ახალი ამბები

“მივმართავთ ივანიშვილს, აღარ გადააგდოს ხალხი” – აქცია “ოცნების” ოფისთან

14 ნოემბერი, 2019 • 1018
“მივმართავთ ივანიშვილს, აღარ გადააგდოს ხალხი” – აქცია “ოცნების” ოფისთან

ქართული ოცნების ოფისთან, სადაც საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს, დემონსტრანტები მივიდნენ.

ისინი ითხოვენ, მმართველმა პარტიამ შეასრულოს დაპირება და მხარი დაუჭიროს საკუთარ ინიციატივას, რათა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდეს.

აქციაზე ასევე იმყოფებიან მოძრაობის “ქვეყნის სამსახურში“ ლიდერები, მათ შორის, გიგა მაქარაშვილი. მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი არ მიიღებს ცვლილებებს, ისინი არ მისცემენ პარლამენტარებს იქიდან გამოსვლის საშუალებას, ხოლო თუკი პოლიციამ ისინი მაინც გააპარა, უკან ვეღარ დაბრუნდებიან.

“ეს არის “ოცნების” ბოლო შანსი, “ – აბობს მაქარაშვილი და ამატებს, რომ აქციის მხარდამჭერები რეგიონებიდანაც ჩამოდიან.

გიგა მაქარაშვილი “ქართული ოცნების“ ოფისთან. ფოტო: ლუკა პერტაია/ნეტგაზეთი

მმართველი პარტიის ოფისში დღეს, 14 ნოემბერს, 13 ნოემბრის შემდეგ უკვე მეორედ იმართება უმრავლესობის სხდომა. დეპუტატებმა პარტიის ლიდერთან, ბიძინა ივანიშვილთან ერთად უნდა განიხილონ, დაუჭერენ თუ არა მხარს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას.

20-21 ივნისის აქციების შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა და “ქართულმა ოცნებამ” გასცეს დაპირება, რომ პროპორციული სისტემით არჩევნებს, ნაცვლად 2024 წლისა, 2020 წელს ჩატარებდნენ. თუმცა, პარლამენტში შესაბამისი კანონპროექტის განხილვისას მმართველი გუნდის დეპუტატების ნაწილმა თქვა, რომ მათ დაპირების შესრულება გადაიფიქრეს. შესაბამისად, კანონპროექტის კენჭისყრა უკვე ორჯერ გადაიდო. შემდეგი კენჭისყრა სწორედ 14 ნოემბერს არის დაგეგმილი

მასალების გადაბეჭდვის წესი