ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აგვისტოს ომით დაზარალებულები რუსეთის წინააღმდეგ – სტრასბურგის გადაწყვეტილების მოლოდინში

12 ნოემბერი, 2019 • 1443
აგვისტოს ომით დაზარალებულები რუსეთის წინააღმდეგ – სტრასბურგის გადაწყვეტილების მოლოდინში

სამ წელზე მეტი გავიდა, რაც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაზარალებული 11 მოქალაქის ერთიანი საჩივარი რუსეთის სახელმწიფოს წინააღმდეგ, საკუთრების უფლების დარღვევაზე, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაიგზავნა. რა ეტაპზეა საქმის განხილვა და რას ითვალისწინებს საჩივარი, ამ საკითხებზე ორგანიზაციის „საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველოში“ მთავარი იურისტი, თეო ზაქარაშვილი საუბრობს: სტრასბურგში, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ომის დროს დაზარებულ საქართველოს მოქალაქეებს „საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველოში“ იცავს.

სამ წელზე მეტი გავიდა, რაც საჩივარი გაგზავნეთ სტრასტბურგში. რა ეტაპზეა საქმის განხილვა?

გამომდინარე იქიდან, რომ საკუთრებასთან დაკავშირებული სარჩელები მაინცდამაინც პრიორიტეტული არ არის, საკუთრების ნაწილში დავას დიდი დრო სჭირდება. ჩვენ ვიცით, რომ მიღებული აქვს სასამართლოს საჩივარი და ველოდებით შემდეგ კომუნიცირებას მათთან. მოგეხსენებათ, საქმეში მოწინააღმდეგე მხარე რუსეთის სახელმწიფოა და, შესაბამისად, ველოდებით, რომ კომუნიცირება შედგეს და პროცედურები დაიწყოს.

შევახსენოთ მკითხველს, რას ითვალისწინებს ეს საქმე რუსეთის სახელმწიფოს წინააღმდეგ და ვინ არიან დაზარალებული ადამიანები?

ჩვენ ვიფიქრეთ, რა შეიძლებოდა ყოფილიყო ჩვენი კონტრიბუცია 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაზარალებული ადამიანების დასახმარებლად.

კომპაქტურად ჩასახლებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ახალგორის ტერიტორიიდან 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დევნილ მოსახლეობას 2015 წელს შევხვდით. მაშინ ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხად საკუთრების უფლების დარღვევა გამოიკვეთა.

შესაბამისად, ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, ამ საკითხებზე სტრასბურგისთვის რუსეთის სახელმწიფოს წინააღმდეგ მიგვემართა.

მოგეხსენებათ, ამ ადამიანებმა დატოვეს სახლები, მიწები, კომერციული და ბიზნესსაკუთრება რესტორნის თუ კვების ობიექტის სახით. მათ ნაწილს სასამართლო დავა უკვე ჰქონდა ადგილზევე, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებასთან.

როგორც მაშინ ეს ადამიანები გვიყვებოდნენ, რაღაც პერიოდის განმავლობაში სპეციალური საშვებით შედიოდნენ ახალგორში ე.წ. საზღვრის გავლით, თუმცა ზოგიერთს ამის საშუალებაც ჩამოერთვა მოგვიანებით. იყო შემთხვევები, როდესაც მათი საკუთრება სხვებმა დაიკავეს, ან მათი ბიზნესი სხვებმა მიიტაცეს. ადამიანების ნაწილს რეგისტრირებული ჰქონდა ქონება, თუმცა იყვნენ ისეთებიც, ვისაც მამაპაპისეული ქონება ჰქონდათ და რომ არა ოკუპაცია, ისინიც დაირეგისტირებდნენ ქონებას.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კატეგორიის საქმე უკავშირდება ე.წ. მცოცავი ოკუპაციის დროს საკუთრების უფლების დაკრგვას. ჩვენ გვყავს მოსარჩელე ბენეფიციარი, რომელმაც უკვე აგვისტოს ომის შემდეგ დაკარგა საკუთრება მცოცავი ოკუპაციის, ე.წ. მავთულხლართის გადმოწევის პროცესში.

შესაბამისად, სტრასბურგში გასაგზავნად შევარჩიეთ თერთმეტი განსხვავებული შემთხვევა ქონებრივი უფლების პრობლემაზე და თერთმეტივე მოსარჩელის ერთიანი განაცხადი 2016 წელს გავგზავნეთ. ზოგადად, ბენეფიციარების როდენობაზე მეტად მნიშვნელოვანი სამართლებრივად განსხვავებული შემთხვევები იყო საკუთრების ფორმის მიხედვით.

როგორც ვიცით, იყო ისეთი შემთხევებიც, როდესაც საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ საქართველოს მოქალაქეს თავად ქართული მხარე არ ურეგისტრირებდა მიწის ნაკვეთს. ასეთი შემთხვევებიც თუ ცნობილია თქვენთვის?

როცა მოსახლეობას ვხვდებოდით, გვეუბნებოდნენ, რომ ბუფერულ ზონაში რეგისტრაცია არის შეჩერებული. გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომ ბუფერულ ზონაში მავთულხლართებთან რეგისტაცია დაუშვებელია, არ არსებობდა. თუმცა მსგავსი პრობლემით მაშინ არ მოუმართავთ ჩვენთვის.

რას ითვალისწინებდა საჩივარი, რომელიც სტრასბურგში გაგზავნეთ?

სამი მუხლით არის დავა. ეს არის საკუთრების უფლება, ასევე, პირადი და ოჯახური პატივისცემის უფლება [რადგან მათ აღარ შეეძლოთ ოჯახად ცხოვრება, ნაწილი იქ დარჩა, უმეტესად მოხუცები, ნაწილი- კომპაქტურ დასახლებებში საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიებზე. ოჯახად ცხოვრება მათთვის გაძნელდა ან ზოგ შემთხვევაში, შეუძლებელი გაახდა].

კიდევ ერთი მუხლი – ეს არის უფლება სამართლებრივი დაცვის შიდასახელწიფოებრივ ეფექტურ საშუალებებზე. ეს გულისხმობს იმას, რომ ამ ადამიანებისთვის ქართული სასამართლო – იქ ვერ წყვეტს საკითხს. როდესაც მათი საკუთრება დაიტაცეს და დღეს სხვები აგრძელებენ იქ ცხოვრებას, მათთვის ქართული იურისდიქციის სასამართლო ვერაფერს გააკეთებს.

როგორც გითხარით, იყო შემთხვევა, როდესაც დე ფაქტო სასამართლოში ჰქონდა დავა მოქალაქეს. მაშინ პირველი ინსტანცია მოიგო ჩვენმა ბენეფიციარმა ცხინვალში, მაგრამ შემდეგ დე ფაქტო სასამართლოს წარმომადგენელმა ერთპიროვნულად გააუქმა სასამართლო გადაწყვეტილება და თავიდან დაუბრუნა განსახილველად.

ვინ არიან ეს ადამიანები?

მედიისთვის და ზოგადად, არ ვაიდენტიფიცირებთ ამ საქმეებს სახელებითა და გვარებით, რადგან ზოგიერთ მათგანს ისევ აქვს იქით გადასვლის შესაძლებლობა. ისინი ფიქრობენ, რომ მათმა იდენტიფიცირებამ, შესაძლოა, პრობლემა შეუქმნას მათ და არაპროგნოზირებადმა დე ფაქტო ხელისუფლებამ აღარ მისცეს საშვი და იქით აღარ გადაუშვას. ამიტომაც არ ვასაჯაროებთ მათ ვინაობას.

თქვენ რა მოლოდინი გაქვთ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსგან? 

სარჩელი საკმაოდ რთულია იმ გადმოსახედიდან, როდესაც რუსეთი, თითქოს არ არის პირდაპირი მხარე. თუმცა ის არის საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით აღიარებული მხარე და ე.წ. სამშვიდოებით ახდენს კონფლიქტში ჩარევას [არაერთი განცხადებით გვაქვს გამყარებული, რომ სინამდვილეში რუსული სახელმწიფო აკეთებდა განცხადებებს ომის დაწყების შესახებ. აქ საუბარია იმაზე, რომ ინტერვენცია განხორციელდა, მაგრამ ეს ინტერვენცია პირდაპირ აღიარებული და წაკითხვადი არ არის].

რუსეთის სახელმწიფომ ოკუპაცია მოახდინა. რეალურად ის აფინანსებს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებებს, ერევა მათ საქმეებში, აკეთებს განცხადებებს და სთავაზობს თანამშრომლობას. სწორედ რუსეთის სახელმწიფოს წინააღმდეგ არის ეს საჩივარი, რადგან არც ჩვენ და არც საერთაშორისო თანამეგობრობა ვაღიარებთ სამხრეთ ოსეთს. საერთაშორისო სამართლისთვის ის, როგორც სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი, არ არსებობს. ცოტა არ იყოს, სირთულე ახლავს ამ ქეისს, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ ასეც იქნება განხილული ეს საქმე.

რა შეიძლება შეცვალოს სასამართლოს გადაწყვეტილებამ დაზარალებული ადამიანებისთვის?

ვფიქრობთ, მნიშვნელოვანია, აღიარება მოხდეს ამ ადამიანებისთვის, რომ დაკარგეს საკუთრება და ეს იქნება პრეცედენტული სხვა პირებისთვის, რომ მათი საკუთრებაც საერთაშორისო სამართლით აღიარებულია და მერე რა, რომ ამ ეტაპზე ოკუპირებულია და მათ არ აქვთ წვდომა. მეორე მხრივ, კომპენსაციაც მნიშვნელოვანია.

აფხაზეთთან მიმართებაში თუ არსებობს სტრასბურგისთვის მიმართვის მსგავსი გამოცდილება?

ჩვენ არ გვქონია ასეთი გამოცდილება. თუმცა კოდორის იმ ნაწილიდან, რომელიც 2008 წელს დაიკარგა, რამდენიმე შემთხვევა გვქონდა.

როგორ ფიქრობთ, სახელმწიფოს რომ გაეგზავნა ეს საჩივარი, უფრო ეფექტური ხომ არ იქნებოდა შედეგების თვალსაზრისით?

ეფექტურობისთვის, ალბათ, არა აქვს არსებითი მნიშვნელობა ამას. მთავარია, რომ გაკეთდა ეს საქმე. ალბათ, შეიძლებოდა მანამდეც გაგზავნილიყო. როგორც ვიცი, სახელწიფომ ადამიანის უფლებების სხვადასხვა მიმართულებით გაგზავნა საჩივარი. შეიძლება იმ მომენტში ქონებრივი საკითხები იმდენად პრიორიტეტული არ იყო.

თუმცა ჩვენი, და არა მარტო ჩვენი აზრით, ადამიანის ღირსეული ცხოვრებისთვის საკუთრებას დიდ მნიშვნალობა აქვს და ისედაც, საკუთრების უფლება გარანტირებული და დაცული უნდა იყოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი