ახალი ამბები

“დავინახეთ რისკი” – კობახიძე პროპორციული სისტემის კენჭისყრის გადადებაზე

13 ნოემბერი, 2019 • 999
“დავინახეთ რისკი” – კობახიძე პროპორციული სისტემის კენჭისყრის გადადებაზე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გასასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის კენჭისყრის გადადებასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ მმართველმა პარტიამ კანონპროექტის ჩავარდნის რისკი დაინახა:

“დღეს დავინახეთ რისკი და მიზეზი ეს იყო. რა თქმა უნდა, რისკის ქვეშ დაყენება ამ გადაწყვეტილების არ იქნებოდა სწორი და აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილება მიიღო უმრავლესობის ლიდერმა.

ჩვენ გვექნება საშუალება შეკრების და განხილვის. 10- ზე შევიკრიბეთ და 11-მდე უნდა დაგვესრულებინა გასაგები მიზეზის გამო. იმედი გვაქვს, დღეს საღამოს ან ხვალ დილით უფრო ადრე შევიკრიბებით და მეტი დრო გვექნება იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში, დავარწმუნოთ ჩვენი კოლეგები ამ გადაწყვეტილების სისწორეში. დაახლოებით 30-მა დეპუტატმა რომ არ დაუჭიროს მხარი, დიდია იმის ალბათობა, რომ ჩავარდეს საკითხი”, – ამბობს კობახიძე.

ხელისუფლებამ 20-21 ივნისის აქციების შემდეგ გასცა დაპირება, რომ საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით, ნაცვლად 2024-სა, ჩატარდება 2020 წელს, თუმცა 12 ნოემბრის საპარლამენტო განხილვისას “ოცნების” დეპუტატების ნაწილმა საკითხის მხარდაჭერა გადაიფიქრა.

კენჭისყრა თავდაპირველად 13 ნოემბრისთვის გადაიდო, თუმცა მანამდე “ქართული ოცნების” ოფისში უმრავლესობის სხდომა გაიმართა, რომელსაც ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა. სხდომის დასრულების შემდეგ დეპუტატებმა თქვეს, რომ ბიძინა ივანიშვილი და უმრავლესობის უმრავლესობა მხარს უჭერენ ცვლილებებს, თუმცა ამის წინააღმდეგ ძირითადად არიან მაჟორიტარი დეპუტატები. მათი ნაწილი აცხადებს, რომ თუ პარლამენტი ამ ცვლილებებს მხარს დაუჭერს, ისინი დეპუტატის მანდატს დატოვებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი