ახალი ამბები

ირანში საპროტესტო გამოსვლებისას სავარაუდოდ 100-ზე მეტი ადამიანი მოკლეს – Amnesty

20 ნოემბერი, 2019 • 1141
ირანში საპროტესტო გამოსვლებისას სავარაუდოდ 100-ზე მეტი ადამიანი მოკლეს – Amnesty

Amnesty International-ი სანდო წყაროებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ირანში საპროტესტო გამოსვლებისას, სავარაუდოდ, 100-ზე ადამიანი მოკლეს.

“ვიდეომასალა და ადგილზე უფლებადამცველების მიერ მიღებული ინფორმაცია მიუთითებს, რომ სამართალდამცავებმა ძალას გადაამეტეს და მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ ლეტალური იარაღი გამოიყენეს. ვიდეოში ჩანს, როგორ იყენებენ ისინი ცეცხლსასროლ იარაღსა და ცრემლსადენ გაზს და როგორ ურტყამენ ხელკეტებს აქციის მონაწილეებს”, – წერს Amnesty International.

BBC -ის ინფორმაციით, ათობით ადამიანის შესაძლო სიკვდილზე გაეროს წარმომადგენლებიც საუბრობენ. ამასთან, ორგანიზაცია ირანს მოუწოდებს, არ გამოიყენოს გადამეტებული ძალა და ინტერნეტზე წვდომა დაუშვას. დაახლოებით ათასი დემონსტრანტის დაკავებაზე წერს ადგილობრივი სახელმწიფო მედია. მას შემდეგ, რაც ქვეყანაში გამოსვლები დაიწყო, ირანმა ქვეყნის მასშტაბით ინტერნეტი დაბლოკა. აქედან გამომდინარე, BBC წერს, რომ უცნობია, რა მდგომარეობაა ამჟამად ქვეყანაში.

15 ნოემბერს ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში პროტესტი საწვავზე ფასების უეცარ მატებას მოჰყვა. ხელისუფლების გადაწყვეტილებით, საწვავზე ფასი 50%-ით გაიზარდა. ამასთან, მთავრობამ მძღოლებს მოსთხოვა, თვეში 60 ლიტრ საწვავზე მეტი არ შეეძინათ, რადგან ფასის ზრდა კვლავ იგეგმება.

პრეზიდენტ ჰასან როუჰანის თქმით, ხელისუფლება ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს და ფასის ზრდიდან მიღებული შემოსავალი ისევ მათ საჭიროებებს მოხმარდება. 17 ნოემბერს პრეზიდენტმა საკუთარ დემონსტრანტებს “აჯანყებულები” უწოდა:

“ხალხს პროტესტის უფლება აქვს, თუმცა პროტესტი არეულობისგან განსხვავდება. ჩვენ საზოგადოებაში არეულობას არ დავუშვებთ”.

მთავრობის ამ გადაწყვეტილებას საზოგადოება პროტესტით შეხვდა. სანქციების შედეგად ირანული ნავთობის ექსპორტი კოლაფსს განიცდის, რიალი გაუფასურდა, რამაც სამომხმარებლო საქონელზე ფასები გაზარდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი