ახალი ამბებირეკლამა

სალმონელა და ჯილეხი – როგორ დავიცვათ თავი საშიში ბაქტერიებისგან

20 ოქტომბერი, 2019 • 4129
სალმონელა და ჯილეხი – როგორ დავიცვათ თავი საშიში ბაქტერიებისგან

ბოლო პერიოდში საქართველოში წარმოებულ და იმპორტირებულ ქათმის ხორცში ბაქტერიები  აღმოაჩინეს. რა დაავადებები შეიძლება გადაგვედოს საკვებიდან და როგორ უნდა დავიცვათ თავი?

საშიში ბაქტერიები – სალმონელა და ჯილეხი

დაბინძურებული საკვებიდან და წყლიდან ადამიანს შეიძლება სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში არაერთი ბაქტერია გადაედოს. ერთ-ერთი ასეთი დაავადება სალმონელოზია. ეს  ინფექციური დაავადებაა, რომელსაც  Salmonella-ს გვარის ბაქტერიები იწვევს. კლინიკური გამოვლინების მიხედვით მისი მრავალი ფორმა შეიძლება შეგვხვდეს – დაწყებული უსიმპტომო მატარებლობიდან, დამთავრებული რთული ფორმით.

სალმონელოზი საკვებითა და წყლით  გადამცემი ბაქტერიაა. დაავადების ძირითად მიზეზს წარმოადგენს დაბინძურებული პროდუქტები, უმეტესად ცხოველური წარმოშობის. სალმონელათი ასევე შეიძლება დაინფიცირდეთ ფრინველის კვერცხის ჭამისას.  უფრო იშვიათია დაბინძურებული წყლით გამოწვეული მოახლეობის მასობრივი ინფიცირება ან ჰიგიენური წესების დარღვევით გამოწვეული შემთხვევები.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებით,  მსოფლიოში ყოველწლიურად  დაავადების 93.8 მილიონი შემთხვევა და 115.000 გარდაცვალება აღირიცხება.

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სტატისტიკის მიხედვით, 2018 წელს საქართველოში სალმონელათი ინფიცირების 302 შემთხვევა დაფიქსირდა.

დაავადებული ცხოველიდან  ადამიანს ასევე შეიძლება  გადაედოს  ჯილეხი.

ცხოველებში ჯილეხით დაავადების  საეჭვო ნიშნებია: მადის დაკარგვა, ქოშინი, წყურვილი, ცხვირიდან, პირიდან და სწორი ნაწლავიდან  სისხლიანი, ქაფისებური გამონადენი, მაღალი ტემპერატურა. დაცემული ცხოველის ლეში გაბერილია, სუსტად არის გამოხატული გაშეშება. ცხოველებში დაავადების ყველა შემთხვევა სრულდება სიკვდილით. გასულ წელს საქართველოში ჯილეხით 25 ადამიანი დაინფიცირდა.

ჯილეხი ადამიანს რამდენიმე გზით შეიძლება გადაედოს:

  • კონტაქტური გზით – ავადმყოფი ცხოველის დაკვლის, ხორცის დამუშავების, მოვლის დროს; დაავადებული პირუტყვის ტყავის, მატყლისა და ძვლის დამუშავებით.
  • მიწის სამუშაოებისას იმ ტერიტორიაზე, სადაც დაავადებული ცხოველი იმყოფებოდა, ცხოველთა სამარხებზე და მათ მიმდებარე ტერიტორიაზე (ვითარდება ჯილეხის კანის ფორმა);
  • საკვებით – ინფიცირებული, თერმულად დაუმუშავებელი (უმი, არასრულად შემწვარი ან მოხარშული) ხორცის გამოყენებით. სპორას ვერ ანადგურებს ხორცის დამარილება, შებოლვა, გამოშრობა ან სხვა მსგავსი ტექნოლოგიები (ვითარდება ჯილეხის ოროფარინგული და გასტრო-ინტესტინური ფორმები);
  • ასპირაციული გზით – ჯილეხის სპორით დაინფიცირებული ტყავის ან ბეწვის მტვრის ნაწილაკების შესუნთქვით, იშვიათად – ნიადაგის დამუშავებისას (ვითარდება ინჰალაციური ფორმა).

