ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ფაშინიანის დავალებით გამოიკვლევენ, სატანურია თუ არა QR კოდი

16 ნოემბერი, 2019 • 1864
ფაშინიანის დავალებით გამოიკვლევენ, სატანურია თუ არა QR კოდი

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ მოსახლეობის შიშების გასაქარწყლებლად ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურს დაავალა, გამოარკვიონ, არის თუ არა დაკავშირებული სატანასთან QR [Quick Response code, სწრაფი გამოხმაურების კოდი] კოდი.

“თქვენ იცინით, თუმცა მე არ ვხუმრობ. თუ ასეთი მოსაზრება რეალურად არსებობს, ეს უნდა გამოიკვლიონ. ეს უსაფრთხოების საკითხიცაა”,- განაცხადა ფაშინიანმა.

როგორც სომხური მედია წერს, ფაშინიანს “სატანა” მაშინ გაახსენდა, როდესაც საუბარი შეეხო ნადირობის ნებართვის ონლაინ მიღებისა და ზოგადად, ელექტრონული მომსახურების საკითხებს. პრემიერის განცხადებით, მოსახლეობის ნაწილი არ იყენებს ელექტრონულ მომსახურებას, ვინაიდან არ არის საკმარისად ინფორმირებული და ახალ ტექნოლოგიებს სიფრთხილით უდგება.

“არადა, დისტანციურად გადახდა, მაგალითად, კომუნალური გადასახადების, ბევრად მოსახერხებელი და სწრაფია, ვიდრე ბანკში წასვლა და ადგილზე გადახდა”.

“მხეცის ნიშანი” და “ანტიქრისტეს ბეჭედი” განხილვის თემაა მორწმუნეთა ნაწილში საქართველოშიც. ეს საკითხი განსაკუთრებით აქტუალური  მაშინ გახდა, როდესაც ქვეყანაში ბიომეტრიული პასპორტების მასობრივად გაცემა დაიწყო.

2013 წელს საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ გაავრცელა ვიდეო, რომელშიც მაყურებელს უხსნიან, რას წარმოადგენს ID ბარათი და რა უპირატესობა აქვს მას.

“ცრუა მოსაზრება იმის შესახებ, რომ აიდი ბარათი ანტიქრისტეს ბეჭედია, ან რომ მასზე არის მხეცის ნიშანი. ეს რომ ასე არაა, ამას წმინდა სინოდის გასული წლის დადგენილებაც ადასტურებს. მართლაც, სამოქალაქო რეესტრმა იკისრა და შეასრულა ვალდებულება, რომ არცერთ გაცემულ აიდი ბარათზე მიწყობილად სამი ექვსიანი არსად ფიგურირებს და არც მომავალში იქნება”,– ნათქვამია ვიდეოში.

ID ბარათების ალტერნატივის მოთხოვნით საქართველოში აქციებიც იმართებოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი