ახალი ამბებიკინო

ფილმები, რომლის საჯარო ჩვენებასაც საქართველოში ერჩოდნენ [ვიდეო]

8 ნოემბერი, 2019 • 3541
ფილმები, რომლის საჯარო ჩვენებასაც საქართველოში ერჩოდნენ [ვიდეო]

ულტრანაციონალისტური ჯგუფები რეჟისორ ლევან აკინის ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” კინოჩვენებების ჩაშლით იმუქრებიან, თუმცა ეს არ არის პირველი ფილმი, რომლის საჯარო ჩვენებასაც საქართველოში ერჩოდნენ. კინომცოდნე თეო ხატიაშვილი ნეტგაზეთთან ამ ამბებს იხსენებს:

“ერთ-ერთი პირველი ფილმი, რომელიც სხვადასხვა ჯგუფებმა გააპროტესტეს, იყო ნაგის ოსიმას “გრძნობათა იმპერია”, თუმცა პროტესტის ეს გამოხატულება განსხვავდებოდა გამოხატვის ახლანდელი ფორმისგან”, – იხსენებს კინომცოდნე თეო ხატიაშვილი. მისი თქმით, მთავარი, რაც 1990 წლის თებერვალში თბილისში ნაჩვენებ ფილმს განასხვავებს ლევან აკინის გეი დრამის მიმართ გამოხატული პროტესტისგან, არის ფილმის ჩაშლის აგრესიული მცდელობა:

“ოსიმას ფილმზე ხალხი დემონსტრაციულად დგებოდა და ტოვებდა დარბაზს, მაგრამ ეს სეანსი არ დამთავრებულა კინოჩვენების ჩაშლის მცდელობით”, – ამბობს ხატიაშვილი.

კინომცოდნის თქმით, პოტენციურ მაყურებელში პროტესტის გამოხატვის აგრესიული ფორმა ნაციონალისტური და რელიგიური ჯგუფების შერწყმის შემდეგ წარმოიქმნა. ამის მაგალითად კი ხატიაშვილი 2006 წელს გამოსულ ფილმს “და ვინჩის კოდი” ასახელებს. ფილმის ჩვენებას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირები და მრევლი აპროტესტებდა.

ასევე აურზაური მოჰყვა რეჟისორ გასპარ ნოეს მიერ 2015 წელს გადაღებულ ფილმს “სიყვარული”. ფილმი საქართველოში პორნოგრაფიად მიიჩნიეს და შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმეც კი აღძრა მასზე, როგორც პორნოგრაფიულ პროდუქტზე.

ნახეთ ვიდეო:

მასალების გადაბეჭდვის წესი