ახალი ამბები

მოლდოვაში მაია სანდუს კოალიციურ მთავრობას პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა

12 ნოემბერი, 2019 • 1596
მოლდოვაში მაია სანდუს კოალიციურ მთავრობას პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა

მოლდოვაში პრემიერ-მინისტრ მაია სანდუს კოალიციურ მთავრობას ქვეყნის პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა.

როგორც “რადიო თავისუფლება” წერს, 101 დეპუტატიდან 63-მა სანდუს კოალიციურ მთავრობას ნდობა არ გამოუცხადა. მოწინააღმდეგეთა შორის იყვნენ ქვეყნიდან გაქცეული ოლიგარქის, ვლადიმირ პლაჰოტნიუკის “მოლდოვის დემოკრატიული პარტიისა” და პრორუსულად განწყობილი “მოლდოვის სოციალისტური პარტიის” დეპუტატები.

პარტიებს ახალი მთავრობის ფორმირებისთვის 90 დღე აქვთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, საპარლამენტო არჩევნები ხელახლა დაინიშნება.

კოალიციაში დაძაბულობა გენერალური პროკურორის ნომინირების საკითხის გარშემო დაიწყო. პროდასავლელი პრემიერის, მაია სანდუს ინიციატივით, გენერალური პროკურორი სწორედ პრემიერმა უნდა წარადგინოს. მისივე თქმით, ეს საკითხი უმნიშვნელოვანესია ქვეყანაში კორუფციასთან ბრძოლისთვის. პრორუს სოციალისტებს კი მიაჩნდათ, რომ მთავარი პროკურორი იუსტიციის მინისტრმა უნდა დაასახელოს.

მთავარი პროკურორის დანიშვნის საკითხი მოლდოვაში უმნიშვნელოვანესია, რადგან ქვეყანამ უნდა გამოიძიოს, როგორ გაქრა მილიარდამდე დოლარი 2014 წელს მოლდოვის სამი უმსხვილესი ბანკიდან .

მაია სანდუს თქმით, უმნიშვნელოვანესი ამ “საუკუნის ქურდობის”, ასევე, სხვა კორუფციული ფაქტების გამოძიება და შესაბამისი პირების პასუხისგებაში მიცემა. ამას კი მხოლოდ გამჭვირვალე პროკურატურა შეძლებს. სანდუს იცინიატივას სწორედ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები (პლაჰოტნიუკის პარტია) და პრორუსი სოციალისტები ეწინააღმდეგებიან.

მოლდოვაში ეს პირველი პოლიტიკური კრიზისი არაა. 2019 წლის თებერვალში გამართული საპარლამენტო არჩევნებიდან 3 თვისთავზე მთავრობის დაკომპლექტება ვერც ერთმა პარტიამ ვერ შეძლო.

თებერვლის საპარლამენტო არჩევნებში მოლდოვის პრეზიდენტ იგორ დოდონის პრორუსულმა “სოციალისტურმა პარტიამ” ხმათა 31% მიიღო, პროევროპულმა ბლოკმა AСUM-მა, რომელიც “ქმედებისა და სოლიდარობის პარტიის (PAS)” და “ღირსებისა და სიმართლის პარტიის (DA) გაერთიანებას წარმოადგენს – 26.8%, ხოლო გავლენიან ბიზნესმენ ვლადიმირ პლაჰოტნიუკის მმართველმა “დემოკრატიულმა პარტიამ”, რომელიც ასევე პროევროპულ ძალას წარმოადგენს – 23.6%.

მასალების გადაბეჭდვის წესი