ისრაელის ქალაქების, მათ შორის, თელ-ავივის მიმართულებით ღაზიდან 50-ზე მეტი რაკეტა გაისროლეს. როგორც ადგილობრივი მედია წერს, ისრაელის არმიამ 20 რაკეტის გაუვნებელყოფა შეძლო. კონფლიქტის ესკალაცია მოჰყვა ისრაელის არმიის მიერ ირანის მხარდაჭერილი პალესტინური შეიარაღებული დაჯგუფების, “ისლამური ჯიჰადის” ლიდერის მკვლელობას.
როგორც როიტერსი წერს, ისრაელი აცხადებს, რომ ბაჰა აბუ ალ ატა “ნელი მოქმედების ნაღმი იყო” და მას აკისრებენ ისრაელის წინააღმდეგ რამდენიმე სარაკეტო და შეიარაღებული თავდასხმის ორგანიზებას:
საპასუდოდ სარაკეტო იერიში დაიწყო ისრაელის ქალაქებზე, მათ შორის, თელ-ავივზეც. როგორც ადგილობრივი მედია წერს, ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში მუშაობა შეაჩერეს სკოლებმა და სხვადასხვა დაწესებულებამ. ოფიციალურმა უწყებებმა კი თავშესაფრების გახსნის განკარგულება გამოსცეს. ისრაელის ტერიტორიაზე ამოქმედებულია განგაშის სიგნალი.
როიტერსის ცნობით, ადგილობრივი საავადმყოფოები დაშავებულების შესახებ ინფორმაციას ავრცელებენ, თუმცა მათი ზუსტი რაოდნეობა ამ დროისთვის უცნობია.
ტვიტერზე წერენ ღაზის სექტორში საპასუხო იერიშების შედეგად დაშავებულებისა და დაღუპულების შესახებაც.
ვოდეოზე აღბეჭდილია, როგორ ეცემა ღაზის სექტორიდან ნასროლი რაკეტა ისრაელში, საავტომობილო გზაზე.
აღნიშნულთან დაკავშირებით ისრაელში საქართველოს საელჩო განცხადებას ავრცელებს. საელჩო მოუწოდებს საქართველოს მოქალაქეებს, განგაშის სიგნალის ან აფეთქების ხმის გაგონებისთანავე მიჰყვნენ შემდეგ ინსტრუქციებს:
- უნდა შეხვიდეთ დაცულ სივრცეში, თავშესაფარში ან სპეციალურ დაცულ ოთახში, დაკეტოთ კარები და ფანჯრები;
- შენობის გარეთ ყოფნისას შედით უახლოეს შენობაში იმ შემთხვევაში, თუ ახლოს არ მდებარეობს სპეციალური თავშესაფარი.
- თუ თქვენს ახლოს არ არის არცერთი შენობა, დაწექით და თავზე დაიფარეთ ხელები;
- ავტომობილში – გააჩერეთ, გადმოდით ავტომობილიდან და შედით უახლოეს შენობაში ან თავშესაფარში.
- თუ თქვენს ახლოს შენობა ან თავშესაფარი არ მდებარეობს, გადმოდით მანქანიდან, დაწექით და თავზე დაიფარეთ ხელები;
- სამ ან მეტსართულიან შენობის ბოლო სართულზე მცხოვრები პირები, თუ შენობაში არ არის დაცული სივრცეები (თავშესაფარი, სპეციალური ოთახი), უნდა დაეშვან ორი სართულით ქვემოთ;
- სამსართულიან შენობაში ბოლო სართულზე მცხოვრები პირები, თუ შენობაში არ არის დაცული სივრცეები (თავშესაფარი, სპეციალური ოთახი), უნდა დაეშვან ერთი სართულით ქვემოთ;
- დაუშვებელია შენობის შესასვლელში, სადარბაზოებში მოქალაქეების გაჩერება;
- სხვა ინსტრუქციის არარსებობის შემთხვევაში სირენის/განგაშის სიგნალის დასრულებიდან 10 წუთის შემდეგ შეგიძლიათ დატოვოთ შენობა;
- დაუშვებელია ჩამოგდებულ რაკეტასთან ან სხვა ობიექტთან მიახლოება. ასეთ შემთხვევაში მოუწოდეთ მოქალაქეებს, არ მიუახლოვდნენ ობიექტს/ჩამოგდებულ რაკეტას და აცნობეთ პოლიციას;
- თვალყური ადევნეთ მედიას შემდგომი ინსტრქუციების მისაღებად.
- დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით: ისრაელის საგანგებო სიტუაციების სამსახურს ვებ-გვერდი: www.oref.org.il, სოციალური მედიით (Facebook) ან შემდეგ ტელეფონზე: 104
მთავარ ფოტოზე: ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემა ღაზის სექტორიდან ნასროლ რაკეტებს იგერიებს. EPA-EFE/MOHAMMED SABER
