ახალი ამბები

გული გვწყდება – აშშ პროპორციული სისტემის ჩაგდებაზე

14 ნოემბერი, 2019 • 1259
გული გვწყდება – აშშ პროპორციული სისტემის ჩაგდებაზე

საკონსტიტუციო კანონპროექტთან დაკავშირებით აშშ-ის საელჩო განცხადებას ავრცელებს. გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ აშშ მხარს უჭერდა 2020 წლის არჩევნების სრულად პროპორციული სისტემით ჩატარებას და სამწუხაროა, რომ “ქართული ოცნების” დეპუტატებმა ცვლილებებს მხარი არ დაუჭირეს.

“როგორც უკვე აღვნიშნეთ, ამერიკის საელჩომ დადებითად შეაფასა პარტია „ქართული ოცნების“ მიერ განცხადებული განზრახვა 2020 წელს სრულ პროპორციულ საპარლამენტო საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, როგორც მნიშვნელოვანი ნაბიჯი საქართველოს დემოკრატიული წინსვლისა და პოლიტიკურ პარტიებს შორის ნდობის გაძლიერებისთვის. ჩვენ გული გვწყდება, რომ მიუხედავად ოპოზიციური პარტიების მხარდაჭერისა, დღევანდელ კენჭისყრაზე საკონსტიტუციო ცვლილებებს ქართული ოცნების დეპუტატების არასაკმარისმა რაოდენობამ დაუჭირა მხარი. მოვუწოდებთ ყველა მხარეს, მათ შორის მთავრობას, ოპოზიციურ პარტიებსა და სამოქალაქო საზოგადოებას მშვიდი და ღირსეული თანამშრომლობისკენ, რათა ჩვენს საერთო ვალდებულებებთან თანხვედრაში გაგრძელდეს წინსვლა საქართველოს დემოკრატიული განვითარების განსამტკიცებლად.

კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის მიღების მნიშვნელობას, რაც ითვალისწინებს საერთაშორისო და ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების რეკომენდაციებს 2017-18 წლების არჩევნებში გამოვლენილი ხარვეზების აღმოსაფხვრელად, იმისთვის, რომ მომდევნო საპარლამენტო არჩევნებზე შეიქმნას უფრო თანაბარი გარემო საქართველოში პოლიტიკური პლურალიზმის ხელშესაწყობად”,-წერია განცხადებაში.

დღეს, 14 ნოემბერს, საქართველოს პარლამენტმა ჩააგდო კანონპროექტი 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების შესახებ. ინიციატივას 101-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 3 კი წინააღმდეგი იყო.

ინიციატივის პირველი მოსმენით მისაღებად 113 ხმა იყო საჭირო. კენჭისყრამდე რეგისტრაცია 141-მა დეპუტატმა გაიარა. ეს იმას ნიშნავს, რომ 37-მა დეპუტატმა კენჭისყრაში მონაწილეობისაგან თავი შეიკავა.

მასალების გადაბეჭდვის წესი