ახალი ამბები

“ლელო” რუსთაველზე ანტისამთავრობო აქციას უერთდება

14 ნოემბერი, 2019 • 625
“ლელო” რუსთაველზე ანტისამთავრობო აქციას უერთდება

საზოგადოებრივი მოძრაობა “ლელოს” დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე მხარდამჭერებს მოუწოდებს, რუსთაველის გამზირზე დაგეგმილ აქციაზე მივიდნენ. ხაზარაძის თქმით, საზოგადოებამ პროპორციული წესით არჩევნების ჩატარებისთვის უნდა იბრძოლოს.

“მეგობრებო! დღეს საქართველოს მართველმა პოლიტიკურმა ძალამ, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მან არად ჩააგდო საქართველოს მოსახლეობა, დაარღვია მათ წინაშე დადებულ პირობა და უარი თქვა პროპორციული საარჩევნო სისტემის დანერგვაზე.

დღეს სწორედ რუსთველზე გადის ჩვენი თავისუფლების დაცვის და ქვეყნის მომავლის გადარჩენის ხაზი, სწორედ აქ უნდა ვაჩვენოთ ხელისუფლებას, რომ ჩვენი სიტყვა და საქმე ერთია და ჩვენ ბოლომდე დავიცავთ ჩვენი საზოგადოების ბრძოლით და სისხლით მოპოვებულ გამარჯვებას!

მოგიწოდებთ ყველას, დავდგეთ ერთად! დავდგეთ იმ ღირებულებების დასაცავად, რომელიც ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გარანტიაა.

ლელო დგას ხალხთან ერთად!”-წერს ხაზარაძე.

ამ დროისთვის [16:08] პარლამენტის წინ მიმდინარეობს საპროტესტო აქცია, გადაკეტილია რუსთაველიც. დღეს, 14 ნოემბერს, საქართველოს პარლამენტმა ჩააგდო კანონპროექტი 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების შესახებ. ინიციატივას 101-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 3 კი წინააღმდეგი იყო. სწორედ ამის გასაპროტესტებლად გამოვიდნენ დღეს მოქალაქეები.

მასალების გადაბეჭდვის წესი