ახალი ამბები

რა ტიპის დარღვევებით მიმდინარეობს აქტივისტების საქმეების განხილვა – იურისტის განმარტება

19 ნოემბერი, 2019 • 2185
რა ტიპის დარღვევებით მიმდინარეობს აქტივისტების საქმეების განხილვა – იურისტის განმარტება

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) სამართლებრივი დახმარების პროგრამის ხელმძღვანელი ნონა ქურდოვანძე აცხადებს, რომ 18 ნოემბრის აქციის დაშლისას დაკავებულთა საქმეების განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში დარღვევებით მიმდინარეობს.

ნონა ქურდოვანიძე, საიას იურისტი

ნონა ქურდოვანიძე ადმინისტრაციული წესით დაკავებული 37 პირიდან 3-ის ინტერესებს იცავს, თუმცა საიას სხვა იურისტები სასამართლოში კიდევ არაერთი დაკავებულის ინტერესებს წარმოადგენენ.

37-ვე დაკავებულის საქმეები განსახილველად მხოლოდ ერთ მოსამართლეს, ვალერიან ფილიშვილს დაეწერა. როგორც ნონა ქურდოვანიძემ ნეტგაზეთს უთხრა, ეს მოსამართლე დღეს პარალელურად განიხილავდა სხვა პირების საქმეებსაც, რომლებსაც კავშირი არ აქვთ აქციის დაშლისას დაკავებულებთან. შესაბამისად, დაშლისას დაკავებული 37 პირის პროცესი ჭიანურდება.

19 ნოემბრის 22 საათის მონაცემებით, ვალერიან ფილიშვილმა მხოლოდ სამ საქმედ განაწილებული 20 დაკავებულის საქმის განხილვა დაიწყო. დღის განმავლობაში გამართულ სამივე პროცესზე შუამდგომლობების განხილვის შემდეგ შესვენება გამოცხადდა და ჯერ არ დასრულებულა. წინ არის მტკიცებულებების განხილვა და გადაწყვეტილებების გამოცხადება.

როგორც ნონა ქურდოვანიძემ ნეტგაზეთს უთხრა, ამ პერიოდის განმავლობაში სასამართლოს შენობაში, სპეციალურ ოთახში განთავსებულ დაკავებულებს საათების განმავლობაში შეზღუდული ჰქონდათ როგორც კვების, ისე ჰიგიენური მოთხოვნილებების დაკმაყოფილების საშუალება.

ნონა ქურდოვანიძე რამდენიმე საკვანძო საკითხს გამოყოფს, რაც მისი აზრით, არღვევს დაკავებულების უფლებებს.

დაცვის უფლების შეზღუდვა

როგორც საიას იურისტი ამბობს, უშუალოდ სასამართლო პროცესზე მოსამართლე არ აკმაყოფილებს ადვოკატების შუამდგომლობას, რომ მათ მისცეს გონივრული დრო საქმის მასალების გასაცნობად. მისი თქმით, მხოლოდ გაცნობა არ კმარა, რადგან პოლიციას ძალიან მინიმალური მტკიცებულებები აქვს წარმოდგენილი, ეს კი სამართალდარღვევის დასადგენად საკმარისი არ არის. შესაბამისად, ქურდოვანიძის თქმით, მნიშვნელოვანია დაკავებულებსა და მათ ადვოკატებს მიეცეთ გონივრული დრო ახალი მტკიცებულებების მოსაძიებლად.

“ჩვენ გვჭირდება ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფებთან შეხვედრა იმ გარემოებების გასარკვევად, როგორ დააკავეს. ვკითხოთ, ჰყავთ თუ არა მოწმეები, არის თუ არა რამე მტკიცებულებები, რაც სასამართლოს მათ სასარგებლო გადაწყვეტილებას მიაღებინებდა. ფაქტობრივად, ამის შესაძლებლობა არ გვაქვს. სასამართლო საქმეს მხოლოდ 2 საათით გადადებს მაშინ, როცა სამუშაო საათები ამოწურულია.

რაიმე გზა, რომ ჩვენ დამატებითი მტკიცებულებები მოვიპოვოთ, არის უგულვებელყოფილი და, შესაბამისად, დაცვის უფლების განხორციელება ამ საქმეებზე ვერ ხდება. შესაბამისად, გამოდის ისე, რომ ეს ატარებს მხოლოდ ფორმალურ ხასიათს, რაც, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი დარღვევაა იმ პირების უფლებებისა, რომელთა საქმეებიც განიხილება”, – უთხრა ნეტგაზეთს ნონა ქურდოვანიძემ.

“უსაფუძვლო დაკავება”

ნონა ქურდოვანიძის აზრით, სულ მცირე, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ირაკლი ჩიხლაძე და ლევან გორგაძე უსაფუძვლოდ არიან დაკავებულები. ის ასევე იცავს გირჩის ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის ინტერესებსაც, რომელიც 18 ნოემბერს დაკავებიდან მალევე გაათავისუფლეს.

