ახალი ამბები

ენმ-ის პროვოკაციული გამოსვლების ფონზე პროპორციული სისტემის მოწინააღმდეგეების რიცხვი გაიზარდა – მდინარაძე

13 ნოემბერი, 2019 • 941
ენმ-ის პროვოკაციული გამოსვლების ფონზე პროპორციული სისტემის მოწინააღმდეგეების რიცხვი გაიზარდა – მდინარაძე

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის მტკიცებით, “ნაციონალური მოძრაობის” “პროვოკაციული განცხადებების გამო” გაიზარდა დეპუტატების რაოდენობა, რომლებიც პროპორციულ საარჩევნო სისტემას ეწინააღმდეგებიან:

“გუშინდელი პროვოკაციული გამოსვლების ფონზე [ნაციონალური მოძრაობის], დეპუტატების რაოდენობა [პროპორციული სისტემის მოწინააღმდეგეები] გაზარდა. ეს ფაქტია და ეს არის რეალობა, რაც უმრავლესობაში ხდება. როცა ვთხოვ ტრიბუნიდან და ჩვენი პარტიის სხვა წარმომადგენლებიც სთხოვენ, რომ დავანებოთ ამ რიტორიკასა და დემაგოგიას თავი… ეს დეპუტატები არც პარტიის, არც გუნდისა და არც მისი თავმჯდომარის წინააღმდეგ არ მიდიან. სწორედ ამიტომ ითხოვდნენ ისინი კენჭისყრის გადადებას, რათა პოზიციები შეჯერებულიყო. ისინი ჩვენს დარწმუნებას ცდილობენ, თუმცა რეალურად ისინი უნდა დარწმუნდნენ, რომ პროპორციული სისტემა უალტერნატივოა”, – განაცხადა მდინარაძემ.

დღეს, 13 ნოემბერს, პარლამენტს  კენჭი უნდა ეყარა კანონპროექტისთვის, რომლის მიხედვითაც 2020 წელს არჩევნები პროპორციული სისტემით უნდა ჩატარდეს, თუმცა კენჭისყრა კიდევ ერთხელ გადაიდო – ხვალ, 12 საათამდე. მანამდე კი უმრავლესობა “ოცნების” ოფიში სხდომას გამართავს.

ხელისუფლებამ 20-21 ივნისის აქციების შემდეგ გასცა დაპირება, რომ საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით, ნაცვლად 2024-სა, ჩატარდება 2020 წელს, თუმცა 12 ნოემბრის საპარლამენტო განხილვისას “ოცნების” დეპუტატების ნაწილმა საკითხის მხარდაჭერა გადაიფიქრა.

კენჭისყრა თავდაპირველად 13 ნოემბრისთვის გადაიდო, თუმცა მანამდე “ქართული ოცნების” ოფისში უმრავლესობის სხდომა გაიმართა, რომელსაც ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა. სხდომის დასრულების შემდეგ დეპუტატებმა თქვეს, რომ ბიძინა ივანიშვილი და უმრავლესობის უმრავლესობა მხარს უჭერენ ცვლილებებს, თუმცა ამის წინააღმდეგ ძირითადად არიან მაჟორიტარი დეპუტატები. მათი ნაწილი აცხადებს, რომ თუ პარლამენტი ამ ცვლილებებს მხარს დაუჭერს, ისინი დეპუტატის მანდატს დატოვებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი