ახალი ამბები

თამარ ხულორდავა პოლიციას – მეტი მოგეთხოვებათ, ფილმის ჩვენება უნდა შედგეს

8 ნოემბერი, 2019 • 1871
თამარ ხულორდავა პოლიციას – მეტი მოგეთხოვებათ, ფილმის ჩვენება უნდა შედგეს

საქართველოს პარლამენტის წევრი, თამარ ხულორდავა საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე ლევან აკინის ფილმის შესახებ პოსტს აქვეყნებს და  წერს, რომ „არავის აქვს უფლება, თავისი წესები მოახვიოს თავს საზოგადოებას“.

„ვისაც არ მოსწონს, ნუ ნახავს ფილმს. შეიკრიბონ და გამოხატონ თავიანთი აზრი. მაგრამ არავის აქვს უფლება, მე ან სხვა თანამოქალაქეს შეგვიშალოს ხელი ფილმის ნახვაში, მით უფრო, დაგვემუქროს და მორალი წაგვიკითხოს. არ შეგვეფერება ეს საქციელი. უამრავი ფილმი გადის კინოთეატრებში, სადაც შესაძლოა ბევრი რამ არ მოგვწონდეს. უამრავი წიგნია, მათ შორის ქართულ ენაზე, რომლის გმირები შეგვიძლია მოგვწონდეს ან არ მოგვწონდეს და ამაში არაფერია ცუდი. მაგრამ რაღაც მორალური მოსაზრებებით წიგნის, ფილმის თუ სხვა შემოქმედების აკრძალვა უბრალოდ სიბეცეა“, –  წერს „ქართული ოცნების“ დეპუტატი ფეისბუქზე გამოქვეყნებულ პოსტში.

დეპუტატი აცხადებს, რომ ფილმის ჩვენება აუცილებლად უნდა შედგეს და შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ამას ხელი ვერავინ შეუშალოს.

„რაც შეეხება პოლიციას, ამ საკითხზე გაკეთებულ ერთ-ერთ განცხადებაში წავიკითხე, წესრიგს დავიცავთ და დაპირისპირებას თავიდან ავიცილებთო. კი ბატონო, მაგრამ მეტი მოგეთხოვებათ. ფილმის ჩვენება უნდა შედგეს. თუ ერთი ჯგუფი მეორეზე ძალადობს ან ძალადობით იმუქრება, ეს უკვე აღარ არის ორი დაპირისპირებული, თითქოსდა თანაბარი უფლების მქონე ჯგუფის ინტერესების დაბალანსების საკითხი. პირდაპირ უნდა ითქვას, რომ კანონის დარღვევას, წესრიგის დარღვევას და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას მოჰყვება შესაბამისი შედეგები“ ,- წერს ხულორდავა.

მისივე შეფასებით, სრულიად შეუფერებელია საქართველოს ისტორიასთან, კულტურასთან, მენტალობასთან ის აჟიოტაჟი, რაც ფილმის ჩვენების გარშემო ატყდა.

„მჯერა, რომ პროგრესული ქვეყანა ვართ, უდიდესი კულტურით, რომელიც სწორედ ადამიანს მიიჩნევს მთავარ ღირებულებად. ადამიანი სრულფასოვანია მხოლოდ მაშინ, როცა დაცულია მისი ღირსება, ინდივიდუალობა და მისი უფლება იყოს ის, ვინც არის“, –   წერს ხულორდავა.

მასალების გადაბეჭდვის წესი