ახალი ამბები

პროპორციული არჩევნებისთვის კენჭისყრის გადადების გამო პარლამენტთან აქცია დაანონსდა

13 ნოემბერი, 2019 • 861
პროპორციული არჩევნებისთვის კენჭისყრის გადადების გამო პარლამენტთან აქცია დაანონსდა

სამოქალაქო მოძრაობა “ქვეყნის სამსახურში” ამბობს, რომ დღეიდან პერმანენტულ აქციებს იწყებს, რომლის მთავარი მოთხოვნა პროპორციული არჩევნების დანიშნვაა.

მოძრაობის ლიდერები ამბობენ, რომ “ოცნების” მიერ პროპორციული არჩევნების კანონპროექტის განხილვის კიდევ ერთხელ გადადება მათთვის მიუღებელია. შესაბამისად, მოუწოდებენ მხარდამჭერებს, პარლამენტთან გამოვიდნენ.

აქცია დღეს, 19 საათზე დაიწყება, თუმცა მოძრაობის “ქვეყნის სამსახურში” ლიდერები ამბობენ, რომ პარლამენტთან რჩებიან.

დღეს, 13 ნოემბერს, პარლამენტს  კენჭი უნდა ეყარა კანონპროექტისთვის, რომლის მიხედვითაც 2020 წელს არჩევნები პროპორციული სისტემით უნდა ჩატარდეს, თუმცა კენჭისყრა კიდევ ერთხელ გადაიდო  ხვალ, 12 საათამდე. მანამდე კი უმრავლესობა “ოცნების” ოფიში სხდომას გამართავს.

ხელისუფლებამ 20-21 ივნისის აქციების შემდეგ გასცა დაპირება, რომ საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით, ნაცვლად 2024-სა, ჩატარდება 2020 წელს, თუმცა 12 ნოემბრის საპარლამენტო განხილვისას “ოცნების” დეპუტატების ნაწილმა საკითხის მხარდაჭერა გადაიფიქრა.

კენჭისყრა თავდაპირველად 13 ნოემბრისთვის გადაიდო, თუმცა მანამდე “ქართული ოცნების” ოფისში უმრავლესობის სხდომა გაიმართა, რომელსაც ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა. სხდომის დასრულების შემდეგ დეპუტატებმა თქვეს, რომ ბიძინა ივანიშვილი და უმრავლესობის უმრავლესობა მხარს უჭერენ ცვლილებებს, თუმცა ამის წინააღმდეგ ძირითადად არიან მაჟორიტარი დეპუტატები. მათი ნაწილი აცხადებს, რომ თუ პარლამენტი ამ ცვლილებებს მხარს დაუჭერს, ისინი დეპუტატის მანდატს დატოვებენ.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი