ახალი ამბები

ინსტიტუციების IRI-ის რეიტინგში ეკლესიამ #1 ადგილი დაკარგა

19 ნოემბერი, 2019 • 5159
ინსტიტუციების IRI-ის რეიტინგში ეკლესიამ #1 ადგილი დაკარგა

IRI-ის ახალი კვლევით, რომელიც 18 ნოემბერს გამოქვეყნდა, 4%-ით შემცირებულია ეკლესიის, როგორც ინსტიტუციის რეიტინგი.

წინა კვლევის მიხედვით, რომელიც მიმდინარე წლის 20 მაისი – 11 ივნისის პერიოდში ჩატარდა, ეკლესიის რეიტინგი 89% იყო და ინსტიტუციებს შორის პირველ ადგილს იკავებდა. ახალი კვლევით კი, რომელიც სექტემბერ-ოქტომბერში ჩატარებული (შესაბამისად, კვლევა ჩატარებულია მიტროპოლიტ პეტრეს სინოდიდან გარიცხვამდე და მის განცხადებებამდე ილია მეორის თაობაზე), ეკლესიამ რეიტინგში პირველობა დაკარგა. ამჟამად მისი რეიტინგი 85%-ია და 1 პროცენტით ჩამორჩება პირველადგილოსან ჯარს. არმიის რეიტინგი წინა კვლევით 87% იყო. შესაბამისად, 1%-იანი ვარდნა მანაც განიცადა. 1 პროცენტი ცდომილების ფარგლებშია.

მოგწონთ თუ არა ამ ინსტიტუტის მუშაობა? – ასეა ფორმულირებული კითხვა, რომლითაც აღნიშნული რეიტინგი დგება.

ახალი კვლევით არმიისა და ეკლესიის შემდეგ მესამე ადგილზე ქართული მედიაა, მეოთხეზე- პოლიცია. სასამართლო ბოლოდან მეორე ადგილზეა.

კვლევა 11 სექტემბრიდან 14 ოქტომბრის პერიოდში IRI-ის დაკვეთით და USAID-ის დაფინანსებით ჩაატარა Baltic Surveys/The Gallup Organization-მა. ქვეყნის მასშტაბით გამოიკითხა 1500 ადამიანი. ცდომილების ზღვარი არ აღემატება +/- 2.5 პროცენტს.

მასალების გადაბეჭდვის წესი