ახალი ამბები

ევროკავშირის ელჩი ბიძინა ივანიშვილს “ოცნების” ოფისში ხვდება

15 ნოემბერი, 2019 • 1395
ევროკავშირის ელჩი ბიძინა ივანიშვილს “ოცნების” ოფისში ხვდება

პროპორციული არჩევნების კანონპროექტის ჩავარდნის შემდეგ ბიძინა ივანიშვილი საქართველოში ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელს ხვდება. შეხვედრა ამ წუთებში “ქართული ოცნების” ოფისში იმართება.

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე პარტიის ოფისში მივიდა, თუმცა მას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. მმართველი პარტიის ოფისში უკომენტაროდ შევიდა ელჩი კარლ ჰარცელიც. კონკრეტულად რა თემებზე იქნება საუბარი შეხვედრაზე, ჯერ უცნობია.


14 ნოემბერს საქართველოს პარლამენტმა ჩააგდო კანონპროექტი 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების შესახებ. ამის შემდეგ პარლამენტთან დაიწყო დემონსტრაციები ხელისუფლების წინააღმდეგ. აქციის მონაწილეები ითხოვენ ვადამდელი არჩევნების ჩატარებას პროპორციული სისტემით, ასევე გარდამავალი მთავრობის დაფუძნებასა და საარჩევნო ადმინისტრაციის შეცვლას.

20-21 ივნისის აქციების შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა და “ქართულმა ოცნებამ” გასცეს დაპირება, რომ პროპორციული სისტემით არჩევნებს, ნაცვლად 2024 წლისა, 2020 წელს ჩატარებდნენ.

თუმცა, პარლამენტში შესაბამისი კანონპროექტის განხილვისას მმართველი გუნდის დეპუტატების ნაწილმა თქვა, რომ მათ დაპირების შესრულება გადაიფიქრეს. ოპოზიცია მიიჩევს, რომ რეალურად, დაპირების შესრულება ბიძინა ივანიშვილმა გადაიფიქრა და ფარსი გაითამაშა.

მასალების გადაბეჭდვის წესი