ახალი ამბები

მჯერა, რომ ლელოს გუნდთან ერთად შეგვიძლია შევცვალოთ ეს ქვეყანა – ირაკლი კუპრაძე

15 ნოემბერი, 2019 • 3279
მჯერა, რომ ლელოს გუნდთან ერთად შეგვიძლია შევცვალოთ ეს ქვეყანა – ირაკლი კუპრაძე

სამოქალაქო აქტივისტი ირაკლი კუპრაძე გრიგოლ გეგელიასთან და ჯოზეფ ალექსანდერ სმიტთან ერთად მამუკა ხაზარაძის დაფუძნებულ მოძრაობა “ლელოს” შეუერთდა.

ირაკლი კუპრაძე მამუკა ხაზარაძემ დღეს, 15 ნოემბერს, “ლელოს” სხვა ახალ 11 წევრთან ერთად წარადგინა.

როგორც ირაკლი კუპრაძემ წარდგენისას ისაუბრა, დარწმუნებულია, რომ “ლელოს” გუნდთან ერთად შეძლებენ რეალური ცვლილებების განხორციელებას.

“უკვე 8 წელია, რაც რიგი სტუდენტებისა ჩართული ვართ სამოქალაქო აქტივიზმში და ჩვენ დავინახეთ იმ ჩაგვრის სისტემური ხასიათი, უსამართლობის, კორუფციის, ნეპოტიზმის, რომელიც ყოველ მოქალაქეზე ახდენს უმძიმეს გავლენას, თესავს უიმედობას, იმედგაცრუებას. აქტივისტები რაღაც დროის განმავლობაში ვიქეცით  რიგით მაუწყებლებისა უბედურებისა. უკვე ბრაზი დაგროვილია, უკვე მოსულია დრო ცვლილებების, მოსულია დრო, ჩვენ გავბედოთ და გადავდგათ ნაბიჯი მომავლისკენ. წლების განმავლობაში ის ნაბიჯი, რაც გადაუდგამთ სტუდენტებს, აქტივისტებს შრომის პოლიტიკისთვის, უსაფრთხოებისთვის, ეკოლოგიისთვის მებრძოლ აქტივისტებს, იყო და არის მნიშვნელოვანი”, – თქვა კუპრაძემ.

მისივე განმარტებით, წარდგენისას შემთხვევით არ მისულა ზურგჩანთით:

“მე ამ ჩანთით შემოვიარე საქართველოს თითქმის ყველა რეგიონი. ეს არის განაცხადი იმაზე, რომ ჩვენ შევდივართ ბრძოლაში, შევდივართ მნიშვნელოვან, გადამწყვეტ ომში, სადაც აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ იმისთვის, რომ შევძლოთ არა მხოლოდ სიტყვით, საქმით დავეხმაროთ ჩვენს მოქალაქეებს. მე დარწმუნებული ვარ ამ გამარჯვებაში. დარწმუნებული ვარ და მჯერა, რომ ჩვენ ამ ახალგაზრდებთან და ლელოს გუნდთან ერთად შეგვიძლია შევცვალოთ ეს ქვეყანა და დავიბრუნოთ ღირსება და საქართველო, რომელსაც ყოველდღიურად გვართმევენ”, – ამბობს ირაკლი კუპრაძე.

ხაზარაძის „ლელოს“ გეგელია, კუპრაძე და სმიტი უერთდებიან

მასალების გადაბეჭდვის წესი