმარებლის ინფორმირებაა, ის ადასტურებს, რომ სარეალიზაციოდ გამოტანილი ხორცი, მიღებულია სასაკლაოზე დაკლული ცხოველიდან, რომელსაც გავლილი აქვს დაკვლის წინა და დაკვლის შემდგომი ვეტერინარული შემოწმება, მათ შორის ისეთ დაავადებებზე, როგორიცაა ჯილეხი, ბრუცელოზი, ტრიქინელოზი და სხვა. ეტიკეტირებული ხორცი უსაფრთხოა მოხმარებისთვის.

„მხოლოდ სასაკლაოზე დაკლულ ცხოველის ხორცს აქვს ეტიკეტი. თუ ხედავთ, რომ პროდუქტი არაეტიკეტირებულია, ან მოთხოვნის შემთხვევაში გამყიდველმა ვერ წარმოადგინა ეტიკეტი, ასეთი ხორცის შეძენა შესაძლოა საფრთხის შემცველი იყოს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის.“ – განმარტავს FAO-ს ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის პროგრამის ხელმძღვანელი მიხეილ სოხაძე და მომხმარებელს ურჩევს ხორცის შეძენისას მოითხოვოს ეტიკეტი.

სოხაძის განმარტებითვე, ხშირად, ისეთი დაავადებები, როგორიცაა სალმონელოზი, ტრიქინელოზი ან ჯილეხი, სწორედ ხორციდან გადადის მომხმარებელზე. შესაბამისად მნიშვნელოვანია, მომხმარებლები გაეცნონ ეტიკეტს, რომელზეც მითითებულია ინფორმაცია: პროდუქტის წარმოშობის შესახებ, მაგალითად საქართველო, ასვე, ცხოველის საიდენტიფიკაციო, საყურე ნიშნების 6 ნიშნა კოდი, რომელიც ადასტურებს, რომ ხორცი მიღებული , იდენტიფიცირებული და ვაქცინირებული ცხოველიდან, ასევე სასაკლაო დასახელება (აღიარების ნომერი და მისამართი) ცხოველის დაკვლის თარიღი და შენახვის ვადები და ტემპერატურა.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარიის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე სოსო მენთეშაშვილი აღნიშნავს, რომ ეტიკეტირებული პროდუქტის ყიდვა ბაქტერიებისგან დაცვის საუკეთესო გზაა:

„გექნებათ ინფორმაცია,  რა სტატუსი ჰქონდა, როგორ იკვებებოდა, რა მანიპულაციები იყო ჩატარებული, სად დაიკლა, როგორ მოხდა ტრანსპორტირება და ა.შ. შედეგად, მომხმარებელი დაცულია და მას  და მას აქვს ინფორმაცია თუ რას ყიდულობს, შესაბამისად ისეთი დაავადებების რისკი, როგორიც ჯილეხი და თუნდაც სალმოენელოზია მინიმუმამდე დადის”.

ცხოველური პროდუქტიდან წამოსული საშიში ბაქტერიებისალმონელა და ჯილეხი

სალმონელოზი  საკვებითა და წყლით  გადამდები ბაქტერიაა. დაავადების ძირითად მიზეზს წარმოადგენენ დაბინძურებული პროდუქტები, ფრინველისა და ცხოველის ხორცი, კვერცხი, რძის პროდუქტები და ბოსტენულიც. ადამიანებში დაავადება  პროდუქტის მიღებიდან 8-72 საათის პერიოდში ვლინდება დიარეას, ღებინების, თავის ტკივილისა და სიცხის სახით.

დაავადებული და არაეტიკეტირებული ხორციდან მომხმარებელს შესაძლოა გადაედოს ჯილეხი. ჯილეხი, როლის ნაწლავური ფორმა შესაძლოა ფატალური შედეგით დასრულდეს, ადამიანს დაავადებულ ცხოველთა კონტაქტის გარდა, შესაძლოა გადაედოს საკვებითაც. კერძოდ კი, ინფიცირებული, თერმულად დაუმუშავებელი (უმი, არასრულად შემწვარი ან მოხარშული) ხორცის გამოყენებით ან შეხებით.

როგორ მოვიქცეთ, თუ ამ სტატიის წაკითხვის მომენტში მაცივარში არაეტიკეტირებული ხორცი გვაქვს?

თუკი ასეთი პროდუქტი თქვენს მაცივარში ინახება იგი არ გამოიყენოთ, ასევე შეგიძლიათ მიმართოთ სურსათის ეროვნული სააგენტოს ცხელ ხაზს ნომერზე 15-01.

სალმონელოზისა და ჯილეხის პრევენციისთვის, დამატებით, შეგიძლიათ იხელმძღვანელოთ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მარტივი ინსტრუქციებით:

    • ყოველთვის მიიღეთ თერმულად კარგად დამუშავებული  ხორცი, რძე და კვერცხი.
    • მზა საკვების მიღებისას – კარგად გარეცხეთ ხილი და ბოსტნეული გამდინარე წყლით;
    • უმ ხორცთან შეხების შემდგომ, ინვენტარი რომელიც პროდუქტს ეხებოდა (დანა, ქვაბი, დაფა) კარგად გარეცხეთ. ასევე სადეზინფექციო საშუალებებით (საპონი) დაიბანეთ ხელები.
    • დარწმუნდით წყლის უსაფრთხოებაში, დაიცავით საკვების შენახვის ვადები და პირობები რეჟიმი;
    • დაიბანეთ ხელი ცხოველებთან შეხების შემდეგ.

აღნიშნული დაავადებების პრევენციის მიზნით, FAO კიდევ ერთხელ მოუწოდებს, მოსახლეობას ხორცის და ხორც პროდუქტების შეძენისას მოითხოვოს და ყურადღებით გაეცნოს ეტიკეტს და შეიძინონ პროდუქცია სურსათის ეროვნული სააგენტოს კონტროლირებად ობიექტებში (რეგისტრირებული ბაზრები და მაღაზიები) სადაც სასურსათო პროდუქცია ექვემდებარება რეგულარულ შემოწმებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი