ახალი ამბები

ვერ ვიტყვი, რომ ეკლესიას ებრძვის – მეუფე პეტრე ბიძინა ივანიშვილზე

11 ნოემბერი, 2019 • 2064
ვერ ვიტყვი, რომ ეკლესიას ებრძვის – მეუფე პეტრე ბიძინა ივანიშვილზე

ჭყონდიდის ყოფილმა მიტროპოლიტმა პეტრე ცაავამ ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილთან ურთიერთობაზე  “მთავარ აქცენტებში” ისაუბრა. გადაცემის წამყვანი დაინტერესდა, ებრძვის თუ არა ივანიშვილი ეკლესიას.

“მე ვერ ვიტყვი, რომ ებრძვის, მაგრამ მას აქვს რიგი დაბრკოლებები. ადამიანმა, რომელმაც სამების ტაძარი ააშენა, სამების ტაძრის კურთხევაზე არ მოსულა. შეხვედრა რომ გვქონდა, ვკითხე: თქვენ იცოდით, როცა გადაწყდა კურთხევის დღე-თქო? – არა, ჩემთვის არ შეუთანხმებიათო…

ხუმრობით ვუთხარი, ჩრდილოვანი მმართველობა თქვენი ექსკლუზივი არ არის, საპატრიარქომ მოგვცა მაგალითი-თქო. ყველაფრის მაგალითს ეკლესია იძლევა. აი, რომ ვადარებ საპატრიარქოს მმართველობას და საეკლესიო ხელისუფლებას, ბევრად უფრო მძიმე ხარისხის ინტრიგები, დაბრკოლება და უკანონობაა, ვიდრე ნებისმიერი ხელისუფლების კარზე, რაც ჩვენ გვყოლია”, – განაცხადა მიტროპოლიტმა პეტრემ.

მან დადებითად შეაფასა ბიძინა ივანიშვილის როლი ქველმოქმედებაში, თუმცა ივანიშვილის მმართველობას რეგრესული უწოდა.

“მაგრამ რაც ხდება 2012 წლიდან დღემდე, რა თქმა უნდა, ეს არის რეგრესი ბოლომდე და, რა თქმა უნდა, მომხრე ვარ დეოლიგარქიზაციის, დეფეოდალიზმის, დეჩრდილოეთიზაციის”, – აღნიშნა მან.

კითხვაზე, რუსეთის გავლენის აგენტად მიგაჩნია თუ არა ივანიშვილი, რადგან დეჩრდილოეთიზაცია ახსენა, პეტრე ცაავა პასუხობს:

“ასე არ ვიტყოდი, უბრალოდ, აქ პრინციპული დამოკიდებულებაა საჭირო. მე როგორც ვიცი, თვითონ ფიქრობს ლავირებას”, – აღნიშნა მან.

ჭყონდიდის ეპარქიის ყოფილი მმართველი აცხადებს, რომ ივანიშვილი არ ყოფილა ე.წ. ციანიდის საქმის შემოქმედი.

“ციანიდის საქმის სცენარი საპატრიარქოს ეკუთვნოდა. იყო შიდა დაპირისპირება, როდესაც მეუფე იაკობი გამოვიდა და თქვა, რომ პატრიარქის წინააღდმეგ რაღაც ბრძოლაა დაწყებული და სიძეობა არ არის იმუნიტეტი. ეს იყო შიდა სკანდალი, ინტრიგები… მე ვფიქრობ, [ივანიშვილი] დაარწმუნეს, რომ იქ რაღაც ხდებოდა და ხელისუფლებამ დაუშვა დიდი შეცდომა, იფიქრა, რომ ერთჯერადად, ან თუ პატრიარქი გარდაიცვლებოდა, რაღაც კოზირი უნდა ჰქონოდა ხელისუფლებას. ეს იყო დიდი შეცდომა”, – განაცხადა მეუფე პეტრემ.

ნიკა გვარამიამ ჭყონდიდის ყოფილ მიტროპოლიტს არჩევნებში “ქართული ოცნების” სასარგებლოდ პოზიციონირება შეახსენა. პეტრე ცაავამ, თავის მხრივ, თქვა, რომ სოფლის მეურნეობის ყოფილ მინისტრ ოთარ დანელიას მარტვილის მაჟორიტარის არჩევნებში მხარი დაუჭირა როგორც პიროვნებას და არა პარტიულ აქტორს.

