ახალი ამბები

აღკვეთონ უკანონო მოქმედებები მაქსიმალური სიფრთხილით – მდინარაძის რეკომენდაცია პოლიციას

18 ნოემბერი, 2019 • 977
აღკვეთონ უკანონო მოქმედებები მაქსიმალური სიფრთხილით – მდინარაძის რეკომენდაცია პოლიციას

“ბიუროს სხდომა აუცილებლად უნდა გაიმართოს და პარლამენტმა იმუშაოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ სახეზე გვაქვს კანონდარღვევა და, ბუნებრივია, რელევანტურია შსს-ს განცხადება“, – განაცხადა ფრაქცია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ.

მდინარაძემ დაიმოწმა აშშ-ისა და ევროკავშირის საელჩოების ერთობლივი განცხადებაც და თქვა, რომ სახელმწიფოს და საერთაშორისო პარტნიორების პოზიცია ერთნაირია.

“შსს ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ადგილი ექნება კანონდარღვევას, იქნება შესაბამისი რეაგირებაც. ეს არ არის მხოლოდ სახელმწიფოს პოზიცია, ეს იყო მათ შორის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატების და ევროკავშირის ერთობლივი განცხადების პათოსიც, სადაც მათ მიუთითეს, რომ პროტესტი უნდა დარჩეს კანონის ფარგლებში. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვაქვს საერთო პოზიცია.  ამას მხარს უჭერს და უმყარებს ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი და ევროკავშირი და აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, პოლიციას აქვს ვალდებულება, იმოქმედოს კანონის შესაბამისად”, – განაცხადა მდინარაძემ.

მან მოუწოდა კოლეგებს, არ მიიღონ მონაწილეობა პარლამენტის ბლოკირებაში, რადგან ამას სახელმწიფოს მხრიდან რეაგირება მოჰყვება.

მამუკა მდინარაძის თქმით, პოლიციამ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს გამოხატვის უფლების დაცვასაც კანონის ფარგლებში.

“მე მათ მოვუწოდებ აღკვეთონ კონკრეტული უკანონო ქმედებები, მაგრამ მაქსიმალური სიფრთხილით მოეკიდონ ყველაფერს, ადამიანის უფლებებს, რომ აქედან დრამატიზების საშუალება არ მიეცეთ. გაუფრთხილდნენ თითოეულ ადამიანს”, – განაცხადა მდინარაძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეებმა დაარღვიეს “შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ” კანონი, რომლის თანახმადაც, აკრძალულია საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელების ბლოკირება და მისი საქმიანობის შეფერხება. შსს პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის ორგანიზატორებსა და აქციის მონაწილეებს მოუწოდებს, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს და აცხადებს, რომ “ადმინისტრაციული ორგანოების შტურმის ან ბლოკირების გაგრძელების მცდელობის შემთხვევაში, პოლიცია კანონით მისთვის მინიჭებული მანდატის ფარგლებში მოახდენს შესაბამის რეაგირებას”

მასალების გადაბეჭდვის წესი