ახალი ამბები

გარწმუნებთ, გუნდში რჩებიან ინგლისურისა და სხვა ენების მცოდნეები – იონათამიშვილი

21 ნოემბერი, 2019 • 2683
გარწმუნებთ, გუნდში რჩებიან ინგლისურისა და სხვა ენების მცოდნეები – იონათამიშვილი

“ქართული ოცნების” დეპუტატის თქმით, უმრავლესობაში რჩებიან ადამიანები, რომლებმაც ინგლისური, ფრანგული, გერმანული და სხვა ენები იციან. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბარში თქვა, განცხადების ვიდეოს კი რუსთავი 2 აქვეყნებს.

დეპუტატი ამ ფრაზით გამოეხმაურა პოპულარულ ხუმრობას, რომელიც უმრავლესობიდან თამარ ჩუგოშვილისა და სხვა დეპუტატების წასვლის შემდეგ სოციალურ ქსელში, მათ შორის ,ოპოზიციური პოლიტიკოსების მხრიდან გავრცელდა. ხუმრობის შინაარსი იმაში მდგომარეობს, რომ ჩუგოშვილის, ხულორდავასა და სხვების წასვლის შემდეგ “ოცნებაში” ინგლისურის მცოდნე დეპუტატი არ დარჩა.

“მინდა დაგარწმუნოთ, რომ ჩვენს გუნდში რჩებიან როგორც ინგლისურის, ასევე, ფრანგულის, გერმანულისა და სხვა ევროპული და არაევროპული ენების საკმაოდ კარგი სპეციალისტები, მცოდნეები არიან. ამის პრობლემა საქართველოს პარლამენტში არ არის და არ იქნება”, – ამბობს იონათამიშვილი და ამატებს, რომ გარდა ენებისა, ოცნების” წევრებს პროფესიონალიზმით აირჩევენ.

მისივე თქმით, სხვა დეტალებზე, ასევე, ვიცესპიკერის კანდიდატურაზე საუბარი შესაძლებელი მხოლოდ უმრავლესობის სხდომის შემდეგ იქნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი