ახალი ამბებისამართალი

ბანკი ფსიქიკურად დაავადებულს სახლიდან ასახლებს – როგორ გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება

19 ნოემბერი, 2019 • 8530
ბანკი ფსიქიკურად დაავადებულს სახლიდან ასახლებს – როგორ გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება

„გუშინაც დამირეკეს, სახლის დაცლას მთხოვენ, თუ არადა, იძულებით გამოგასახლებთო, ოფიციალურად წერილები უკვე ჩამბარდა და ბათუმში, ლუკა ასათიანის ქუჩაზე, ერთ-ერთ იტალიურ ეზოში შევყავართ“, – გვიყვება ხათუნა იმერლიშვილი. ამ ოჯახში აღსრულების პოლიციას დღე-დღეზე ელიან.

სადავო სახლის მესაკუთრე 2016 წლიდან „საქართველოს ბანკია“. ეს ქონება ლევან გოგიტიძის იყო, რომელმაც 2007 წელს ბანკში იპოთეკით დატვირთა. ლევან გოგიტიძის ყოფილმა ცოლმა და ახლა უკვე მხარდამჭერმა, ხათუნა იმერლიშვილმა ბათუმის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა – „საქართველოს ბანკსა“ და ლევან გოგიტიძეს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნით.

„ჩემს ყოფილ მეუღლეს, ლევან გოგიტიძეს 1998 წლიდან სამედიცინო დაწესებულების მიერ დადასტურებული ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. ბოლო 21 წელია ლევანი სახელმწიფოსგან პენსიას იღებს, როგორც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი… მე არ ვიცოდი, თუ ბანკში ჩადო ქონება. ჩემს ყოფილ მეუღლეს გარეგნულადაც ეტყობა ეს დაავადება და მიკვირს, ამით რატომ არავინ დაინტერესდა?“ ,– კითხულობს ხათუნა იმერლიშვილი.

სესხის ხელშეკრულება ლევან გოგიტიძეს და „საქართველოს ბანკს“ შორის 2007 წელს გაფორმდა. ხათუნა იმერლიშვილი გვიყვება, რომ სესხი ლევანის ძმამ, ტარიელ გოგიტიძემ აიღო – 150 ათასი აშშ დოლარი- და იპოთეკის სახით ერთ-ერთ ქონებად საკუთარი ძმის, ლევან გოგიტიძის სახლი ჩადო.

„მე ამ ხელშეკრულების შესახებ არაფერი ვიცოდი… გავიგე მაშინ, როცა პრობლემა შეიქმნა და სასამართლოდან წერილი მოგვივიდა. ლევანის ძმა რამდენიმე წელი იხდიდა სესხს, შემდეგ – გაუჭირდა. დღეს მასთან ურთიერთობა აღარ გვაქვს“, – ამბობს ხათუნა იმერლიშვილი.

„სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, ქმედუუნარო პირთან გაფორმებული ხელშეკრულება ბათილია, ისევე, როგორც, მაგალითად, მცირეწლოვანთან“ ,– განმარტავს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი, რომელიც ხათუნა იმერლიშვილს ამჟამად სამართლებრივად ეხმარება.

საიდან უნდა სცოდნოდა ბანკს, რომ ლევან გოგიტიძეს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა? – საია-ს იურისტი, მირზა მამულაძე ამბობს, რომ მისთვის უცნობია, რა რეგულაცია აქვს ბანკს კლიენტის ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობის გადასამოწმებლად, მაგრამ შეკითხვა ბანკის თანამშრომელს უნდა გასჩენოდა, „რადგან გარეგნულად მკვეთრად შესამჩნევი იყო ეს პრობლემა“, – დასძენს მირზა მამულაძე.

ხათუნა იმერლიშვილის თქმით, მას თავდაპირველად ბანკმა „გამოსავალი“ შესთავაზა.

„წლების წინ ბანკის თანამშრომელმა მითხრა, გაყიდეთ მაშინ სახლი, ჩვენი თანხა მოგვეცით – 25 ათასი დოლარი, და თქვენ თქვენი დაიტოვეთო… ჩვენ გვინდოდა, გირაოს თანხა მაინც გამოსულიყო – 10 ათასი დოლარი, მაგრამ 35 ათასად ეს სახლი ვერ გაიყიდა.

მერე ბანკმა გადაიფორმა სახლი და ჩვენ აღმასრულებლისგან მოგვდის წერილი, რომ სახლი უნდა დავცალოთ“, – უთხრა ხათუნა იმერლიშვილმა „ბათუმელებს“.

ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა აქვს ხათუნას და ლევანის შვილსაც. ის 25 წლისაა. მამა-შვილს სახელმწიფო მხოლოდ ყოველთვიური პენსიით – 120 – 120 ლარით ეხმარება.

„სოციალურად დაუცველები ვართ, მაგრამ არავინ გვეხმარება… ჩვენი შემოსავალი ეს პენსიაა და კიდევ ჩემი ხელფასი – 300 ლარი… არ ვიცი, სად უნდა წავიდეთ, თუ გაგვასახლებენ, ვეღარ ვფიქრობ“, – ამბობს ხათუნა იმერლიშვილი.

ხათუნა იმერლიშვილს სარჩელის მომზადებაში საია-ს იურისტი დაეხმარა, ის წარმოებაში მოსამართლე ირმა ტოგონიძემ უკვე მიიღო. დავის განხილვა ჯერ არ დაწყებულა.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ უკვე დააკმაყოფილა ლევან გოგიტიძის ოჯახის გამოსახლების საკითხი იმ სახლიდან, რომელიც უკვე „საქართველოს ბანკს“ ეკუთვნის. სასამართლოს ბანკის მიერ ქმედუუნარო პირთან გაფორმებულ ხელშეკრულებაზე არ უმსჯელია, რადგან დავის საგანი ეს არ ყოფილა და ლევან გოგიტიძე ან მისი მხარდამჭერი არ დასწრებია პროცესს. საია-ს იურისტის, მირზა მამულაძის თქმით, სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება მიიღო.

„სამართლებრივი განხილვის არცერთ ეტაპზე  [მათ შორის არც სასამართლო ეტაპზე] მსგავსი დოკუმენტი წარმოდგენილი არ ყოფილა. სწორედ ამიტომ, თუკი საქმესთან დაკავშირებით გამოვლენილი იქნება ახალი გარემოებები, ბანკი გადაწყვეტილებას მიიღებს  შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლების გათვალისწინებით და  მომხმარებლის ინტერესებიდან გამომდინარე“, – მოგვწერეს „საქართველოს ბანკიდან“.

მასალების გადაბეჭდვის წესი