ახალი ამბები

მკვლელობის ბრალდებით ემზარ კვიციანის ძმისშვილი დააკავეს

14 ნოემბერი, 2019 • 1405
მკვლელობის ბრალდებით ემზარ კვიციანის ძმისშვილი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე
მომხდარი მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია ერთი პირი.

სამართალდამცველებმა განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით თბილისში დააკავეს 1984 წელს
დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ბექა კვიციანი.

დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შსს-ს ინფორმაციით, ბექა კვიციანმა თბილისის ზღვის შემოვლითი გზის მიმდებარე ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა 1983 წელს დაბადებულ ნ. ც-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული ჭრილობების შედეგად ნ. ც. ადგილზე გარდაიცვალა.

განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით, ასევე, 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.

მოკლული კაცი სამართალდამცავებმა თბილისის ზღვის მიმდებარედ რამდენიმე დღის წინ აღმოაჩინეს. როგორც პარლამენტარი ემზარ კვიციანი 12 ნოემბერს აცხადებდა, ბექა კვიციანი მოკლულთან მეგობრობდა, თუმცა იმ დროისათვის მისი ადგილსამყოფელი ცნობილი არ იყო და მას პოლიციასთან ერთად ოჯახიც ეძებდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი