ახალი ამბები

ჩვენ არ ვემხრობით რევოლუციას, ხელისუფლება უნდა შეიცვალოს არჩევნებით – ხაზარაძე

16 ნოემბერი, 2019 • 809
ჩვენ არ ვემხრობით რევოლუციას, ხელისუფლება უნდა შეიცვალოს არჩევნებით – ხაზარაძე

მოძრაობა “ლელოს” დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე მომხრეებს 17 ნოემბერს თბილისში, რუსთაველის გამზირზე, 15 საათზე დაგეგმილ აქციაში მონაწილეობისკენ მოუწოდებს. ის ხაზს უსვამს იმასაც, რომ ის ხელისუფლების მხოლოდ არჩევნების გზით შეცვლის მომხრეა.

“ლელო” უერთდება საერთო სახალხო პროტესტს და მოგიწოდებთ ყველას! შევიკრიბოთ ხვალ, 3 საათზე, ოპერის თეატრთან, რათა ერთად შევუერთდეთ საპროტესტო აქციას რუსთაველის გამზირზე.

ჩვენ არ ვემხრობით ძალადობასა და რევოლუციას, მიგვაჩნია, რომ ხელისუფლების ცვლილება უნდა მოხდეს არჩევნებით. რომელიც უნდა გაიმართოს პროპორციული წესით. ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ კანონის ფარგლებში იმ ადამიანების სახელით, რომელთაც საკუთარი სისხხლით მოიპოვეს 20 ივნისის მთავარი მონაპოვარი – სამართლიანი პროპორციული არჩევნების ჩატარება!” , – წერს მამუკა ხაზარაძე თავის პირად ფეისბუკ გვერდზე.


რა ხდება

საქართველოს პარლამენტმა 14 ნოემბერს ჩააგდო კანონპროექტი 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების შესახებ. ამის შემდეგ პარლამენტთან დაიწყო დემონსტრაციები ხელისუფლების წინააღმდეგ. აქციის მონაწილეები ითხოვენ ვადამდელი არჩევნების ჩატარებას პროპორციული სისტემით, ასევე გარდამავალი მთავრობის დაფუძნებასა და საარჩევნო ადმინისტრაციის შეცვლას.

20-21 ივნისის აქციების შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა და “ქართულმა ოცნებამ” გასცეს დაპირება, რომ პროპორციული სისტემით არჩევნებს, ნაცვლად 2024 წლისა, 2020 წელს ჩატარებდნენ.

თუმცა, პარლამენტში შესაბამისი კანონპროექტის განხილვისას მმართველი გუნდის დეპუტატების ნაწილმა თქვა, რომ მათ დაპირების შესრულება გადაიფიქრეს. ოპოზიცია მიიჩევს, რომ რეალურად, დაპირების შესრულება ბიძინა ივანიშვილმა გადაიფიქრა და ფარსი გაითამაშა.

მასალების გადაბეჭდვის წესი