ახალი ამბები

ბიზნესის ინტერესების დაცვის ნაცვლად, მთავრობის პოზიციით გამოდიხართ – კობერიძე ბიზნესომბუდსმენს

20 ნოემბერი, 2019 • 1340
ბიზნესის ინტერესების დაცვის ნაცვლად, მთავრობის პოზიციით გამოდიხართ – კობერიძე ბიზნესომბუდსმენს

“დღევანდელმა შეხვედრამ კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ ბიზნესომბუდსმენის საჭიროება არ არსებობს”,-ასე უპასუხა ახლად დანიშნულ ბიზნესომბუდსმენს დეპუტატმა ლევან კობერიძემ კომიტეტის სხდომაზე, სადაც კლინიკებისთვის საყოველთაო ჯანდაცვის სერვისი ტარიფების გათანაბრების საკითხი განიხილებოდა.

მისივე თქმით, დღეს მთავრობა “ხელების გადაგრეხვით” ცდილობს ჯანდაცვის სექტორში ამ ცვლილებების გატანას, ხოლო ბიზნესომბუდსმენი დაუშვილი რეალურად ბიზნესის კი არა, მთავრობის პოზიციას იცავს. ამის საპასუხოდ ბიზნესომბუდსმენმა თქვა, რომ ყოველთვის ბიზნესის მხარესაა, ტარიფების ნაწილზე კი “კომუნიკაცია უნდა გაგრძელდეს.”

ცვლილების ის ნაწილი, რომლითაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში კლინიკები საერთო ტარიფით დაფინანსდებიან, ხვალ, 21 ნოემბერს შედის ძალაში.

“ბიზნესომბუდსმენი ბიზნესის ინტერესებს უნდა იცავდეს და უნდა ამბობდეთ, გადავადება არის თუ არა საჭირო. მართალია, მთავრობა გიხდით ფულს, რაც ცუდია, მაგრამ თქვენ ახლა ბიზნესის მხარეს უნდა იყოთ. თქენ ბიზნესომბუდსმენი ბრძანდებით. აქედან გამომდინარე, თქვენი აზრი მაინტერესებს, უნდა გადავადდეს თუ არა ცვლილება. ზოგადი სიტყვები, რაც მთავრობის ნარატივია და მერე არაფრის კეთება, ეს თქვენც ძალიან ადრე გადმოგდებიათ. მგონი, ჯობია, ბიზნესისკენ გამოიხედოთ, რადგან ბიზნესომბუდსმენი გქვიათ. იმის მაგივრად, რომ ბიზნესის ინტერესებს იცავდეთ, მთავრობის პოზიციით გამოდიხართ”,-განაცხადა კობერიძემ.

სხდომას, ბიზნესომბუდსმენის გარდა, ჯანდაცვის მინისტრისა და ფინანსთა მინისტრის მოადგილეები ესწრებოდნენ. პარლამენტში ასევე იყვნენ იმ კერძო კლინიკის წარმომადგენლები, რომლებიც მთავრობის დადგენილების ამოქმედების გადავადებას მინიმუმ 6 თვითითხოვენ.

“ეს ტარიფები ჩემს დარგში არათუ განვითარეის საშუალებას იძლევა, არამედ საერთოდ კლავს დარგს. გადავდივართ იმაზე, რომ მინიმალური ერთკამერიანი სტიმულატორების დონეზე ვიყოთ. როგორც მახსოვს, სერვისი, რომელიც საქართველოში არ არის, სახელმწიფო ასეთ პაციენტებს მკურნალობას უცხოეთში უფინანსებს. ეს ბევრად უფრო ძვირი ჯდება. საერთოდ გაუგებარია, რა საფუძველი აქვს ამ გადაწყვეტილებას”,-განაცხადა კომიტეტზე “გულის რიტმის” ასოციციის ვიცე-რეზიდენტმა, კახაბერ ეცაბაშვილმა.

კლინიკების ხელმძღვანელთა განცხადებითვე, ტარიფი ხშირ შემთხვევაში მომსახურების თვითღირებულებაზე დაბალია.

“სამედიცინო სახარჯი მასალები, რომლებიც გამოიყენება ისეთი მაღალტექნოლოგიური მომსახურებისათვის, როგორიც არის კარდიოქირურგია, ინტერვენციული კარდიოლოგია და არითმოლოგია, იმპორტირებულია საზღვარგარეთის მწარმოებელი ქვეყნებიდან. შესაბამისად, მათი ფასები მიბმულია უცხოურ ვალუტასთან. ბოლო სამი წლის განმავლობაში ლარის გაუფასურების პირობებში ამ პროდუქციის ღირებულებამ ეროვნულ ვალუტაში კიდევ უფრო მოიმატა. აქედან გამომდინარე ჩვენთვის გაუგებარია, თუ რა გათვლებს ეფუძნება №520 დადგენილებით სამედიცინო მომსახურების ახალი ფასები, გათვლილია თუ არა არაპირდაპირი ხარჯების და ცვეთა-ამორტიზაციის რეალური მაჩვენებლები”,-ნათქვამია წერილში, რომელიც მათ პრემიერს გაუგზავნეს.

მთავრობის 5 ნოემბერის დადგენილება ყველა კლინიკისათვის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში მიწოდებული სერვისების ტარიფების გათანაბრებას ითვალისწინებს. ანუ სამედიცინო დაწესებულებები, რომლებიც ჩართულნი იქნებიან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში, იღებენ ვალდებულებას, ბენეფიციარებს სერვისები მიაწოდონ სახელმწიფოს მიერ დადგენილი ერთიანი ტარიფით.

თავად სამინისტრო აცხადებს, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული კლინიკებისთვის ტარიფის გათანაბრებაზე კვლევა სოციალური მომსახურების სააგენტომ ჩაატარა და ის ეყრდნობოდა ამ სამედიცინო დაწესებულებების ფინანსური დეპარტამენტებიდან მიღებულ ინფორმაციას. კითხვაზე, რატომ არის სექტორი ცვლილებებით უკმაყოფილო, მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია ამბობს, რომ მათ შემოსავლები უმცირდებათ, რომელსაც სტაბილურად წლების განმავლობაში სახელმწიფოსგან იღებდნენ.

“ჩვენ წარმოვადგენთ სახელმწიფოსა და პაციენტის ინტერესებს. რა თქმა უნდა, კლინიკას, საკუთარი ბიზნესინტერესებიდან გამომდინარე, აქვს გარკვეული პრეტენზიები. ისინი ხედავენ იმ შემოსავლების შემცირების რისკს, რომელსაც ეს სექტორი აქამდე უპრობლემოდ იღებდა”, – ამბობს მინისტრის მოადგილე.

მასალების გადაბეჭდვის წესი