ახალი ამბები

დატოვებენ თუ არა “კონსერვატორები” უმრავლესობას, ხვალ გახდება ცნობილი

14 ნოემბერი, 2019 • 1107
დატოვებენ თუ არა “კონსერვატორები” უმრავლესობას, ხვალ გახდება ცნობილი

საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი ფრაქცია “ქართული ოცნება-კონსერვატორების” წევრი ნინო გოგუაძე აცხადებს, რომ ეს ფრაქცია არ ეთანხმება პარლამენტის მიერ დღეს პროპორციული არჩევნების პროექტის ჩაგდებას.

“გადაწყვეტილება, რომელიც დღეს მიიღო პარლამენტმა, იყო მოულოდნელი. ეს არ იყო გადაწყვეტილება, რომელზეც შევთანხმდით. ამიტომ, რა გადაწყვეტილებზე შევთანხმდით კონსერვატორები, ამაზე ხვალ ვისაუბრებთ”, – უთხრა ნინო გოგუაძემ ჟურნალისტებს.

ფრაქცია “ქართული ოცნება-კონსერვატორების” წევრები არიან შემდეგი დეპუტატები:

  • გიგია ბუკია;
  • მუხრან ვახტანგაძე;
  • ნინო გოგუაძე;
  • რუსლან გაჯიევი;
  • პაატა კვიჟინაძე;
  • ზვიად ძიძიგური.

პარლამენტის დღევანდელი გადაწყვეტილების შემდეგ უმრავლესობა პროტესტის ნიშნად დატოვა 8 დეპუტატმა, მათ შორის, ვიცესპიკერმა თამარ ჩუგოიშვილმა.

“კონსერვატორების” ლიდერი ზვიად ძიძიგური ჯერ კიდევ  სექტემბერში ამბობდა, რომ 2020 წლის არჩევნებში “კონსერვატორები” დამოუკიდებლად აპირებდნენ მონაწილეობას. როცა ძიძიგურმა ეს თქვა, ჯერ კიდევ ძალაში იყო “ქართული ოცნების” დაპირება 2020-ის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების შესახებ.


დღეს, 14 ნოემბერს, საქართველოს პარლამენტმა ჩააგდო კანონპროექტი 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების შესახებ. ინიციატივას 101-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 3 კი წინააღმდეგი იყო.

ინიციატივის პირველი მოსმენით მისაღებად 113 ხმა იყო საჭირო. კენჭისყრამდე რეგისტრაცია 141-მა დეპუტატმა გაიარა. ეს იმას ნიშნავს, რომ 37-მა დეპუტატმა კენჭისყრაში მონაწილეობისაგან თავი შეიკავა.

20-21 ივნისის აქციების შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა და “ქართულმა ოცნებამ” გასცეს დაპირება, რომ პროპორციული სისტემით არჩევნებს, ნაცვლად 2024 წლისა, 2020 წელს ჩატარებდნენ. თუმცა, პარლამენტში შესაბამისი კანონპროექტის განხილვისას მმართველი გუნდის დეპუტატების ნაწილმა თქვა, რომ მათ დაპირების შესრულება გადაიფიქრეს. ოპოზიცია მიიჩევს, რომ რეალურად, დაპირების შესრულება ბიძინა ივანიშვილმა გადაიფიქრა და გაითამაშა ფარსი.

მასალების გადაბეჭდვის წესი