ბერი ნიკოლოზის მრევლი ჩვენს გადამღებ ჯგუფს ფიზიკურად გაუსწორდა – იმედი

“იმედის” ინფორმაციით, მათ გადამღებ ჯგუფს საპატრიარქოს მიერ მღვდელმსახურებაშეჩერებული ბერი ნიკოლოზის ე.წ მრევლი ფიზიკურად გაუსწორდა.

როგორც არხის ჟურნალისტი ვარლამ წიკლაური ყვება, ის და მისი ოპერატორი იმ დროს სცემეს, როცა “იმედის კვირისთვის” რეპორტაჟს ამზადებდნენ.

“ისინი გვთხოვდნენ წავსულიყავით, ტერიტორია დაგვეტოვებინა. ერთ-ერთი ნასვამ მდგომარეობაში იყო. ამ კაცმა ჯერ ჩემს ოპერატორს ურტყა… შემდეგ მე შემომარტყა და ძირს დავვარდი. თავში საშინელი ტკივილი მაქვს”,-ამბობს ჟურნალისტი. ოპერატორის, კახა როინიშვილის თქმით კი, თავდამსხმელები მას თავში ურტყამდნენ.

“იმედის” ინფორმაციითვე, ჟურნალისტი და ოპერატორი ამ დრომდე საავადმყოფოში რჩებიან. მომხდარზე შსს-მ გამოძიება სსკ-ს 126-ე, 154-ე და 187-ე მუხლებით დაიწყო, რაც ძალადობას, ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას და ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

“შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო ფონიჭალაში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსთან მომხდარ ინციდენტზე, რა დროსაც ტელეკომპანია „იმედის“ თანამშრომლებს  საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიიდან განკვეთილი ე.წ. ბერი ნიკოლოზის მიმდევრები  დაუპირისპირდნენ”,-წერია შსს-ს განცხადებაში.

ბერი ნიკოლოზის სადარბაზო [ფოტო]

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.