ახალი ამბები

ჯანეზაშვილის 10 მიზეზი პარლამენტს, რატომ არ უნდა დაამტკიცონ უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატები

11 ნოემბერი, 2019 • 1857
ჯანეზაშვილის 10 მიზეზი პარლამენტს, რატომ არ უნდა დაამტკიცონ უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატები

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი პარლამენტს განსხვავებული აზრით მიმართავს და 10 მიზეზს წარუდგენს, თუ რატომ არ უნდა დაუჭიროს მხარი საკანონმდებლო ორგანომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის წარდგენილ კანდიდატებს.

ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებით, გარდა პროცედურული დარღვევებისა, შერჩეული კანდიდატები სასამართლო სისტემაში არსებულ კლანს მიეკუთვნებიან:

” ამ 20 კაციდან ვერც ერთი მოხვდებოდა ამ სიაში, რომ არა კლანის და ჩინჩალაძის მხარდაჭერა – ეს არის კონტექსტი. ამ კონტექსტთან ერთად პროცედურული დარღვევები არის მნიშვნელოვანი და პარლამენტის მხრიდან თუნდაც ის მოსაზრება, გამოვარჩიოთ თუნდაც ერთი კვალიფიციური კადრი და ის დავამკვიდროთ, მიამიტური დამოკიდებულებაა. ეს არის ჩინჩალაძის კლანის მიერ მოფიქრებული სცენარი და ვფიქრობ, პარლამენტმა მას მხარი არ უნდა დაუჭიროს”, – ამბობს ჯანეზაშვილი.

1. 20 ივნისის კენჭისყრა და გამოვლენილი დარღვევები

ჯანეზაშვილი ყურადღებას ამახვილებს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო შედგება 15 წევრისგან, მაგრამ დღეისათვის საბჭოს არ ჰყავს თავმჯდომარე და საქმიანობას ახორციელებს 14 წევრის შემადგენლობით.

ამასთან, არამოსამართლე წევრის განცხადებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის შერჩევის პროცედურებს ჩამოშორდა მდივანი გიორგი მიქაუტაძე, შესაბამისად, პარლამენტისათვის წარსადგენი 20 კანდიდატის შერჩევის პროცესში, ძირითად შემთხვევებში, მონაწილეობდა საბჭოს არაუმეტეს 13 წევრისა.

საქართველოს სახალხო დამცველი აკვირდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესს. მიმდინარე წლის 20 ივნისს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პირველი  ფარული კენჭისყრა გაიმართა, რის შედეგადაც გამოვლინდა შემდეგ ეტაპზე გადასული უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 50 კანდიდატი. სახალხო დამცველი საკუთარ ანგარიშში აღნიშნავს, რომ „იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გამართული პირველი ფარული კენჭისყრა და მასზე დაკვირვების შედეგები ავლენს იმ პრობლემებსა და ხარვეზებს, რომლებიც აღნიშნულ პროცესს ახლავს თან და საფრთხეს უქმნის მის მაღალი სტანდარტებით წარმართვას“.

ომბუდსმენი ასევე აღნიშნავს, რომ 20 ივნისის ფარულ კენჭისყრაში მონაწილეობდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 13 წევრი, რომელთაგან თითოეულს ჰქონდა ბიულეტენი და 20 ხმა. ბიულეტენებისა და მიცემული ხმების დათვლის პროცესზე დაკვირვებამ გამოავლინა 13-დან 10 ბიულეტენი, რომელიც შემოხაზული იყო ერთნაირი სქემითა და დამთხვევების ძალიან მაღალი ხარისხით. აღნიშნული დამთხვევა იწვევს ეჭვს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების უმრავლესობა (ხმის უფლების მქონე 13 წევრიდან 10 წევრი) წინასწარ შეთანხმდა ხმათა ისეთ განაწილებაზე, რომ მოკლე სიაში შეეყვანა 45 კონკრეტული განმცხადებელი. ამავე გამოწვევაზე საუბრობს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისიც (ODIHR).

2. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივან გიორგი მიქაუტაძის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად დარღვევით რეგისტრაცია

ნაზი ჯანეზაშვილის თქმით, რეგისტრაციისას განაცხადის ფორმაში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა გიორგი მიქაუტაძემ, ნაცვლად სავალდებულო 3 რეკომენდატორისა, მიუთითა 2-ის შესახებ ინფორმაცია. ამიტომ მიიჩნევს, რომ მას არ უნდა გადაელახა შერჩევის პირველი ფორმალური ეტაპი.

