ახალი ამბები

აშშ ჯვრის მონასტრის საკონსერვაციო სამუშაოებს $100 ათასით დააფინანსებს

12 ნოემბერი, 2019 • 1768
აშშ ჯვრის მონასტრის საკონსერვაციო სამუშაოებს $100 ათასით დააფინანსებს

აშშ-ის საელჩო ჯვრის მონასტრის საკონსერვაციო სამუშაოების პირველ ფაზას დააფინანსებს. საელჩოს ინფორმაციით, 100 ათასი აშშ დოლარი გადაეცემა გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნულ კვლევით ცენტრს, რომელიც პროექტის ფარგლებში სხვადასხვა სამუშაოს შეასრულებს.

“პროექტის ფარგლებში $100 000 გადაეცემა გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნულ კვლევით ცენტრს, რომელიც სხვადასხვა პროფესიონალებისგან შემდგარი ჯგუფის დახმარებით განახორციელებს სამუშაოებს: პროექტის საკონსერვაციო ციკლის პირველი ფაზის ფარგლებში ჩატარდება ყოვლისმომცველი კვლევა ფასადის დაზიანებისა და განადგურების დონის დადგენის, კლასიფიკაციისა და შემდგომი გეგმის შემუშავების მიზნით. ძირითადი ტაძარი (ჩვ.წ. 586-605) ჯვრის მონასტრის ყველაზე მნიშვნელოვანი და ღირებული მონუმენტია”, – წერია საელჩოს განცხადებაში.

ჯვრის მონასტერი მცხეთის ისტორიული მონუმენტების ნაწილია და იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაშია შეტანილი.

აშშ-ის ელჩის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდმა მსოფლიოს მასშტაბით 125-ზე მეტ ქვეყანაში, უკვე 1000-ზე მეტი პროექტი დააფინანსა. საელჩოს ცნობითვე, საქართველოში ფონდმა 19 პროექტი დააფინანსა, რომელთა ღირებულებაც დაახლოებით 1.5 მილიონ დოლარს შეადგენს.

მასალების გადაბეჭდვის წესი