ადამიანიდან ადამიანზე ჯილეხი, როგორც წესი, არ გადადის.

როგორ ავირიდოთ თავიდან?

იმისათვის, რომ სალმონელათი არ დაინფიცირდეთ, დაავადებათა კონტროლის ცენტრი რამდენიმე რეკომენდაციას იძლევა:

ყოველთვის მიიღეთ  თერმულად კარგად დამუშავებული  ხორცი, რძე და კვერცხი. მზა საკვების მიღებისას, დარწმუნდით, რომ არ შეიცავს ის ცხოველური წარმოშობის უმ  პროდუტს.

კარგად გარეცხეთ ხილი და ბოსტნეული;

დაიბანეთ ხელი უმ ხორცთან შეხების შემდეგ;

კარგად გარეცხეთ საჭრელი დაფები და სხვა ინვენტარი უმ ხორცთან შეხების შემდეგ;

დარწმუნდით წყლის უსაფრთხოებაში, დაიცავით საკვების შენახვის ტემპერატურული რეჟიმი;

განცალკევებიულად შეინახეთ მზა საკვები და უმი პროდუქტები, დიარეის მქონე პირები მოარიდეთ საკვების მომზადების პროცესს;

დაიბანეთ ხელი ცხოველებთან შეხების შემდეგ.

ჯილეხით  დაავადების კონტროლისთვის აუცილებელია ცხოველების დროული ვაქცინაცია.

დაუშვებელია ჯილეხით  ინფიცირებული  ცხოველის  დაკვლა,  ხორცის  საკვებად გამოყენება და გაყიდვა.

ინფიცირებული ცხოველის განადგურება უნდა მოხდეს სპეციალური წესით, რომელიც უნდა განახორციელოს ვეტერინარულმა სამსახურმა. პირუტყვის ლეშის გადაგდება იწვევს ჯილეხის ახალი კერის წარმოქმნას.

პირადი უსაფრთხოების დასაცავად საჭიროა სპეციალური ტანსაცმლის (რეზინის ხელთათმანი, ხალათი, წინსაფარი, ჩექმები, ნიღაბი) გამოყენება  ცხოველების მოვლის, დაკვლა- დამუშავების, ლეშთან შეხების, სადგომის დასუფთავების, მატყლის დამზადების, ხორცის დამუშავების დროს;

არ უნდა მოხდეს თერმულად დაუმუშავებელი ხორცის საკვებად მიღება.

„საჭიროა პროდუქტის კარგი რეცხვა, დეზინფექცია და თერმულად დამუშავება.  70 გრადუსზე დამუშავებისას სალმონელა საფრთხეს აღარ წარმოადგენს. ამიტომ, როდესაც სახლში ქათამს ვამზადებთ, ჭურჭელი და ზედაპირი, სადაც ხორცი ნედლად დავამუშავეთ, მარილით, სოდით, ძმრით ან სარეცხი საშუალებებით უნდა დავასუფთავოთ,” – ამბობს ეკატერინე ბურკაძე, სურსათის უვნებლობის ექსპერტი.

როგორ გავიგოთ დაავადებულია თუ არა ფრინველი/ცხოველი?

ლაბორატორიული კვლევის გარეშე ამის დადგენა შეუძლებელია. შესაბამისად, მთავარია ხორცპროდუქტები ისეთ დაწესებულებაში შეიძინოთ, რომელსაც სურსათის ეროვნული სააგენტო აკონტროლებს. ასეთ ადგილებში დაცულია როგორც შენახვის, ისე პროდუქტის ეტიკეტირების პირობები:

„დაკვლიდან დახლზე გამოტანამდე ყველა წესი უნდა იყოს დაცული. პირუტყვი უნდა დაიკლას სასაკლაოზე, ხორცის გადატანის დროს უზრუნველყოფილი უნდა იყოს სათანადო პირობები და დახლზე გამოტანისას ის უნდა იყოს ეტიკეტირებული. ეტიკეტზე მითითებულია დაკვლის თარიღი, საყურე ნიშანი და სხვა ინფორმაცია. ეს ხორცი შემდეგ ინახება მაცივარში,” – ამბობს გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის  (FAO) პროექტის მენეჯერი მიხეილ სოხაძე.

მისივე თქმით, ხანდახან ისეც ხდება, რომ ყველა პირობა დაცულია, მაგრამ მაღაზიის არაკეთილსინდისიერი მესაკუთრე გადასახადების დაზოგვის მიზნით ღამით მაცივარს თიშავს:

„ტემპერატურის ცვლილებები ყველაზე ცუდია პროდუქტისთვის. ბოლო მონაცემებით, დაავადებებზე უფრო პრობლემური უკვე მიღებული პროდუქტების შენახვაა“.

მიხეილ სოხაძის თქმით, ხშირად სალმონელა ფრინველის კვერცხიდან გადაედება ადამიანს, ამიტომ ის მოსახლეობას ურჩევს უმი კვერცხის, ან უმი კვერცხისგან დამზადებული საკვების მოხმარებისგან თავი შეიკავონ და კვერცხი კარგად მოხარშონ, რათა ინფიცირების რისკი აღარ არსებობდეს.

სურსათის ეროვნული სააგენტო 2013 წლიდან ატარებს ცხოველების მასიური ვაქცინაციის კამპანიას რისკზონებში. შედეგად, ჯილეხის გამოვლინება  85%-ით არის შემცირებული. გარდა ამისა, სეს-ი რამდენიმე ენაზე ბეჭდავს საინფორმაციო ბუკლეტებს ცხოველებსა და ადამიანებში ჯილეხის თავიდან აცილების შესახებ და მოსახლეობაში ავრცელებს, რაც ადამიანების ინფორმირების დონეს ზრდის:

„მაღალი რისკის ზონებში, სადაც ჯილეხის კერებია, მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონელს, ასევე კენტჩლიქიან ცხოველებს ვცრით. ცხოველები ბალახთან ერთად მიწასაც აყოლებენ, სადაც ჯილეხის სპორებია და ისინი ავადდებიან. ამიტომ, ყოველწლიურად ვატარებთ ვაქცინაციის კამპანიებს და ძალიან კარგი შედეგი გვაქვს,“ – ამბობს სეს-ის ვეტერინარიის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე სოსო მენთეშაშვილი.

სოსო მენთეშაშვილის თქმით, დახლზე გამოტანილ პროდუქტზე დატანილია ეტიკეტი, რომელზეც ასახულია ინფორმაცია თუ რა გზა გაიარა პროდუქტმა ფერმიდან სუფრამდე მიტანისას:

„გექნებათ ინფორმაცია,  რა სტატუსი ჰქონდა, როგორ იკვებებოდა, რა მანიპულაციები იყო ჩატარებული, სად დაიკლა, როგორ მოხდა ტრანსპორტირება და ა.შ. შედეგად, მომხმარებელი დაცულია და მას აქვს ინფორმაცია თუ რას ყიდულობს,“ – აღნიშნავს მენთეშაშვილი.

რაც შეეხება უშუალოდ სურსათის უვნებლობას, ავსტრიისა და შვეიცარიის განვითარების სააგენტოების ფინანსური მხარდაჭერით, 2016 წლიდან  სეს-ი იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის განახლებულ სისტემას ნერგავს FAO-სთან ერთად.

სისტემის მიხედვით,  გრძელდება  მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონლის საყურე ნიშნებით იდენტიფიცირება; გაუმჯობესდება და დაიხვეწება მონაცემთა ელექტრონული ბაზა და მისი  მეშვეობით შესაძლებელი იქნება ცხოველის შესახებ ინფორმაციის მოძიება მაქსიმალურად მოკლე დროში.

მასალების გადაბეჭდვის წესი