ახალი ამბებირეკლამა

ანგარიშსწორება ღიმილით – როგორ იყენებენ ჩინური და უკრაინული კომპანიები სახის ამოცნობის სისტემას 

21 ნოემბერი, 2019 • 1249
ანგარიშსწორება ღიმილით – როგორ იყენებენ ჩინური და უკრაინული კომპანიები სახის ამოცნობის სისტემას 

ჩინეთის ტექნოლოგიური დედაქალაქი შენჯენი ამჯერად უკვე უკონტაქტო გადახდის სისტემის დახვეწას ცდილობს. ქალაქის მაცხოვრებლებს მეტროთი სარგებლობისას სახის ამოცნობის სისტემის მეშვეობით შეუძლიათ გადახდა. სახის სკანირებისა და ვინაობის დადასტურების შემდეგ მგზავრობის საფასური წინასწარ მიბმული საკრედიტო ბარათიდან ავტომატურად მოიჭრება, გზავრს კი მეტროში შესვლის საშუალება უმოკლეს დროში ეძლევა.

ამოცნობის მექანიზმის ასამუშავებლად მათ ერთხელ სჭირდებათ საკუთარი მონაცემების სისტემაში რეგისტრირება. ამ დროისათვის გადახდის სისტემით სარგებლობა მხოლოდ 60 წელზე უფროს პირებს შეუძლიათ და მათთვის მგზავრობა უფასოა

 უკონტაქტო გადახდის ასეთი ფორმა საკმაოდ მოქნილი და უსაფრთხო შეიძლება იყოს. მგზავრებს არ უწევთ იდარდონ სახლში დატოვებულ სამგზავრო ბარათსა თუ პირადობის დამადასტურებელ მოწმობაზე, ანდაც იმაზე, რომ მათ ბარათს სხვა პირი გამოიყენებს. 

სისტემის საცდელი ვერსია თავდაპირველად შენჯენის მეტროს მხოლოდ ერთ სადგურზე მუშაობდა, ამ ეტაპზე კი ჩინეთის კიდევ რამდენიმე ქალაქის მეტროსადგურებშია ხელმისაწვდომი.

ეს უკონტაქტო გადახდის სისტემის გაუმჯობესების პირველი მცდელობა არაა ჩინეთში. მაგალითად, KFC-ის რესტორნების ქსელში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, გადახდა სახის ამოცნობის სისტემის საშუალებით 2017 წლიდანაა შესაძლებელი. „ალიბაბას“ ალიფეის სახის ამოცნობის სისტემა სწრაფად ამოიცნობს მომხმარებლის ღიმილს და გადახდაც შესრულებულია. 

„ვერჯის“ ინფორმაციით, ზოგადი სტატისტიკაც ჩინეთიდან უჩვენებს, რომ მოსახლეობის ნახევარზე მეტი უკონტაქტო გადახდის სხვადასხვა ფორმას არჩევს ნაღდ ანგარიშსწორებას. 

ჩინური კომპანიების მსგავსად გადახდისათვის სახის ამოცნობის სისტემას წარმატებით იყენებს უკრაინული კომპანია „კასტა“. მათ ონლაინ მაღაზიაში შესაძლებელია ამოირჩიოთ და დაჯავშნოთ ნებისმიერი ნივთი. ამისათვის საჭიროა ჯერ შექმნათ მომხმარებლის ანგარიში მათივე აპლიკაციაში სახელად KastaID, შეიყვანოთ თქვენი საბანკო ანგარიშის მონაცემები და გადაიღოთ ფოტო, რომელსაც სისტემა დაიმახსოვრებს. 

შემდეგში, როდესაც „კასტას“ საფოსტო განყოფილებაში თქვენს ნივთს მიაკითხავთ, აღარ დაგჭირდებათ დამატებითი იდენტობის დამადასტურებელი ბარათი. სახის ამოცნობის სისტემა გადასკანერებთ და ჯერ თქვენს გამოწერილ ნივთებს გადმოგცემთ, შემდეგ კი მხოლოდ იმ ნივთებისათვის გადაიხდით, რომლებიც მოგერგოთ ან მოგეწონათ. თანხაც ავტომატურად მხოლოდ მაშინ ჩამოგეჭრებათ დარეგისტრირებული საბანკო ბარათიდან, რაც საბოლოოდ დაადასტურებთ შენაძენს.

სახის ამოცნობის სისტემით ანგარიშსწორების ეს მხოლოდ რამდენიმე მაგალითია, თუმცა ნათელია, რომ ტექნიკურ დახვეწასთან ერთად სისტემის გამოცდისა და გამოყენების სფეროებიც იმატებს.

მთავარი ფოტო: www.securitymagazine.com

მასალების გადაბეჭდვის წესი