ახალი ამბები

“ძალიან მკაცრები ვიქნებით” – საფრანგეთის შს მინისტრი ქართველ თავშესაფრის მაძიებლებს

22 ნოემბერი, 2019 • 1762
“ძალიან მკაცრები ვიქნებით” – საფრანგეთის შს მინისტრი ქართველ თავშესაფრის მაძიებლებს

საქართველოს და საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრებმა ორ ქვეყანას შორის სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის საკითხები და ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის გამოწვევების საპასუხოდ ერთობლივი ღონისძიებები და სამომავლო გეგმები განიხილეს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, “შეხვედრაზე მინისტრებმა ხაზი გაუსვეს სექტემბერში საფრანგეთში მივლენილი ქართველი ოფიცრების წარმატებულ საქმიანობას, რომლებიც საფრანგეთის ჟანდარმერიის, ეროვნული პოლიციისა და სასაზღვრო პოლიციის დანაყოფებში მუშაობენ. ასევე, პირადად გაესაუბრნენ ქართველ ოფიცრებს და მათ ფრანგ ხელმძღვანელებს.”

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრ კრისტოფ კასტანერის განცხადებით, მიმდინარე წლის დასაწყისში საქართველო პირველ ადგილზეა საფრანგეთში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობით, ბოლო თვეების განმავლობაში კი ამ მაჩვენებელმა დაახლოებით 50%-ით იკლო.

“ეს იყო ანომალია, რადგან საქართველო საფრანგეთის მიერ აღიარებულია უსაფრთხო ქვეყნად და ვიცით, რომ საქართველო არის თანამედროვე და განვითარებადი ქვეყანა, რომელიც თავის მოქალაქეებს ხარისხიან სერვისს სთავაზობს ხელმისაწვდომ ფასად და ხანდახან- უფასოდაც, დაახლოებით იგივე ვალდებულებებით, როგორც ეს საფრანგეთშია. მიმდინარე წლის პირველი თვეების განმავლობაში ძალიან დიდი რაოდენობით დაფიქსირდა ქართველ თავშესაფრის მაძიებელთა განაცხადებები, რომლებიც ვიზალიბერალიზაციის ფარგლებში ჩამოვიდნენ საფრანგეთში, თუმცა 97% შემთხვევებზე თანხმობა არ იქნა გაცემული”, – განაცხადა კრისტოფ კასტანერმა.

მისი თქმით, მხარეებმა განიხილეს კონტროლის ცალკეული მექანიზმების შემოღების საკითხი, მათ შორის- გაფრენის და ჩაფრენის აეროპორტებში, გამოთქვეს ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერების სურვილი.

“ჩვენ მივესალმებით 3 ქართველი სამართალდამცველის ყოფნას პარიზში, რომლებსაც კიდევ დაემატებათ 2 მეკავშირე ოფიცერი, რომლებიც ჩვენს სამსახურებთან ერთად იმუშავებენ. მესმის, მიგრაციასთან დაკავშირებით შესაძლოა არსებობდეს დელიკატური სიტუაციები, მაგრამ მსურს დავაფიქსირო საფრანგეთის პოზიცია, რომ საფრთხის ქვეშ არ დადგება ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებული შეთანხმება უვიზო მიმოსვლის შესახებ. ასევე, უპრეცედენტო რაოდენობით გავზარდეთ საქართველოსთან მიმართებით საკონსულოს მიმართულებით მომუშავე კადრების რაოდენობა. მინდა ვუთხრა ყველა იმ ქართველს, ვინც აპირებს, რომ საფრანგეთში ჩამოვიდეს თავშესაფრის მიღების მიზნით, რომ ჩვენი თანამშრომლობის ფარგლებში ვიქნებით ძალიან მკაცრები და შევთავაზებთ თავშესაფარს მხოლოდ მათ, ვინც ამას ნამდვილად იმსახურებს”, – აღნიშნა საფრანგეთის შს მინისტრმა.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურის თქმით, “ვიზალიბერალიზაცია საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეს არ დავკარგოთ”.

“ჩვენ მზად ვართ საფრანგეთთან თანამშრომლობისთვის და დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალებით მივაღწევთ იმას, რომ ეს ციფრები [თავშესაფრის მაძიებლების], რა თქმა უნდა, დაიკლებს და წამოვა ქვევით”, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი