ახალი ამბები

დავა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის გარშემო

30 აპრილი, 2015 • • 2751
დავა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის გარშემო

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ტექსტოლოგიისა და კოდიკოლოგიის განყოფილების წამყვანი სპეციალიტი მაია რაფავა ამბობს, რომ ცენტრის შენობაში არის სივიწროვე, არ არის გათბობა ზამთარში, ხოლო დანადგარები არის მოძველებული ან საერთოდ არ არის.

 

მაია რაფავას თქმით, იგი ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დაარსებიდან 56 წელია, რაც ცენტრში მუშაობს. მას ახლა 300 ლარი აქვს ხელფასი, თუმცა ამბობს, რომ ხელფასის მომატებაზე მეტად ხელნაწერთა ბედი აღელვებს.

 

“მწირზე-მწირი ხელფასი, 300 ლარი მაქვს, მაგრამ არაფრად მოსატანია იმასთან შედარებით, რასაც განვიცდით ამ ხელნაწერების დღევანდელი ყოფის გამო. ეს შენობა თავის დროზე ამართლებდა თავის მიზანს. მხოლოდ ეს შენობა იდგა და ერთადერთი იყო. ახლა ცათამბჯენები გადმოჰყურებენ და ჩავარდინილია. აქ ვერ მოხვალ, ადამიანი წესიერად ვერ მოაგნებს”, – ამბობს მაია რაფავა.

მაია რაფავა წუხს იმაზე, რომ შენობაში გათბობა არაა (გამონაკლისია მხოლოდ ხელნაწერების საცავი) და თანამშრომლები პალტოებსა და ქუდებში გამოწყობილი მუშაობენ.

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი

 

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის რესტავრატორი ლელა გოცირიძე ამბობს, რომ თანამშრომლების ანაზღაურება 140 ლარიდან 280 ლარამდე მერყეობს. ამის გარდა, მისი თქმით, ძალიან მძიმე პირობებია იმ ფონზე, როდესაც საქმეს, რომელსაც ისინი აკეთებენ, ძალიან მნიშვნელოვანია.

 

“არ არის შესაბამისი ინფრასტრუქტურა, ვმუშაობთ წინა თაობის დატოვებული ტექნიკითა და ხელსაწყოებით”, – ამბობს ლელა გოცირიძე.

 

ლელა გოცირიძეს არ მოსწონს ის, რომ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორის კანდიდატურა განათლების სამინისტრომ უნდა შეარჩიოს მათგან დამოუკიდებლად.

 

“ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორის ვაკანსია არ უნდა იყოს რომელიმე სამინისტროს განხილვის თემა. აქ არის სამეცნიერო საბჭო, რომელსაც სრული პრეროგატივა აქვს, მან აირჩიოს და გადაწყვიტოს, ვინ იქნება დირექტორი”, – ამბობს ლელა გოცირიძე.

 

სამუშაო პირობების გარდა, ცენტრის თანამშრომლები აპროტესტებენ იმას, რომ შესაძლოა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრიდან გაიტანონდ ლაილაშის ბიბლიის უძველესი ხელნაწერი, რომელის გადაცემასაც დ. ბააზოვის სახელობის საქართველოს ებრაელთა ისტორიის მუზეუმი ითხოვს.

 

მუზეუმის თანამშრომლები ამბობენ, რომ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის იდეა ისაა, რომ იგი აერთიანებს სახელმწიფო თუ კერძო კოლექციებში – არსებული ხელნაწერი მემკვიდრეობის ერთ სიძველეთსაცავში თავმოყრა, შესაბამისი დაცვის პირობების შექმნა და მათი სამეცნიერო კვლევა.

 

ხელნაწერთა ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის, შალვა გლოველის თქმით, მთავრობას არ აქვს ნება, რომ მოაგვაროს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის პრობლემები.

 

მისი თქმით, საჭიროა ახალი შენობა, რათა ცენტრის პირობები გაუმჯობესდეს. მისი თქმით, სამინისტროს სურს, რომ ახალი შენობა ავლაბარში აშენდეს, რაც ცენტრს არ მოსწონს და ეს სამინისტროსა და ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს შორის დაძაბულობის მიზეზი გახდა.

 

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ბუბა კუდავა ამბობს, რომ ამ დაძაბული ურთიერთობის გამო გამოაცხადა სამინისტრომ ცენტრის დირექტორის თანამდებობაზე ვაკანსია.

 

კუდავას თქმით, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საბიუჯეტო დაფინანსება ძალიან დაბალია, თანხის 80% დაბალ ხელფასებში იხარჯება, ხოლო ეს ბიუჯეტი არც ერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელბისთვის არაა საკმარისი.

 

“ხელნაწერი კოლექციის შენახვა, დაცვა, უდიდესი პასუხიმგებლობაა, კვლევა, პოპულარიზება, რესტავრაცია, მომსახურება მეცნიერთა და სხვა მოქალაქეებისთვის. ამ ამოცანების შესრულება შესაძლებელია 875 ათას ლარად წელიწადში?” – ამბობს კუდავა.

 

განათლებისა და მენციერების მინისტრი თამარ სანიკიძე კი ამბობს, რომ 2014 წელს ცენტრს ბიუჯეტი გაორმაგდა, თუმცა ეს არ ასახულა იმ თანამშრომლების ხელფასზე, ვისზეც “დგას” ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი.  

 

“ის დისკრიმიანციული მიმდგომა, რომელსაც ის ახორციელებდა თანამშრომლების მიმართ და ის ანაწილებდა და უნიშნავდა ადამიანებს ყოველთვიურ ანაზღაურებას, ეს არ არის ნორმალური. ჩვენ ამაზე მას ვუთხარით უარი”, – ამბობს სანიკიძე.

 

მინისტრი ამბობს, რომ კუდავას დაევალა, ხელფასები გაეზარდა, თუმცა მან შერჩევით, მასთან დაახლოებულ პირებს მისცა დანამატები, ხოლო თავად კუდავას ხელფასი საშუალოდ თვეში 3500 ლარია.

 

სანიკიძე ამბობს, რომ 2015 წლის 16 თებერვალს კონკურსი გამოაცხადა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორის პოზიციაზე და ახლა ბუბა კუდავა დირექტორის მოვალეობის შემსრულებელია, ხოლო სამინისტროს აუდიტი ცენტრის საქმიანობას სწავლობს.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ახალი შენობა, სავარაუდოდ, ავლაბარში, სამების ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდება და ახალი შენობის ფასადზე მუშაობა ახლა მიმდინარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი