ახალი ამბები

პოლიციის წინააღმდეგობის მიუხედავად მომიტინგეებმა პარლამენტთან ქვიშა შეიტანეს

17 ნოემბერი, 2019 • 791
პოლიციის წინააღმდეგობის მიუხედავად მომიტინგეებმა პარლამენტთან ქვიშა შეიტანეს

დაძაბულობაა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც შუადღიდან დემონსტრაცია მიმდინარეობს ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით.

დღის ბოლოს პოლიციამ მომიტინგეებს უფლება არ მისცა, რუსთაველის გამზირზე, იქ, სადაც კარვებია გაშლილი, მანქანით ქვიშა შეეტანათ. მომიტინგეები აცხადებდნენ, რომ ეს ქვიშა სჭირდებოდათ კარვების გასამაგრებლად, თუმცა პოლიციამ მანქანას აქციის მიმდებარე ტერორიაზე შესვლის უფლება არ მისცა. ინციდენტის დროს ადგილზე იმყოფებოდნენ ევროპული საქართველოს ლიდერები, გიგი უგულავა და გიგა ბოკერია, რომლებიც პოლიციას ამ გადაწყვეტილების არგუმენტირებას სთხოვდნენ.

საბოლოოდ, აქციის მონაწილეებმა ქვიშის ტომრები ერთმანეთს გადააწოდეს და ასე მოახერხეს მისი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე შეტანა.

 

პარლამენტთან მრავალათასიანი დემონსტრაცია 15.00 საათზე დაიწყო. მასში მოქალაქეები, ასევე, ყველა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები მონაწილებდნენ პატრიოტთა ალიანსის გარდა. დემონსტრაციის მთავარი მოთხოვნა ვადამდელი პროპორციული არჩევნებია. დემონსტრანტებმა ბოქლომებით ჩაკეტეს პარლამენტის სამივე შესასვლელი და განაცხადეს, რომ დეპუტატებს პარლამენტში შესვლის შესაძლებლობას არ მისცემენ. პარლამენტთან გაშალეს კარვები, სადაც მომიტინგეების ნაწილი ღამეს გაათენებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი