ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

გამშვები პუნქტის გახსნა, წნელისში ქართული პოსტის გაუქმების სანაცვლოდ – ცხინვალის ულტიმატუმი

19 ნოემბერი, 2019 • 1751
გამშვები პუნქტის გახსნა, წნელისში ქართული პოსტის გაუქმების სანაცვლოდ – ცხინვალის ულტიმატუმი

დღეს, 19 ნოემბერს, ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებთან შეხვედრის დროს ცხინვალში დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა კიდევ ერთხელ წამოაყენა ულტიმატუმი, რომ გამშვები პუნქტი ქართულ მხარესთან, რომელიც თითქმის სამი თვეა ჩაკეტილია და ახალგორში ჰუმანიტარულ კრიზისს ქმნის, მხოლოდ წნელისში ქართული ახალი ბლოკპოსტის გაუქმების შემდეგ შეიძლება გაიხსნას.

“ქართული პოლიციის უკანონო პოსტის საპასუხოდ ჩვენ იძულებული გავხდით, საპასუხო ზომები მიგვეღო. ქართული პოსტი წნელისში ის ხიჭვია, რომელიც სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მთელ სხეულს ტკივილს ანიჭებს. სწორედ თქვენ შეგიძლიათ წნელისში პრობლემის გადაწყვეტა. ეს თქვენს კომპეტენციაშია და, შეიძლება ითქვას, თქვენი პირდაპირი ვალდებულებაცაა – ქართულ მხარეს დაეხმაროთ პრობლემის გადაჭრაში.

ერთ ღამეში შევიდნენ ქართველი ძალოვანები სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე და 903 სიმაღლე დაიკავეს.”ცხელი ხაზის” საშუალებითაც შეგატყობინეთ, ვსაუბრობდით ტექნიკურ შეხვედრებზე, მაგრამ პრობლემა არ არის გადაჭრილი. ჩვენ ის არ შეგვიქმნია და ვერც გადავჭრით. ერთადერთი გზა არის თქვენთვის მომართვა, რათა თქვენ მოახდინოთ ზეგავლენა საქართველოზე, არ განახორციელონ პროვოკაციული მოქმედებები”, – მიმართა ბიბილოვმა ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებს, რომლებიც მოლაპარაკებათა მორიგ რაუნდამდე ჟენევაში იმყოფებოდნენ ცხინვალში, მოსამზადებელ შეხვედრაზე.

სასაზღვრო, ანუ “წნელისის კრისიზი” [სწორედ ასე უწოდებენ მას ცხინვალში] მას შემდეგ დაიწყო, რაც 24 აგვისტოს საქართველოს ხელისუფლებამ პოლიციის პოსტი უშუალოდ სამხრეთოსური დასახლების, წნელისის [უისტა] მახლობლად ჩადგა. წნელისს ცხინვალი საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს. 31 აგვისტოს პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა ულტიმატუმი წამოაყენა: თუ ქართველები არ გააუქმებენ პოსტს, მას ძალისმიერად დაშლიან. ეს ულტიმატუმი არ შესრულდა. ერთი დღის შემდეგ კი პრეზიდენტმა მოულოდნელად განაცხადა, რომ რაიმე სამხედრო დაპირისპირება, რომელსაც საქართველო მოელის, არ იქნება.

3 სექტემბერს დე ფაქტო ხელისუფლებამ განაცხადა, რომ პუნქტს მხოლოდ 4-6 სექტემბერს, სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით დაკეტავდა. მაგრამ 6 სექტემბერსაც არ გაუხსნიათ. 9 სექტემბერს კი  ადგილობრივმა უშიშროების სამსახურმა განაცხადა, რომ “სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად” განუსაზღვრელი ვადით კეტავს “რაზდახანისა” და “სინაგურის” პუნქტებს”.

ახალგორელთა ნელი სიკვდილი ბიბილოვის ავტორიტეტის გადასარჩენად

 

მასალების გადაბეჭდვის წესი