ახალი ამბები

მაშველი ამბობს, რომ ხანძრის დროს ბავშვების ოთახი ჩაკეტილი არ ყოფილა

10 მაისი, 2015 • 1620
მაშველი ამბობს, რომ ხანძრის დროს ბავშვების ოთახი ჩაკეტილი არ ყოფილა

დღეს სხვადასხვა ტელეკომპანიის ეთერით გავრცელდა სასტუმროს მფლობელის, შერმადინ ართმელიძის განცხადება, სადაც ის აცხადებს, რომ ბავშვები ნომერში ჩაკეტილი ჰყავდათ

 

“ნომერში ჩაკეტილი ყავდათ, მე არ ვიცი ვინ ჩაკეტა”– აცხადებს ართმელიძე ჟურნალისტებთან საუბრისას.

 

“ბათუმელებმა” ეს ინფორმაცია ერთ-ერთი მაშველთან გადაამოწმა, რომელიც ქობულეთში შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა და სასტუმროს შენობიდან ბავშვები გამოიყვანა. კარის ჩაკეტვის შესახებ ინფორმაციას ის არ ადასტურებს.

 

მაშველმა “ბათუმელებთან” საუბრისას განაცხადა, რომ ბავშვები ჯერ კვამლისგან გაიგუდნენ და გვამები შემდეგ დაიწვა:

 

„პოლიციის თანამშრომელმა დაინახა ხანძარი, პატრული მივარდა სახანძროში… მესამე სართულზე ასვლა უკვე იყო შეუძლებელი, რადგან ხის კიბე, რომელიც სასტუმროში იყო, ჩამოვარდა. მასწავლებლებთან ერთად იყვნენ მშობლებიც, ზუსტად არ ვიცი რა მოხდა, მაგრამ ბავშვებთან ერთად იყვნენ როგორც მასწავლებლები, ისე მშობლები. ბავშვები არიან კვამლისგან გაგუდულები. როცა მათ ოთახში შევედით, სამივე ერთად იწვა,”– განაცხადა მან.

დამწვარი სასტუმრო ქობულეთში. ფოტო –
დამწვარი სასტუმრო ქობულეთში. ფოტო – ‘ბათუმელები’

 

სახანძროს პრესსამსახურში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ გამოძიება მიმდინარეობს და კონკრეტულ საკითხებზე ამ ეტაპზე პასუხები არ აქვთ.

 

აჭარის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს [სახანძრო] თანამშრომლებმა, პოლიციელებმა და მაშველებმა ერთობლივად, ცეცხლწაკიდებული შენობიდან 45 ადამიანის გამოყვანა შეძლეს, მათ შორის იყო 31 ბავშვი და სასტუმროში მომუშავე ადამიანები.

 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეოთხე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას ნიშნავს, რამაც გაუფრთხილებლობით ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

მასალების გადაბეჭდვის წესი