“ირაკლი ჩიხლეძისა და ლევან გორგაძეს დაკავების ოქმებში უწერიათ, რომ მათი დაკავების საფუძველი იყო მხოლოდ ის, რომ ადგილზე სამართალდარღვევის ოქმის შედგენა ვერ ხერხდებოდა. შესაბამისად, როდესაც შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი (ამ ოქმის შედგენა იმითაც დასტურდება, რომ ეს ოქმები სასამართლოშია წარდგენილი), ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დაკავების საფუძველი სამართლებრივად ამოიწურა. მიუხედავად ამისა, მოსამართლე მათ ამ დრომდე არ ათავისუფლებს, რაც დღევანდელი დღის პროცესში კიდევ ერთი დარღვევაა”, – მიიჩნევს ნონა ქურდოვანიძე.

იურისტის განმარტებით, კანონის მიხედვით, ადმინისტრაციული დაკავება შესაძლებელია 12 საათის განმავლობაში, მაგრამ არსებობს გამონაკლისი, როდესაც ვრცელდება 48- საათიანი დაკავების ვადა. ეს ვრცელდება იმ შემთხვევაზე, როდესაც ადმინისტრაციული დაკავების ვადა ემთხვევა არასამუშაო დროს.

“გარდა იმისა, რომ მაქსიმალური ვადებია დადგენილი, საერთოდ, როდესაც პოლიცია დაკავების საფუძვლად უთითებს, რომ ოქმის შედგენის მიზნით აკავებს, პირი უნდა გაათავისუფლონ ამ ოქმის შედგენისთანავე. ოქმის შედგენა პოლციას შეეძლო იმ მომენტში, როდესაც დაკავებულს გადაიყვანდა პოლიციის განყოფილებებში და ეს, შასძლოა, მაქსიმუმ ერთ საათს გაგრძელებულიყო.

შესაბამისად, ამ პირების დაკავება უკანონოა არა იმიტომ, რომ მაქსიმალური ვადა ამოწურულია, არამედ იმიტომ, რომ მაქსიმალურ ვადას საერთოდ არ უნდა დალოდებოდა პოლიცია და უნდა გაეთავისუფლებინა იმ მომენტიდან, რა წამს ამოიწურებოდა დაკავების საფუძველი. ისინი ასე მოიქცნენ ზურაბ ჯაფარიძის შემთხვევაში და, წესით, სხვებთანაც ასე უნდა მოქცეულიყვნენ”, – განმარტავს ქურდოვანძე.

“სისტემური პრობლემა”

ნონა ქურდოვანიძის თქმით, საქმის მასალების განცობის შემდეგ მას გაუმყარდა რწმენა, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი პოლიციური რეჟიმის გასამყარებლად არის გამოყენებული.

“ამ საქმეებში ცალსახად არის გაგრძელება იმ ტრადიციის, რომელიც სხვა არაერთ საქმეზე გვინახავს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებთან დაკავშირებით. ეს ყველაფერი ადასტურებს იმას, რომ პოლიცია და, სამწუხაროდ, სასამართლოც იგივე ტრადიციას გააგრძელებს. ამ ტრადიციის მიხედვით, სამართალდარღვევათა კდოექსი გამოიყენება საპოლიციო რეჟიმის ინსტრუმენტად იმ შემთხვევაში, როდესაც საერთოდ არ დგინდება ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, მაგრამ აქციის მონაწილეებს მაინც უფარდებენ სანქციებს.

ეს კიდევ ერთხელ არის დადასტურება იმისა, რომ საქართველოში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კანონმდებლობა საპოლიციო რეჟიმის ხელში არის ძალიან მნიშვნელოვანი ბერკეტი, რათა შეზღუდოს გამოხატვისა და შეკრების უფლება. ეს ამ საქმეებში ძალიან ნათლად დასტურდება”, – ამბობს ქურდოვანიძე.

იურისტი დასძენს იმასაც, რომ კანონიერია თუ არა ადმინისტრაციული დაკავება, იმისგან განცალკევებით განიხილება, პირმა სამართლადარღვევა ჩაიდინა თუ არა. მისი თქმით, თეორიულად, შეიძლება პირს სამართალდარღვევა ჩადენილი ჰქონდეს, მაგრამ დაკავების საფუძველი არ იყოს საერთოდ.

ქურდოვანიძის განმარტებით, დაკავება და სამართლადარღვევა ერთმანეთთან კავშირში საერთოდ არ არის.

“სამწუხაროდ, ესეც ცუდი პრაქტიკაა, რომ ყველა შემთხვევაში აკავებენ და ბოლომდე, სანამ სასამართლო არ დაასრულებს განხილვას, უზღუდავენ თავისუფლებას”, – ამბობს ქურდოვანიძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი