ახალი ამბები

პიკეტირებაზე დიდი უკანონობა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე უარის თქმაა- ლომჯარია

18 ნოემბერი, 2019 • 1458
პიკეტირებაზე დიდი უკანონობა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე უარის თქმაა- ლომჯარია

დემონსტრანტების მიერ პარლამენტის შენობის პიკეტირებაზე სახალხო დამცველი აკეთებს კომენტარს და ამბობს, რომ “ამ უკანონობაზე ის დეპუტატები არიან პასუხისმგებელნი, ვინც პროპროციულ სისტემას მხარი არ დაუჭირეს”.  

“მედია მირეკავს და აინტერესებს ჩემი პოზიცია, რამდენად კანონიერია პარლამენტის შენობის პიკეტირება. რა თქმა უნდა, არ არის კანონიერი, კანონის წაკითხვა ყველას შეუძლია და ნახავს, თუმცა ამ უკანონობაზე ის დეპუტატები არიან პასუხისმგებელნი, ვინც პროპროციულ სისტემას მხარი არ დაუჭირეს. 

უფრო დიდი უკანონობა ის მგონია, ხალხს უთხრა, ვისაც მხარს დაუჭერ, იმას პარლამენტში არ შევუშვებო, პარტიებს უთხრა, იმ რაოდენობით არ შეგიშვებ პარლამენტში, რა მხარდაჭერაც გაქვსო და, შესაბამისად, როდესაც ოპოზიციას, ახალ პოლიტიკურ ძალებს არ აძლევ პარლამენტში შესვლის შესაძლებლობას, არც ისინი შეგიშვებენ პარლამენტში. 

პოლიტიკურ კრიზისს სწორედ მაჟორიტარული სისტემა ქმნის და ამის დასტურია დამოუკიდებელი საქართველოს პოლიტიკური ისტორია. მაჟორიტარებს კი თუ თვითმმართველობების პრობლემები აწუხებდათ, დეცენტრალიზაციის რეფორმა უნდა გაეტარებინათ, იმიტომ არიან ისინი პარლამენტში, რომ პოლიტიკური რეფორმები გაატარონ და არა იმიტომ, რომ გზები დააგონ, მილები ჩაყარონ, ან სკოლები არემონტონ”, – აცხადებს ნინო ლომჯარია. 


  • 17 ნოემბერს თბილისში მრავალათასიანი დემონსტრაცია გაიმართა;
  • დემონსტრანტების მთავარი მოთხოვნაა ვადამდელი პროპორციული საპარლამენტო არჩევნები;
  • დემონსტრანტებმა ბოქლომებით ჩაკეტეს პარლამენტის სამივე შესასვლელი, დაალაგეს ტომრები და განათავსეს კარვები, რომლებშიც ღამეს ათენებენ. ისინი აცხადებენ, რომ არ მისცემენ უმრავლესობის დეპუტატებს პარლამენტის შენობაში შესვლის უფლებას;
  • წადი – სკანდირებდნენ დემონსტრანტებს მცირე ხნით გამოყოფილი მოძრაობა “შეცვალეს” წევრები “ქართული ოცნების” ოფისთან.
  • მრავალათასიანი დემონსტრაცია, რომელშიც ყველა ოპოზიციური პარტია მონაწილეობს გარდა პატრიოტთა ალიანსისა, პასუხია იმ საკანონმდებლო ცვლილებების პარლამენტში ჩაგდებაზე, რომელიც ითვალისწინებდა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას.
  • პროპორციულ საარჩევნო სისტემას “ოცნების” მილიარდერი დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი ზაფხულში დაჰპირდა საზოგადოებას ასევე მრავალათასიანი აქციების პასუხად. ეს აქციები მაშინ რუსეთის დუმის დეპუტატის გავრილოვის საქართველოს პარლამენტში გამოსვლას მოჰყვა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი