ახალი ამბები

პუტინის მხარდამჭერი ბაიკერების საპასუხოდ თბილისში მოტოკლუბი მსვლელობას გეგმავს

3 მაისი, 2015 •
პუტინის მხარდამჭერი ბაიკერების საპასუხოდ თბილისში მოტოკლუბი მსვლელობას გეგმავს

გიო ჩხარტიშვილის განცხადებით, მათთვის მიუღებელია, რომ რუსეთიდან საქართველოში შემოსული ბაიკერები შავ–ნარინჯისფერი, ე.წ. გეორგიევსკის ლენტებით დადიან, რაც რუსეთის ოკუპაციასთან ასოცირდება.

 

“ხალხმა უნდა იცოდეს, რომ საქართველოში არსებობს მოტოკლუბი Cross Riders, რომელიც ასეთ ფაქტებს უყურადღებოდ არ დატოვებს. ჩვენ ვაპროტესტებთ ამ უპატივცემულო დამოკიდებულებას ჩვენი ქვეყნის მიმართ,”– განაცხადა მან.

 

გიო ჩხარტიშვილის განმარტებით, მსვლელობაში მონაწილეობას მოტოკლუბის 15–მდე წევრი მიიღებს და მათ თბილისში მცხოვრები სხვა ბაიკერებიც შემოუერთდებიან. მისი თქმით, იგეგმება, რომ რუს ბაიკერებს შეხვდნენ:

 

“იმის თქმას ვაპირებთ, რომ იცოდნენ თავიანთი ადგილი. ჩამოვიდნენ, ვუმასპინძლებთ ჩვეულებრივად, მაგრამ ეს ლენტებით სიარული ცუდია,”– ამბობს გიო ჩხარტიშვილი.

 

ის ამბობს, რომ რუსეთიდან ბაიკერები დაახლოებით 3 დღის წინ შემოვიდნენ და ამ დროის განმავლობაში მათი მოტოციკლებიდან აქაურმა ბაიკერებმა ეს ლენტები რამდენჯერმე ჩამოხსნეს.

 

რუსი ბაიკერების მოტოციკლებიდან ამ ლენტების ჩამოხსნის ამსახველი ვიდეოები გაავრცელა ორგანიზაცია თავისუფალმა ზონამაც.

 

ბაიკერთა ჯგუფი, რომლის სახელია “ღამის მგლები”, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მხარდამჭერები არიან. მათ დააანონსეს, რომ ნაცისტური გერმანიის დამარცხების 70 წლისთავის აღსანიშნავად ბერლინამდე მარშს მოაწყობდნენ, თუმცა, როგორც მოგვიანებით გაირკვა, პოლონეთმა მათ საზღვრის გადაკვეთის უფლება არ მისცა.

მასალების გადაბეჭდვის წესი