ახალი ამბები

ვენეცია დაიტბორა – ზოგ ქუჩაზე წყლის დონემ 1.87 მეტრს მიაღწია

13 ნოემბერი, 2019 • 2952
ვენეცია დაიტბორა – ზოგ ქუჩაზე წყლის დონემ 1.87 მეტრს მიაღწია

13 ნოემბრის ღამეს ძლიერი წვიმის გამო ვენეციაში წყლის დონემ ბოლო 50 წლის მონაცემებით რეკორდულ სიმაღლეს მიაღწია. დატბორილია სან-მარკოს მოედანი, რომელიც ქალაქის ქვედა ნაწილში მდებარეობს.

ვენეციის არხების მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, საგანგაშო სირენა მთელი ქალაქის მასშტაბით გაისმა, წყლის მაქსიმალურმა სიმაღლემ კი 1.87 მეტრს მიაღწია.

წყალმა წმინდა მარკოზის ბაზილიკაშიც შეაღწია. ბოლო 1200 წლის განმავლობაში სალოცავი 6-ჯერ დაიტბორა. ბაზილიკის საბჭოს წევრის, პიერპაოლო კამპოსტრინის თქმით, 4 შემთხვევა ბოლო 20 წელიწადში მოხდა.

დატბორილი სან-მარკოს მოედანი. ფოტო: ვენეციის მერის, ლუიჯი ბრუგრანოს ტვიტერიდან

ორი ადამიანი დაიღუპა კუნძულ პელესტრინაზე, რომელიც ხმელეთის თხელი ზოლია ადრიატიკის ზღვასა და ვენეციის ლაგუნას შორის. დაღუპულთაგან ერთ-ერთი დენის დარტყმით გარდაიცვალა, როცა წყლის ამოტუმბვას ცდილობდა სახლიდან, მეორე კი გარდაცვლილი იპოვეს.

ვენეციის მერმა, ლუიჯი ბრუგრანომ განაცხადა, რომ დაითვლიან წყალდიდობისგან მოყენებულ ზარალს, ეს მოვლენა კი დატოვებს „სამუდამო დამღას“ ვენეციაზე.

„სიტუაცია დრამატულია, ჩვენ ვთხოვთ ცენტრალურ მთავრობას დახმარებას. ზარალი საკმაოდ დიდია. ეს არის კლიმატის ცვლილებების შედეგი“, – დაწერა ვენეციის მერმა ტვიტერზე.

მონგრეული ჯებირები ვენეციაში. ფოტო: ვენეციის მერის ლუიჯი ბრუგრანოს ტვიტერიდან

არაერთი ბიზნესი დააზარალა წყალდიდობამ, მათ შორის- ღია კაფეები და რესტორნები, რომელთა ინვენტარიც წყალში ტივტივებს. ხალხი საკუთარი ძალებით ცდილობს წყლის ამოტუმბვას მაღაზიებიდან და სახლებიდან. 

ოთხშაბათს, 13 ნოემბრის დილას, ასევე აღმოაჩინეს, რომ ნავების უმეტესობაც შეეწირა წყალდიდობას.

BBC-ის ცნობით ქალაქში წყალდიდობისგან დასაცავი ღონისძიებები 2003 წლიდან დაიწყო, რაც სკანდალების, გაბერილი დანახარჯისა და ნელა შესრულებული სამუშაოების ფონზე მიმდინარეობდა. გეგმის მიზანია, აიგოს მცურავი კარიბჭეები, რომელიც დაიცავს ვენეციას წყალდიდობებისგან.

ვენეციაში მომდევნო დღეებში კვლავ ელოდებიან ამინდის გაუარესებას.

____________

წყარო: BBC 

თარგმანი: მარიამ მუთიძე

მასალების გადაბეჭდვის წესი