ბრიტანეთის ელჩი: იმედია, დადასტურდება ცნობები ექიმის მალე გათავისუფლებაზე

დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში ჯასტინ მაკკენზი სმიტი ტვიტერზე ეხმაურება ცხინვალში გატაცებული ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის საქმეს.

“იმედი მაქვს, ექიმ გაფრინდაშვილის მალე განთავისუფლების შესახებ ცნობები დადასტურდება. როდესაც ჯანდაცვასთან და განათლებასთან წვდომა ასეთი კრიტიკულია სამხრეთ ოსეთში, რთული გასაგებია, რა სარგებელს იღებს რუსეთის მიერ მხარდაჭერილი დე ფაქტო ხელისუფლება ექიმების დაკავებით”, –  წერს ელჩი ტვიტერზე.

საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილმა დღეს, 17 ნოემბერს თქვა, რომ მისი ინფორმაციით, ვაჟა გაფრინდაშვილს უახლოეს დღეებში გაათავისუფლებენ.

ცხინვალის დე ფაქტო სასამართლომ 9 ნოემბერს დაკავებულ ქართველ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. სასამართლო 15 ნოემბერს გაიმართა.

“გაფრინდაშვილის მიმართ რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 322-ე მუხლით [საზღვრის უკანონო კვეთა] დაიწყო გამოძიება. დადგენილია, რომ საქართველოს მოქალაქემ განზრახ გადაკვეთა რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვარი”, – ნათქვამია სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის განცხადებაში.

რუსი სამხედროების მიერ 9 ნოემბერს დაკავებული ქართველი ექიმი საქართველოს ორთოპედ-ტრავმატოლოგთა საზოგადოების პრეზიდენტია.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თაზო კუპრეიშვილი არის "ნეტგაზეთის" რედაქტორი 2018 წლის პირველი თებერვლიდან.