ახალი ამბები

ოპოზიციის ლუსტრაციის ფონზე 60% კი არა, 90% შეიძლება ავიღოთ – კობახიძე

15 ნოემბერი, 2019 •
ოპოზიციის ლუსტრაციის ფონზე 60% კი არა, 90% შეიძლება ავიღოთ – კობახიძე

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ქართული ოცნება „ოპოზიციის ლუსტრაციის“ პირობებში 90%-იან შედეგს აჩვენებს არჩევნებზე.

ტვ პირველის ეთერში მან განაცხადა: „ქუჩაში ერთად ვხედავთ პატრიოტთა ალიანსს, ნინო ბურჯანაძეს, ნაციონალურ მოძრაობას… ეს არის ორი ძალა: ნაცმოძრაობა თავისი განშტოებებით და პრორუსული ძალები. და მადლობა მათ იმისთვის, რომ ერთად დადგნენ. ანუ საკუთარი სახე გამოაჩინეს. ეს არის მათი ლუსტრაცია“.

კობახიძემ ასევე განაცხადა: „ნაცმოძრაობა არის პოლიტიკური ძალა თავისი პოლიტიკური განშტოებებით, იქნება ევრონაცები, გირჩი, ლეიბორისტები თუ ა.შ, რომლებიც ინაშვილსა და ბურჯანაძეს უწოდებს რუსეთის აგენტებს. აქეთ ესენი არიან, პოლიტიკური ძალები, რომლებიც ნაციონალებს უწოდებენ დანაშაულებრივ ძალას და მათ აკრძალვას ითხოვენ და ისინი ახლა ერთად დასხდნენ მაგიდის გარშემო. საზოგადოება მათ ამის შემდეგ როგორ უნდა ენდოს. მადლობა პატრიოტთა ალიანსს, მადლობა ნაციონალურ მოძრაობას, მადლობა ბურჯანაძეს, რომლებმაც თავი აჩვენეს. მადლობა მათ ლუსტრაციისთვის. 60%-ზე რომ ვლაპარაკობდით, ამ ლუსტრაციის პირობებში, 60 კი არა, შეიძლება, 90% ავიღოთ“, — განაცხადა კობახიძემ.

პასუხად მისმა ყოფილმა თანაგუნდელმა, პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა განაცხადა: „მიკვირს, რომ ასეთი მოკრძალებულია ირაკლი კობახიძე. მე მგონი, თუ ასე გააგრძელებენ, 120%-ს აიღებენ… არ ვიცი, ახლა ირაკლი მეუბნება, რომ მე, „ნაციონალური მოძრაობა“ ვდგავარ აქ და თვალებში მიყურებს, ამას რომ მეუბნება?”

მასალების გადაბეჭდვის წესი