ახალი ამბები

შეიძლება დარბაზში დავიძახო “ამას, რას უყურებთ, ხალხო!” და ასეთი შეძახილებით გავაჩერო” – ფალავანდიშვილი

9 ნოემბერი, 2019 • 1498
შეიძლება დარბაზში დავიძახო “ამას, რას უყურებთ, ხალხო!” და ასეთი შეძახილებით გავაჩერო” – ფალავანდიშვილი

კინოთეატრ “ამირანთან”, სადაც ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” ჩვენება იწყება, “მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის” წარმომადგენლები და გურამ ფალავანდიშვილი არიან შეკრებილი და სასულიერო პირები პარაკლისს აღავლენენ.

ულტრანაციონალიტური, ჰომოფობიური აქციის მონაწილეები “ამირანის” მოპირდაპირე მხარეს არიან შეკრებილი და გზის სავალი ნაწილისგან მათ პოლიციის კორდონი ჰყოფს. ასევე, პოლიციის კორდონი იცავს კინოთეატრ “ამირანს”. კოსტავას ქუჩაზე ავტომობილების მოძრაობა შეჩერებული არ არის.

გურამ ფალავანდიშვილის თქმით, ისინი კინოთეატრის შენობაში ძალადობრივად შეჭრას არ შეეცდებიან, თუმცა თუ პოლიცია წავა, დარბაზში შევლენ და ჩვენებას ჩაშლიან.

“გუშინ იყო გადაცდომები, ცუდია რაც მოხდა. კიდევ შეიძლება მოხდეს, ამიტომ, ჩვენ მომხრეებისთვის “ფეისბუქით” აღარ მოგვიწოდებია, რომ მოდით და შევიდეთ კონოთეატრში. ჩვენ ჯოხების გარეშე იქ ვერ შევალთ, ხელებაწეულად კი ეს არ გამოდის. თუ შევალთ, პროვოკატორები რას გააკეთებენ, არ ვიცით. ამიტომ, უბრალოდ მშვიდობიანად ვიდგებით. თუ ეს პოლიცია აქედან წავა, ჩვენ მაშინ შევალთ, ჩავშლით ჩვენებას, ოღონდ, უკვე გაწევ-გამოწევა აღარ იქნება. უბრალოდ, დარბაზში შუქს ავანთებთ. ასევე, შეიძლება შუქი არ ავანთო, მაგრამ დავიძახო: “ამას, რას უყურებთ, ხალხო!” და ასეთი შეძახილებით გავაჩერო”,- განაცხადა გურამ ფალავანდიშვილმა.


8 ნოემბერს ფილმ “და ჩვენ ვიცეკვებთ” პრემიერასთან დაკავშირებით თბილისში სხვადასხვა ადგილას და ბათუმში აქციები გაიმართა. ყველაზე დაძაბული ვითარება კინოთეატრ “ამირანთან” იყო, სადაც ჰომოფობიური, ულტრანაციონალისტური ჯგუფების წევრებმა პოლიციის კორდონის გარღვევა სცადეს. მათ სურდათ ფილმის ჩვენების ჩაშლა. 8 ნოემბერს გამართული აქციების დროს 10-ზე მეტ ადამიანს გაეწია სამედიცინო დახმარება, აქედან ერთს – სამოქალაქო აქტივისტ ანა სუბელიანს დასჭირდა საავადმყოფოში გადაყვანა. ოფიციალური მონაცემებით, თბილისსა და ბათუმში, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობსი და ხულიგნობის მუხლებით სულ დაკავებულია 27 პირი, მათ შორის 24 – თბილისში, 3 – ბათუმში. ლევან ვასაძე აქციებსა და სეანსების ჩაშლის მცდელობებს დღესაც აანონსებს.

“და ჩვენ ვიცეკვეთ“ არის შვედეთში მოღვაწე რეჟისორის, ლევან აკინის ქართულ/შვედური წარმოების ქვიარ თემატიკაზე შექმნილი დრამა, რომლის პრემიერაც კანის კინოფესტივალზე გაიმართა, „რეჟისორის ორკვირეულის“ სექციაში. ფილმი ერთ-ერთი იყო მათ შორის, რომელიც ყველაზე დადებითად შეაფასეს მთელ ფესტივალზე. აღნიშნული ნამუშევარი შვედეთმა წელს ოსკარზეც გაგზავნა.

მასალების გადაბეჭდვის წესი