“თუმცა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უმრავლესობის გადაწყვეტილებით, ის კანდიდატად დაარეგისტრირეს და, შესაბამისად, შემდგომ ეტაპებზეც დარღვევით გადაიყვანეს. აღნიშნული დარღვევის შესახებ მაშინვე განვაცხადე, თუმცა არც იუსტიციის მდივანმა და არც მოსამართლე წევრებმა არ გაითვალისწინეს ჩემი მოსაზრება.

საგულისხმოა, რომ დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა წარდგენისა და დანიშვნის პირველი ეტაპის ანგარიშში აღნიშნა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, რომლებმაც ხმა მისცეს იმის სასარგებლოდ, რომ ის [გ. მიქაუტაძე] აკმაყოფილებდა მოთხოვნებს, განაცხადეს, რომ სამივე რეკომენდაციის არარსებობა არ იყო ამ ეტაპიდან გამორიცხვის საფუძველი და ყველა შემთხვევაში მესამე რეკომენდატორი არ იყო საჭირო, რადგან განმცხადებელი კარგად იყო ცნობილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებისთვის.”, – წერს ჯანეზაშვილი.

3. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის, როგორც იუსტიციის საბჭოს აპარატის
ხელმძღვანელის, ინტერესთა კონფლიქტი

გიორგი მიქაუტაძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატურების შერჩევის პროცედურებთან დაკავშირებულ სხდომებსა და გასაუბრებაში არ მონაწილეობდა. მიუხედავად ამისა, ჯანეზაშვილი აღნიშნავს, რომ მან შეინარჩუნა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის სტატუსი და ხელმძღვანელობდა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს
აპარატს.

ჯანეზაშვილის თქმით, გიორგი მიქაუტაძის დაქვემდებარებაში იყო საბჭოს ის დეპარტამენტი, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევ კანდიდატთა ობიექტურად და სრულფასოვნად შეფასების მიზნით, კანონით დადგენილი წესით აგროვებდა ინფორმაციას კანდიდატების, მათ შორის გიორგი მიქაუტაძის შესახებ, რაც მისი შეფასებით, ერთმნიშვნელოვნად ინტერესთა კონფლიქტია:

“საბოლოოდ, გიორგი მიქაუტაძის შესახებ მოძიებულ მასალებში ვერ მოხვდა ინფორმაცია ისეთი მნიშვნელოვანი სისხლის სამართლის საქმის შესახებ, რომელშიც ის ფიგურანტია. შესაბამისად, გაჩნდა კითხვა, თუ რამდენად სრულფასოვნად იქნა მოძიებული ყველა საჭირო ინფორმაცია და რამდენად ობიექტურად იქნა შესწავლილი წარსული მის შესახებ. მოგვიანებით, როდესაც დავსვი კითხვები ამ საქმესთან დაკავშირებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შეფასების დეპარტამენტმა კანონით დადგენილი ვადების გასვლის შემდეგ გამოითხოვა ინფორმაცია პროკურატურისგან და დაამატა გიორგი მიქაუტაძის შესახებ მასალებში 2019 წლის 15 ივლისს. ამასთან, საინტერესოა საქართველოს პროკურატურის პასუხის შინაარსი, სადაც აღნიშნული იყო, რომ საქმეზე გრძელდება გამოძიება” ,- ამბობს ჯანეზაშვილი.

4. უმაღლესი საბჭოს მდივნის ხელმისაწვდომობა სხვა კანდიდატების განაცხადებზე
შიდა ელექტრონული პორტალის მეშვეობით

ამასთან, ჯანეზაშვილი აღნიშნავს, რომ უმაღლესი საბჭოს მდივნის ხელმისაწვდომობა სხვა კანდიდატების განაცხადებაზე შიდა ელექტრონული პორტალის მეშვეობით, შერჩევის პროცესის დაწყებიდან ბოლო ეტაპამდე, გიორგი მიქაუტაძეს ხელი მიუწვდებოდა სხვა კანდიდატების მიერ ელექტრონულად შევსებულ ყველა განაცხადზე და თანდართულ დოკუმენტზე, რომლებიც მათ საბჭოში წარმოადგინეს.

“ცხადია, ამით არ ვამტკიცებ იმას, რომ მან ისარგებლა ამ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობით, მაგრამ თავისთავად ეს შესაძლებლობა, რომელიც ჰქონდა მხოლოდ მას და არცერთ სხვა რომელიმე კანდიდატს, პრივილეგირებულ მდგომარეობაში აყენებდა.

პრივილეგიას, სხვების შესახებ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით, კიდევ უფრო მეტი მნიშვნელობა ენიჭება მაშინ, როდესაც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მიმდინარე წლის 13 ივნისის  წერილით16  უარი უთხრა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შესარჩევ კონკურსში მონაწილე კანდიდატების მიერ წარდგენილი განაცხადებისა და თანდართული დოკუმენტაციის გასაჯაროებაზე, პერსონალური მონაცემების დაცვის მოტივზე მითითებით.

როგორც კოალიციამ „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ განაცხადა, საბჭოს მიერ კანონის ამგვარი ინტერპრეტაცია აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ საბჭო გარკვეული კანდიდატების შესახებ ინფორმაციის დამალვას ცდილობდა. სიზუსტისთვის ისიც უნდა აღინიშნოს, რომ დაგვიანებით, მაგრამ ეს ინფორმაცია საბოლოოდ გასაჯაროვდა”, – ამბობს ჯანეზაშვილი.

5. უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრების, თამარ ონიანისა და ირაკლი შენგელიას
ინტერესთა კონფლიქტი

ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორ მოსამართლე წევრთან – თამარ ონიანსა და ირაკლი შენგელიასთან დაკავშირებით სახეზე იყო ინტერესთა კონფლიქტი.

კერძოდ, არამოსამართლე წევრის თქმით, მათ ჰქონდათ ნათესაური კავშირი კანდიდატებთან – თამარ ონიანის მაზლია ზურაბ აზნაურაშვილი (როგორც თავად თ.ონიანი აცხადებს – ყოფილი), ხოლო ირაკლი შენგელიას ცოლისძმაა ლევან თევზაძე.

“აღნიშნულ წევრებს თვითაცილების საკითხი არ დაუყენებიათ და საბჭოს დანარჩენი წევრების უმრავლესობამაც მათი პოზიცია გაიზიარა. ასევე, ჩემთვის გახდა ცნობილი, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ირაკლი ბონდარენკო არის ლევან თევზაძის
შვილის ნათლია, რისი უარყოფაც მათი მხრიდან არ მომხდარა. აღნიშნულზე საუბარია ასევე ეუთოს (ODIHR) დასკვნაში.

მოგეხსენებათ, წარმოდგენილი კანდიდატების სიაში არ მოხვდნენ არც ზურაბ აზნაურაშვილი და არც ლევან თევზაძე. თუმცა ამით ბევრი არაფერი იცვლება, რადგან მათ, სწორედ იმიტომ, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ჰყავდათ ნათესავები და
ახლობლები, რომლებიც მათ ლობირებდნენ, სავარაუდოდ, დაიკავეს სხვა კანდიდატების ადგილი 50 კანდიდატისაგან შემდგარ სიაში, რომლებსაც მოუსპეს შესაძლებლობა, თუნდაც გასაუბრებაზე გამოსულიყვნენ”, – ამბობს ჯანეზაშვილი.

6. კანონდარღვევით შედგენილი კენჭისყრის შედეგების ოქმი

ნაზი ჯანეზაშვილი განმარტავს, რომ „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 34-ე 1 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, პირველი კენჭისყრის დასრულებისას (ამ შემთხვევაში, როდესაც შედგა 50 კანდიდატის სია) დგება შესაბამისი ოქმი, რომელსაც ხელს აწერს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი.

ჯანეზაშვილის თქმით, გიორგი მიქაუტაძე, როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, ვალდებული იყო, კენჭისყრის ჩატარების შემდგომ ხელი მოეწერა შესაბამის ოქმზე. მიუხედავად იმისა, რომ კანონი არ ითვალისწინებს სხვა ალტერნატივას, აღნიშნულ ოქმს ხელი მოაწერა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა დიმიტრი გვრიტიშვილმა, თუმცა, რა სტატუსით ან რომელი ნორმის საფუძველზე, ჯანეზაშვილისთვის გაურკვეველია.

7. დიმიტრი გვრიტიშვილი, როგორც საბჭოს სხდომების არაუფლებამოსილი თავმჯდომარე

იუსტიციის უმაღლესი სავჭოს არამოსამართლე წევრის თქმით, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 47-ე მუხლის მე-15 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მიერ თავისი მოვალეობის შესრულების შეუძლებლობისას ან სხვა შემთხვევაში, თუ არსებობს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომის მოწვევის კანონით დადგენილი აუცილებლობა, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომას იწვევს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი.

ჯანეზაშვილის თქმით, ამავე მუხლის მე-16 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომებს თავმჯდომარეობს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ხოლო ამ მუხლის მე-15 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი.

ჯანეზაშვილის თქმით, იუსტიციის საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობა ვაკანტურია, ხოლო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, რომელსაც ასეთ შემთხვევაში სხდომის თავმჯდომარის უფლებამოსილება ეკისრება, თავად იყო კანდიდატი და სხდომებში საერთოდ არ მონაწილეობდა.

“კანონი კი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის გარდა, თავმჯდომარის უფლებამოსილების სხვა პირზე დაკისრების შესაძლებლობას არ ითვალისწინებს.

მიუხედავად ამისა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყველა სხდომას, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატურების შერჩევის პროცედურებს ეხებოდა, ხელმძღვანელობდა არაუფლებამოსილი პირი, მოსამართლე წევრი, დიმიტრი გვრიტიშვილი”, – ამბობს ჯანეზაშვილი.

8. კენჭისყრის თაობაზე კანონის მოთხოვნების უგულებელყოფა

ნაზი ჯანეზაშვილის თქმით, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ვალდებულია, კანდიდატების გასაუბრების ეტაპზე გადაყვანის თაობაზე, ჩაატაროს ფარული კენჭისყრა „თავის მიერ განსაზღვრული პროცედურით “.

“მიუხედავად იმისა, რომ ორგანული კანონი ავალდებულებდა საბჭოს, წინასწარ განესაზღვრა კენჭისყრის პროცედურები, რეალურად ეს ასე არ მომხდარა. ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე მოვითხოვე, დაგვედგინა კენჭისყრის შესაბამისი პროცედურები, რაზეც უმრავლესობამ მხარი არ დამიჭირა.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეუთოს (ODIHR) ანგარიშში ამ საკითხზე ნათქვამია: „სხდომის დასაწყისში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების უმრავლესობამ არ დაუჭირა მხარი არამოსამართლე წევრის მოთხოვნას, რომ საბჭოს მიეღო კანონში მითითებული პროცედურა“. პროცედურის არმიღებამ შეზღუდა პროცესის გამჭვირვალობა და სამართლებრივი სიცხადე”, – ამბობს ჯანეზაშვილი.

9. სხდომების საჯაროობის ნაკლებობა, სხდომის დროისა და დღის წესრიგების
დაგვიანებით გამოქვეყნების თვალსაზრისით

ამასთან, ნაზი ჯანეზაშვილის თქმით, იუსტიციის უმაღლესი საბჭო ვალდებულია, რომ სხდომის გამართვამდე არანაკლებ 7 დღით ადრე საბჭოს ვებგვერდზე გამოაქვეყნოს სხდომის გამართვის თარიღისა და დღის წესრიგის თაობაზე ინფორმაცია.

თუმცა, მისი თქმით, კანონის ამ მოთხოვნას იუსტიციის უმაღლესი საბჭო რეგულარულად არღვევს არა მხოლოდ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევასთან დაკავშირებით, არამედ სხვა საჯარო სხდომების დროსაც.

10. მოსამართლე წევრების მხრიდან სამოსამართლო ეთიკის სტანდარტების
დარღვევა

არამოსამართლე წევრის განცხადებით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს კანდიდატურების შერჩევის პროცესი ზოგადად დაძაბულ ფონზე მიმდინარეობდა, რამაც პიკს გასაუბრების დროს მიაღწია:

“ამ კუთხით ყურადღება უნდა გამახვილდეს იმ გარემოებაზე, რომ მოსამართლე წევრები, ფაქტობრივად, რეგულარულად არღვევდნენ სამოსამართლო ეთიკის წესებს, სამოსამართლო ქცევის ბანგალორის პრინციპებს, თუმცა დამოუკიდებელი ინსპექტორის და ამავდროულად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ ქეთევან ცინცაძის მხრიდან ამ ფაქტებზე რეაგირების შესახებ ინფორმაცია ჩემთვის ცნობილი არ არის.

ეუთოს (ODIHR) ანგარიშშიც არის საუბარი ამის შესახებ, კერძოდ, პირად შეურაცხყოფებზე, ღვარძლიან ბრალდებებზე და დამამცირებელ კომენტარებზე, რომლებიც ზოგჯერ სექსისტური იყო. ასევე ნიშანდობლივია, რომ დიმიტრი გვრიტიშვილი, სხდომის მოქმედი თავმჯდომარე, „ზოგადად არ ცდილობდა წესრიგის და ეტიკეტის უზრუნველყოფას სხდომების დროს, კონფლიქტს აძლევდა ესკალაციის საშუალებას და თავადაც მონაწილეობდა წესრიგის დარღვევაში”, – ამბობს ჯანეზაშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი