ახალი ამბები

სალაძე: ადრე თუ გვიან ხელისუფლებას მოუწევს 20 ივნისს დაშავებულთათვის სტატუსის მინიჭება

12 ნოემბერი, 2019 • 1271
სალაძე: ადრე თუ გვიან ხელისუფლებას მოუწევს 20 ივნისს დაშავებულთათვის სტატუსის მინიჭება

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) თავმჯდომარე სულხან სალაძე 20 ივნისის აქციის დარბევისას დაშავებულ მაკო გომურისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას საზოგადოების აქტიურობას უკავშირებს.

სალაძის თქმით, არგუმენტი, რომელსაც პროკურატურა მანამდე იყენებდა, რომ მოქმედი კანონმდებლობა უწყებას ამის გაკეთების საშუალებას არ აძლევდა, წარსულშიც არ იყო ლეგიტიმური და შესაბამისი ცვლილება, რომლითაც საგამოძიებო ორგანო აპელირებდა, არც ამ მოვლენების შემდეგ განხორციელებულა:

“ეს გადაწყვეტილება არის დაგვიანებული იმის გათვალისწინებით, რომ დაზარალებულის სტატუსის მინიჭება ბევრად ადრე უნდა მომხდარიყო. როგორც ჩანს, ამ სტატუსის მინიჭებას არც აპირებდა გამოძიება, აქტიურად არც განიხილავდა ამ საკითხს. მე ამ ყველაფერს მივაწერ საზოგადოების აქტივობას, საიას არაერთი მცდელობა ჰქონდა, მისი დაცვის ქვეშ მყოფ პირებს მიეღოთ დაზარალებულის სტატუსი.

ჩვენ, ჯამში, 26 პირზე გვაქვს მიმართული და მხოლოდ ორი პირია აქედან აღიარებული დაზარალებულად. ერთი პირი ადრე იყო, ახლა მაკო გომური დაემატა ამ სიას. გაუგებარია, მაგალითად, როდესაც გენერალური პროკურორი ამბობდა, რომ მოქმედი კანონმდებლობით მაკო გომური ვერ იქნებოდა დაზარალებულად აღიარებული, ცხადია, არაფერი შეცვლილა კანონმდებლობაში” ,- ამბობს საიას თავმჯდომარე.

მისი თქმით, მიუხედავად მსგავსი არგუმენტაციისაა, პროკურატურამ ათობით პოლიციელს მოკლე დროში მიანიჭა დაზარალებულის სტატუსი. შესაბამისად, სალაძის თქმით, პროკურატურას პროცესის გაჭიანურებისთვის სხვა არგუმენტაცია ჰქონდა:

“ჩვენთვის მოცემულობა არ იცვლება. მაკო გომურის აღიარება დაზარალებულად არის ერთი, თუმცა სხვა პირების მიმართ ვაგრძელებთ ამ პროცესს და, ვფიქრობთ, ყველა ის პირი, ვის მიმართაც მივმართეთ პროკურატურას, იმსახურებს ამ სტატუსს და პროკურატურამ უნდა მიანიჭოს ეს სტატუსი. მთავარი კითხვა ისმის ასე – რატომ შეიძლება აჭიანურებდეს სტატუსის მინიჭებას გამოძიება და რა მიზანს შეიძლება ემსახურებოდეს ეს.

მე ვფიქრობ, თუ ათობით ადამიანს მიანიჭებს გამოძიება დაზარალებულის სტატუსს,  ეს დისკუსია გასცდება 20-21 ივნისის ღამეს მხოლოდ ინდივიდუალურ  რამდენიმე სამართალდამცავის მხრიდან შესაძლო უფლებამოსილების გადამეტებას და ეს დისკუსია უფრო სამართლებრივ ფორმაშიც კი სხვა სახეს მიიღებს.  საუბარი შეიძლება დაიწყოს, რომ 20-21 ივნისის ღამეს არა რამდენიმე სამართალდამცავმა გადააჭარბა უფლებამოსილებას, არამედ პრობლემა უფრო ღრმა იყო და ეს იყო სისტემის მიერ დაშვებული შეცდომა ორი მიზეზის გამო. ერთი ის, რომ ვიღაცა ვერ მართავდა ამ პროცესს, ვინც იყო პასუხისმგებელი, და მეროე დავალება იყო, რომ ასეთი შედეგი დამდგარიყო” ,- ამბობს სალაძე.

მისი თქმით, ხელისუფლებისთვის ამ ორი სცენარიდან შეღავათი არცერთი არაა და მაინც მოუწევს ადრე თუ გვიან 20-21 ივნისის ღამეს დაშავებული მოქალაქეებისთვის სტატუსის მინიჭება:

“არცერთი არ არის შეღავათი ხელისუფლებისთვის. ფაქტია, რომ ადრე თუ გვიან ხელისუფლებას მაინც მოუწევს გამოძიების საშუალებით მეტი პირის დაზარალებულად ცნობა. იქნება ეს ქვეყნის შიგნით  სამართლებრივი მექანიზმების ამოწურვა, თუ ქვეყნის გარეთ უფრო აქტიური საქმიანობა შემდეგში. ერთიც და მეორეც არის ამ პროცესის ნაწილი”, – ამბობს საიას თავმჯდომარე.

მაკო გომურსა და კიდევ ორ პირს პროკურატურამ დაზარალებულის სტატუსი მიანიჭა

 

მასალების გადაბეჭდვის წესი