ახალი ამბები

დავუპირისპირდები სისტემას, სადაც ენმ-ს ახლანდელზე მეტის შანსი ექნება – ყაველაშვილი პროპორციულზე

14 ნოემბერი, 2019 • 2252
დავუპირისპირდები სისტემას, სადაც ენმ-ს ახლანდელზე მეტის შანსი ექნება – ყაველაშვილი პროპორციულზე

პარლამენტარი მიხეილ ყაველაშვილი აცხადებს, რომ ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი, დაუჭერს თუ არა მხარს პროპორციულზე გადასვლას და დამოკიდებულია შემდეგ გარემოებაზე:

“მე დავუპირისპირდები ისეთ სისტემას, სადაც ნებისმიერი სახით ნაციონალურ მოძრაობას ექნება მინიმუმ იმაზე მეტის შანსი, რაც დღეს აქვს. თუ დავრწმუნდები, რომ ეს არ მოხდება და [პროპორციულით] შემცირდება მათი რაოდენობა, მე მხარს დავუჭერ” .

მიხეილ ყაველაშვილმა ამის შესახებ ჟურნალისტებს დღეს, 14 ნოემბერს, “ქართული ოცნების” ოფისში შესვლამდე განუცხადა.

დღეს მმართველი პარტიის ოფისში 13 ნოემბრის შემდეგ უკვე მეორედ იმართება უმრავლესობის სხდომა. დეპუტატებმა პარტიის ლიდერთან, ბიძინა ივანიშვილთან ერთად უნდა განიხილონ, დაუჭერენ თუ არა მხარს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას.

20-21 ივნისის აქციების შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა და “ქართულმა ოცნებამ” გასცეს დაპირება, რომ პროპორციული სისტემით არჩევნებს, ნაცვლად 2024 წლისა, 2020 წელს ჩატარებდნენ. თუმცა, პარლამენტში შესაბამისი კანონპროექტის განხილვისას მმართველი გუნდის დეპუტატების ნაწილმა თქვა, რომ მათ დაპირების შესრულება გადაიფიქრეს. შესაბამისად, კანონპროექტის კენჭისყრა უკვე ორჯერ გადაიდო. შემდეგი კენჭისყრა სწორედ 14 ნოემბერს არის დაგეგმილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი