ახალი ამბები

ომბუდსმენი უზენაესის მოსამართლეთა შერჩევის წესის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს

11 ნოემბერი, 2019 • 1279
ომბუდსმენი უზენაესის მოსამართლეთა შერჩევის წესის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს

სახალხო დამცველი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს. აღნიშნულ საკითხზე სარჩელით ომბუდსმენმა საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ ნოემბერს მიმართა.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენი კანდიდატების შერჩევის წესი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ, მოქალაქის საჯარო თანამდებობის დაკავების (კონსტიტუციის 25-1), სამართლიან სასამართლოზე წვდომის უფლებებს (კონსტიტუციის 31-1 პირველი წინადადება) და დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს უზრუნველმყოფელ პრინციპს (კონსტიტუციის 31-1).

როგორც ომბუდსმენის განცხადებაში ვკითხულობთ, საკონსტიტუციო სარჩელი ეფუძნება ვენეციის კომისიისა და ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების ოფისის (ეუთო/ოდირი) დასკვნებს, ასევე, მოსამართლეთა შერჩევის პროცესის მონიტორინგის (საქართველოს სახალხო დამცველი, ეუთო/ოდირი ) შედეგად გამოვლენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

სახალხო დამცველის განცხადებით, საქართველოს პარლამენტმა გაიზიარა სახალხო დამცველის, ეუთო/ოდირისა და სხვა დაინტერესებული მხარეების მოსაზრებების ნაწილი, მაგრამ გარკვეულ საკითხებზე შეთანხმება ვერ მოხერხდა:

“ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებულად უნდა გამოვყოთ კანდიდატების შერჩევის საკითხზე გადაწყვეტილებების ფარულად და დასაბუთების გარეშე მიღება და, ასევე, მათი გასაჩივრების შესაძლებლობის არარსებობა. საქართველოს სახალხო დამცველი სპეციალურ ანგარიშში, რომელიც იუსტიციის საბჭოს მიერ მოსამართლეთა შერჩევის პროცესის დაკვირვების შედეგად მომზადდა, ყურადღებას ამახვილებს ფარულ კენჭისყრასთან დაკავშირებულ შემდეგ ხარვეზებზე.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის შერჩევის პროცესში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გარკვეული წევრები, წინასწარ შეთანხმებულ კანდიდატთა მხარდაჭერის მიზნით, მოქმედებდნენ ურთიერთშეთანხმებითა და კოორდინაციით. აღნიშნულმა დაადასტურა, რომ კანონით გათვალისწინებული კენჭისყრებისა და შეფასების ფარულობა ვერ უზრუნველყოფდა საბჭოს წევრების მიერ მოსამართლეობის კანდიდატების შეფასების სისტემისა და კრიტერიუმების საფუძველზე შერჩევას და საბჭოს წევრების ზეგავლენისაგან დაცვას”, – აცხადებს სახალხო დამცველი.

ომბუდსმენის განცხადებით, ამ პირობებში კენჭისყრების ფარულობა აბრკოლებდა პროცესზე საზოგადოებრივ ზედამხედველობას. ამასთან, სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ კეთილსინდისიერებისა და კომპეტენტურობის კრიტერიუმით შეფასებისას მინიჭებული ქულები და შეფასება არ არის დასაბუთებული:

“ამ პირობებში, ბუნებრივია, იზრდება შეფასებით, მათ შორის ქულებით მანიპულირების რისკი. შერჩევის წესი არ გამორიცხავს თვითნებობის საფრთხეს, რადგან სადავო ნორმით გათვალისწინებული ფარული კენჭისყრა არ ავალდებულებს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, კერძოდ კი ის, თუ რატომ მიანიჭა უპირატესობა ერთ კანდიდატს და უარი უთხრა მეორეს.

გასაჩივრების უფლების არარსებობით კი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს ერთმევათ შესაძლებლობა, სასამართლო წესით ამტკიცონ მათ შერჩევაზე უარის თქმის არამართლზომიერება. აღნიშნული წესი ვერ უზრუნველყოფს სამართლიან პროცესს და იმ კანდიდატებს, რომლებიც აკმაყოფილებენ კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, გაუმართლებლად უზღუდავს შესაძლებლობას, საკუთარი პროფესიული თუ სხვა პიროვნული უპირატესობების შესაბამისად იყვნენ შერჩეულნი. აღსანიშნავია, რომ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო აგრძელებს ფარული კენჭისყრით უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცესს”, – ამბობს სახალხო დამცველი.

როგორც სახალხო დამცველის აპარატში აცხადებენ, 2019 წლის 31 ოქტომბერს კვლავ ჩატარდა კენჭისყრა და 1 ვაკანტურ თანამდებობაზე 3 კანდიდატი დასახელდა.

ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ კანდიდატის შერჩევის დროს ფარულ კენჭისყრაზე კვლავ გამოვლინდა იგივე პრობლემა, რასაც ადგილი ჰქონდა 20 ვაკანსიაზე გამოცხადებული შერჩევის მიმდინარეობისას:

“კერძოდ, საბჭოს კვლავ არ განუსაზღვრავს პროცედურა, რომელიც მომდევნო ეტაპზე გადასულ 3 კანდიდატს კომპეტენტურობისა და კეთილსინდისიერების კრიტერიუმებით გამოავლენდა. შესაბამისად, შეუძლებელია იმის თქმა, რომ აღნიშნული 3 კანდიდატი დანარჩენ 12-ს კეთილსინდისიერებითა და კომპეტენტურობით ჯობდა”, – აცხადებს ომბუდსმენი.

საკონსტიტუციო სარჩელით სახალხო დამცველი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე ასევე აყენებს შუამდგომლობას საქმის საბოლოო გადაწყვეტამდე სადავო ნორმების შეჩერების თაობაზე. აქვე სახალხო დამცველი განმარტავს, რომ მართალია, იმ შემთხვევაშიც კი, თუ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო შეაჩერებს სადავო ნორმების მოქმედებას საქმის საბოლოო გადაწყვეტამდე, აღნიშნული ვერ შეაჩერებს საქართველოს პარლამენტისათვის უკვე წარდგენილი კანდიდატების განხილვისა და მათ განსაწესებლად ჩასატარებელი კენჭისყრის პროცესს. თუმცა მას ექნება გავლენა მომავალში გამოცხადებულ ვაკანსიებზე, ან უკვე წარდგენილი კანდიდატებისათვის პარლამენტის მიერ უნდობლობის გამოცხადების შემთხვევაში, იუსტიციის საბჭოს მიერ პარლამენტში წარსადგენად კანდიდატების ხელახალი შერჩევის პროცედურაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი