ახალი ამბები

სამადაშვილი: პირველი და უმთავრესი მოთხოვნა არის მთავრობის გადადგომა

15 ნოემბერი, 2019 • 3413
სამადაშვილი: პირველი და უმთავრესი მოთხოვნა არის მთავრობის გადადგომა

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, იმისათვის, რომ რიგგარეშე არჩევნები დაინიშნოს, მთავრობა უნდა გადადგეს, შესაბამისად, ენმ-ის დეპუტატი მიიჩნევს, რომ უმთავრესი მოთხოვნა მთავრობის ამ შემადგენლობის გადადგომაა:

“პირველ რიგში, რეალურად რა შემთხვევაში ინიშნება ახალი არჩევნები? ის შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც გადადგება მთავრობა. ამიტომ დღეს პირველი და უმთავრესი მოთხოვნა არის მთავრობის იმ შემადგენლობის გადადგომა, რომელიც დღეს გვყავს. რას ნიშნავს ახალი არჩევნები? აღმასრულებელი ხელისუფლება, რომელიც მართავს ქვეყანას და რომელსაც უნდა ჰქონდეს დემოკრატიული მანდატი პარლამენტისგან, ანუ ხალხის მოერ არჩეული დეპუტატებისგან, რომ დღეს ჩვენ ეს მოცემულობა აღარ გვაქვს.

ეს მთავრობა უნდა გადადგეს და უნდა დაინიშნოს ახალი საპარალემტნო არჩევნები, რომ მოხდეს ახალი ხელისუფლების ფორმირება, რომელიც ასახავს ქართველი ხალხის არჩევანს და მის წარმომადგენლობას. ყველა შემთხვევაში, რაც დღეს საქართველოს სჭირდება, ეს არის სწორედ ხელისუფლების გადადგომა და ახალი არჩევნები. ეს არის უმთავრესი მოთხოვნა. კვირას, როდესაც ვიღაცა ფიქრობს, რატომ უნდა მოვიდეს აქციაზე, ჩემი გზავნილი მარტივია. კვირას უნდა მოხვიდეთ აქციაზე, რომ მოითხოვოთ ივანიშვილის მთავრობის. გადადგომა და, შესაბამისად, ახალი არჩევნების ჩატარება  და იმ მთავრობის არჩევა, რომელიც თქვენ გსურთ”, – ამბობს სამადაშვილი ტელეკომპანია “პირველთან”.

მისი თქმით, ყველა დანარჩენი საკითხი მთავრობის გადადგომის მოთხოვნას მოსდევს. პოლიტიკოსი განმარტავს, რომ ეს არის ის პოზიცია, რომელიც ენმ-ს ოპოზიციის დანარჩენ ლიდერებთან შეხვედრებზე აქვს:

“ეს არის ის შეთანხმება, ჩვენ გვქონდა ენმ-ში შეხვედრა ერთიანი პარტიების შეხვედრამდე და ეს იყო ის პოზიცია, რომელიც წარიგზავნა ამ  მოლაპარაკებების მაგიდაზე. მთავარი. მოთხოვნა არის ბიძინა ივანიშვილის მთავრობის გადადგომა და, შესაბამისად, ახალი არჩევნების გზით ახალი ხელისუფლების ფორმირება. დანარჩენი სხვა საკოთხები არის არანაკლებ მნიშვნელოვანი, თუმცა მოჰყვება ამ მთავარ საკითხს”, – ამბობს სამადაშვილი.

20-21 ივნისის აქციების შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა და “ქართულმა ოცნებამ” გასცეს დაპირება, რომ პროპორციული სისტემით არჩევნებს, ნაცვლად 2024 წლისა, 2020 წელს ჩატარებდნენ.

თუმცა, პარლამენტში შესაბამისი კანონპროექტის განხილვისას მმართველი გუნდის დეპუტატების ნაწილმა თქვა, რომ მათ დაპირების შესრულება გადაიფიქრეს. ოპოზიცია მიიჩევს, რომ რეალურად, დაპირების შესრულება ბიძინა ივანიშვილმა გადაიფიქრა და ფარსი გაითამაშა.

მასალების გადაბეჭდვის წესი