“დანელია ჩემთვის იყო ზეპარტიული ადამიანი, ის იყო ექს-მინისტრი, ძალიან წარმატებული მინისტრი, ჩემი აზრით. სოფლის მეორნეობის  საკითხებში ხშირად ვიკვეთებოდით. როდესაც ის გადადგა მინისტრობიდან და კენჭი იყარა მარტვილში, რა თქმა უნდა, მე ვიყავი მომხრე. არჩევნები ცოდვა-მადლის გარჩევის სასწორია… ხე ნაყოფით შეიცნობა. აი, აბაშაში ძალიან წარმატებული, პროგრესული ახალგაზრდა კაცი აირჩიეს და აბაშა ისეთივე წარმატებულია, როგორც სიღნაღი წინა ხელისუფლების დროს. მარტვილში ისევ კვირიკაშვილმა შეუშალა ხელი უსინდისოდ, მე დამსაჯა და ადგილობრივ მმართველობაში დატოვა ისეთი ადამიანი, რომელიც სირცხვილი იყო მარტვილის რეალობაში”, – განაცხადა პეტრე ცაავამ.

ზუგდიდის მერის არჩევნების წინ ბიძინა ივანიშვილის სამეგრელოში ჩასვლასთან დაკავშირებით, სადაც ის ჭყონდიდის მიტროპოლიტსაც შეხვდა, პეტრე ცაავა ამბობს, რომ სანდრა რულოვსის წინააღმდეგ სპეკულაციისთვის მისი ფაქტორის გამოყენება არ მომხდარა.

“ზუგდიდი არ იყო ჩემი ეპარქია. არჩევნებზე არ გვისაუბრია. მარტვილში სტუმრობა არანაირ კავშირში არ არის ამასთან… მანამდეც შევხვდით და ეს იყო მორიგი ვიზიტი. მე თვითონ მოვიწვიე, რომ ეპარქია ენახა… მისი ინიციატივა იყო და მე შევხვდი.  ზოგადად მიმდინარე პროცესებზე ვისაუბრეთ. ციანიდის საქმეზე  მან თქვა, როგორც ვიცი, საპატრიარქო იშუამდგომლებს პრეზიდენტთან და გადაწყვეტილია, რომ მამაოს გამოუშვებენო. ერთი, რაც ვთხოვე და რასაც შემპირდა: მივეცი ახლად გამოცემული წიგნის “დავით აღმაშენებელი მახვილი მესიისა” რამდენიმე ეგზემპლარი და ვთხოვე, რომ წაეკითხა კარგად და მთავრობის წევრებისთვის დაერიგებინა. აქეთ შევიპირე, რომ ზვიად გამსახურდიას მკვლელებს დაასახელებდა”, – განაცხადა პეტრე ცაავამ.

ჭყონდიდის ყოფილმა მიტროპოლიტმა ივანიშვილისადმი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დამოკიდებულებაზეც ისაუბრა. პეტრე ცაავას თქმით, პატრიარქის გულწრფელობაში ეჭვი ეპარება და არ იცის, რას ფიქრობს სინამდვილეში, თუმცა წლების წინ ილია მეორე ივანიშვილის ხელისუფლებაში შესაძლო მოსვლას პოზიტიურ მოვლენად არ მიიჩნევდა და ამის მიზეზი სამების მშენებლობის დროს თანხების გაფლაგვის დავა იყო.

“პატრიაქს წლების წინ  მიაჩნდა, რომ ხელისუფლებაში მისი მოსვლა არ იქნებოდა პოზიტიური. თავისებურებებს ახსენებდა სამებასთან მიმართებაში, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, სამებასთან დაკავშირებით სიმართლე ივანიშვილის მხარესაა.  ჩამოსული არ იყო ოქრო, რომ გზაში დაიკარგა. ცხონებულმა ბიზნესმენმა მამუკა ჯინჭარაძემ გადაიხადა ეს თანხა. ოქროსთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არის საპარტიაქროსთან მიმართებაში”, – განაცხადა მეუფე პეტრე ცაავამ.

ბიძინა ივანიშვილი სამეგრელოში მიტროპოლიტ პეტრესაც შეხვდა

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი