ახალი ამბები

ბიძინა ივანიშვილი სამეგრელოში მიტროპოლიტ პეტრესაც შეხვდა

2 აპრილი, 2019 • 2367
ბიძინა ივანიშვილი სამეგრელოში მიტროპოლიტ პეტრესაც შეხვდა

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი სამეგრელოში ჭყონდიდის მიტროპოლიტ პეტრესაც შეხვდა.

ამ შეხვედრის შესახებ მეუფე პეტრემ 2 აპრილს ტვ “პირველის” გადაცემა რეაქციაში ისაუბრა.

“მე შემატყობინეს, რომ ბატონ ბიძინას უნდა, მოილოცოს ჭყონდიდის ტაძარი. სტუმარი არის ღვთისგან და ვალდებული ვართ ასე მივიღოთ”, – განაცხადა მიტროპოლიტმა.

მისი თქმით, ივანიშვილი მას შეხვდა ხიბულაში ვიზიტის შემდეგ, 29 მარტს.

მეუფე პეტრეს თქმით, მათ დავით აღმაშენებლის, ზვიად გამსახურდიას და 90 -იანი წლების შესახებ ისაუბრეს და შეხვედრისას არ შეხებიან მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებს.

მიტროპოლიტმა ხაზი გაუსვა ზვიად გამსახურდიას სიკვდილის გამოძიების მნიშვნელობას, ხოლო ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას  კითხვაზე, მოახდენს თუ არა დაგეგმილ არჩევნებზე გავლენას ბიძინა ივანიშვილის ვიზიტი ხიბულაში და დაპირებები გამოძიებაზე, უპასუხა, რომ არ იცის.

მიტროპოლიტ პეტრეს თქმით, ბიძინა ივანიშვილტან შეხვედრის დროს ასევე ისაუბრეს პატიმრობაში მყოფ დეკანოზ მამალაძეზე, თუმცა გადაცემა “რეაქციაში” მან შეხვედრის დეტალებზე არ ისაუბრა.


29 მარტს “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი სამეგრელოს იმ სოფელში ჩავიდა, სადაც საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა სიცოცხლის ბოლო დღეები გატაარა. ივანიშვილმა განაცხადა, რომ “ქვეყნის სირცხვილია, როცა ამ დრომდე ვერ ხდება გამსახურდიას გარდაცვალების მიზეზების დადგენა”.  იმავე დღეს ივანიშვილი  ზუგდიდში ღვთისმშობლის ტაძრის მშენებლობის პროცესს გაეცნო და სასულიერო პირებთან საუბრისას მზაობა გამოთქვა, ტაძრის მშენებლობის პროცესში მონაწილეობა მიიღოს:

“1 მილიონი ვთქვი, მაგრამ არ შევჩერდები. ულამაზესი ტაძარია. ამაში მონაწილეობას სიამაყითაც მივიღებ”, – მიმართა მან სასულიერო პირს.


ივანიშვილის სამეგრელოში ვიზიტი და განცხადებები ზვიად გამსახურდიას საქმის გამოძიებაზე შეაფასეს წინასაარჩევნო კამპანიად, რადგანაც ზუგდიდში დადეგმილია მერის არჩევნები, რომელშიც ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი სანდრა რულოვსია.

მასალების გადაბეჭდვის წესი