ახალი ამბები

ომბუდსმენი: სახელმწიფო პოლიტიკა ტრაგედიების თავიდან აცილებისკენ უნდა იყოს მიმართული

10 მაისი, 2015 • 1040
ომბუდსმენი: სახელმწიფო პოლიტიკა ტრაგედიების თავიდან აცილებისკენ უნდა იყოს მიმართული

ქობულეთში, სასტუმრო “არმაზში” 10 მაისს მომხდარმა ხანძარმა 3 ბავშვი იმსხვერპლა.

 

სახალხო დამცველის განცხადებით, ასეთი ფაქტები კიდევ ერთხელ შეახსენებს ყველას, თუ როგორი მნიშვნელოვანია ქვეყანაში სახანძრო უსაფრთხოების სისტემის სათანადო ფუნქციონირება და ეს ადამიანების სიცოცხლესთან დაკავშირებული საკითხია.

 

“მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ სათანადოდ გაიაზროს პასუხისმგებლობა და მიიღოს მის ხელთ არსებული ყველა ზომა საგანგებო სიტუაციების პრევენციისათვის, მათ შორის სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების შესრულებაზე კონტროლის განხორციელების გზით,”– ნათქვამია განცხადებაში.

 

სახალხო დამცველი ასევე ამბობს, რომ საქმეში შეიძლება იკვეთებოდეს გამოძების სსკ 243–ე მუხლის მე–3 ნაწილით წარმოების საჭიროება, რაც გულისხმობს სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევას იმის მიერ, ვისაც ამ წესის დაცვა ევალებოდა და გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი.

 

ამჟამად გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187–ე მუხლის მე–2 ნაწილით (სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, რამაც გაუფრთხილებლობით გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა) მიმდინარეობს.

 

ხანძარი ქობულეთში მდებარე სასტუმრო “არმაზში” 10 მაისს, დილის 5 საათზე გაჩნდა.  ხანძარმა  სასტუმრო მთლიანად გაანადგურა.  ხანძრის შედეგად სამი ბავშვი დაიღუპა. პოლიციელებმა, მაშველებმა და მეხანძრეებმა 45 ადამიანის გადარჩენა შეძლეს.

 

გარდაცვლილთა ოჯახებს მიუსამძიმრეს სახალხო დამცველმა, პრემიერ–მინისტრმაპარლამენტის თავმჯდომარემ და პრეზიდენტმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი