ნინო წილოსანს, რომელიც გურიაში მოსახლეობასთან შეხვედრების გასამართად ჩავიდა, ოპოზიციისა და მოქალაქეების ნაწილი აქციით დახვდა.
წილოსანი ერთ-ერთია იმ მაჟორიტარებს შორის, რომელმაც პროპორცულ არჩევნებზე გადასვლის კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა. ვიდეოში, რომელსაც საკუთარ ფეისბუკ-გვერდზე აქვეყნებს, წილოსანი ამბობს, რომ გურიაში, მის ამომრჩეველთან და მოქალაქეებთან, სწორედ ამ პოზიციის განმარტებისთვის მიდის.
თუმცა წილოსანს გურიაში აქციით დახვდნენ. “შენ მოგვატყუე“ – ასე ერქვა საპროტესტო აქციებს, სადაც მოქალაქეები პროპორციული არჩევნების კანონპროექტის ჩავარდნით უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ და წილოსანს რიტორიკულ კითხვებს უსვამდნენ, მათ შორის:
“თქვენ პარტაქტივი გადააგდეთ?! თქვენ გგონიათ, რომ ნაციონალური მოძრაობა გადააგდეთ?! რა უნდა ველაპარაკო ახლა ამას?!“; “ჩოხატაურლებს რატომ არ ხვდებით?!“; “ჩვენ ბავშვები არ ვართ, გამორიცხულია თქვენ… უკაცრავად, მაგრამ,ეს პიჯაკიც კი ჩაიცვით ივანიშვილის გარეშე… ნუ გვიხსნით , იმიტომ, რომ ჩვენ მაგას არ შევჭამთ!,“
საპროტესტო აქციის ვიდეოს ადგილობრივი მედია “გურია თუდეი“ აქვეყნებს:
გუშინ, 14 ნოემბერს პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი ჩააგდო. ინიციატივას 101-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 3 იყო წინააღმდეგი. აღნიშნული ხმები კანონის მისაღებად საკმარისი არ აღმოჩნდა.
ინიციატივის პირველი მოსმენით მისაღებად 113 ხმა იყო საჭირო. კენჭისყრამდე რეგისტრაცია 141-მა დეპუტატმა გაიარა. ეს იმას ნიშნავს, რომ 37-მა დეპუტატმა კენჭისყრაში მონაწილეოებისაგან თავი შეიკავა.
ამავე თემაზე: