ნეტგაზეთი | მეტი რა უნდა გაგიკეთოს ივანიშვილმა, რომ მიხვდე, ქუჩაში გასვლა ცოდვა არ არის – მელია მეტი რა უნდა გაგიკეთოს ივანიშვილმა, რომ მიხვდე, ქუჩაში გასვლა ცოდვა არ არის – მელია – Netgazeti

მეტი რა უნდა გაგიკეთოს ივანიშვილმა, რომ მიხვდე, ქუჩაში გასვლა ცოდვა არ არის – მელია

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტარი ნიკა მელია აცხადებს, რომ ყველაფერს გააკეთებს, რათა ინიციატივა არ ჩავარდეს და პარლამენტმა მხარი დაუჭიროს 2020 წლის არჩევნების მხოლოდ პროპორციული სისტემით ჩატარებას.

„ჩვენ გვაინტერესებს შემდეგი: შესრულდეს ის დანაპირები, რომლებიც ხორცშესხმული უნდა ყოფილიყო ჯერ კიდევ გუშინ. არ შესრულდება? უკვე დასაკარგი და უკან დასახევი არავის არ გვექნება“, — განუცხადა ნიკა მელიამ ჟურნალისტებს მას შემდეგ, რაც კენჭისყრა უმრავლესობის თხოვნით გადაიდო.

„პირადად მე — პოლიტიკოსი, პარლამენტის დეპუტატი — ვიქნები კატეგორიული წინააღმდეგი მხოლოდ საუბრისა. ხალხს, აბსოლუტურ უმრავლესობას, ყელში ამოუვიდა პოლიტიკოსების გაუთავებელი საუბარი, რომელიც შედეგზე ორიენტირებული არ არის. ამაზე მეტი რა უნდა გაგიკეთოს ბიძინა ივანიშვილმა, რომ მიხვდე, რომ ქუჩაში გასვლა და იქიდან ძალის დანახება ბიძინა ივანიშვილისთვის არ არის მკრეხელობა და არ არის ცოდვა და არ არის დანაშაული, მათ შორის- პოლიტიკური. ცოტა უფრო მობილიზებულები და ერთსულოვნები რომ ვყოფილიყავით, ამასაც ვერ გაბედავდა“, — განუცხადა მან ჟურნალისტებს.

საპარლამენტო უმრავლესობამ პროპორციული არჩევნებისთვის კენჭისყრა ხვალამდე გადადო. კენჭისყრა ხვალ, 14 ნოემბერს გაიმართება. პლენარული სხდომია 12 საათზეა ჩანიშნული. მანამდე უმრავლესობის სხდომა ჩატარდება.

ხელისუფლებამ 20-21 ივნისის აქციების შემდეგ გასცა დაპირება, რომ საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით, ნაცვლად 2024-სა, ჩატარდება 2020 წელს, თუმცა 12 ნოემბრის საპარლამენტო განხილვისას „ოცნების“ დეპუტატების ნაწილმა თქვა, რომ საკითხის მხარდაჭერა გადაიფიქრა.

13 ნოემბერს საპარლამენტო განხილვის დაწყებამდე გაიმართა საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა, რომლის დასრულების შემდეგაც უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ გუნდის უმრავლესობა მხარს უჭერს 2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას.

მდინარაძემ თქვა, რომ „ქართულ ოცნებაში“ არ არის იმდენი მოწინააღმდეგე, რომ დაპირება ვერ შესრულდეს, თუმცა, მისი თქმით, „ამისთვის მხოლოდ „ქართული ოცნების“ ხმები არ იქნება საკმარისი და ამას ოპოზიციის ხმებიც უნდა დაემატოს“.

თუმცა განხილვის შემდეგ, კენჭისყრის დაწყებამდე, შესვენების შემდეგ, უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ პარლამენტს მიმართა თხოვნით, რომ ხვალამდე გადაედოთ კენჭისყრა, რათა კიდევ ერთხელ შეჯერებულიყო პოზიციები უმრავლესობაში.

ამის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ საპარლამენტო ფრაქციების ლიდერებთან ითათბირა, რის შემდეგაც გადაწყდა, რომ პარლამენტი ამ საკითხს 14 ნოემბერს უყრის კენჭს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლუკა პერტაია - „ნეტგაზეთის“ რეპორტიორი 2018 წლის სექტემბრიდან. მობ.: 995 555 223 568; ელ-ფოსტა: lukapertaia@gmail.com